შეურაცხმყოფელი სილამაზე – ნანატრი შეხვედრა დედოფალთან
თარიღების დამახსოვრება ჩემი ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა. თუმცა, 2015 წლის 26 ნოემბერი განსაკუთრებული და გამორჩეულია. სრულიად შემთხვევით იუთუბზე ვნახე 21 წამიანი ვიდეო, ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე, რომელმაც ჩემ ყოველდღიურობაში დიიიდი ფორიაქი შემოიტანა.
ყელიწადის ტბაზე ინფორმაცია არც თუ ისე ადვილად მოსაპოვებელი იყო, ინტერნეტში მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, ფართობი და სიღრმე ვიპოვე. გადავწყვიტე, კარგად დავფიქრებულიყავი, ვისთვის მიმემართა, ამიტომ თუკი ვინმე მუხლმაგარი მეგულებოდა, ყველას დავუკავშირდი.
ჩემი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა – ბევრმა სახელიც კი არ იცოდა. ზოგს ყელის ტბაში ერეოდა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. მოკლედ, ისღა დამრჩენოდა ჩემ ფანტაზიას მივნდობოდი. ხელი არ ჩამიქნევია, მჯეროდა, ოდესმე მაინც დავადგამდი ფეხს სანატრელ ადგილას.
ყოველ ღამე მესიზმრებოდა. ჩემი წარმოდგენით, გზა, რომელსაც ტბამდე მივყავდი იყო დაუძლეველი, ველური, ხელშეუხებელი, ფეხდაუდგამი, ისეთი, როგორიც ოკეანის უფსკრული, ან ისეთი, როგორიც ანაპურნას დაუპყრობელი ჩრდილოეთ მწვერვალი. მესიზმრებოდა, როგორ უვლიდნენ შვილს შერხოტა და ხორისარი. მესიზმრებოდა, როგორ თენდებოდა ტბაზე, მზის სხივებს რომ დაინახავდა, როგორ იცვლიდა ფერს…მოკლედ, ჩემი ფანტაზია უსაზღვრო აღმოჩნდა.
ამასობაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ტბაზე იყვნენ ნამყოფი. გავიარე მათთან ყველა ნაბიჯი, დეტალურად აღმიწერეს რა, სად და როგორ უნდა მექნა. თუმცა ყველა ერთხმად და ერთმანეთზე უფრო მძაფრად მაფრთხილებდა, რომ გზა არის ძალიან, ძალიან რთული, რომ კარგად უნდა ვიყო ფიზიკურად მომზადებული, რომ ჩემი თავის რწმენა უნდა მქონდეს და მე ყველაფერს შევძლებდი.
დავგეგმეთ. დავთქვით თარიღი. იმ ღამეს საერთოდ არ მიძინია.
წავედით. ამაზე ბედნიერი, ალბათ, არასდროს ვყოფილვარ. დავადექით ბილიკს. ნელ – ნელა ვწევდით სიმაღლეს. დაუსრულებელი ციცაბო აღმართი, თაკარა მზე, მძიმე ჩანთა და იდეალური შემართება.
გზად შეგვხვდა მწყემსი. გაგვამხნევა. წყალი არ არის საბანაკეზე, მაგისთვის მივდივარ, თქვენთვისაც წამოვიღებო. თოფიც მჭირდება, წუხელ დათვმა 2 ცხვარ გამიფუჭაო. ამის მოსმენა ყველასთვის მოულოდნელი იყო, დაგვამუნჯა. ფეხებში გამაჟრიალა, თუმცა უკან დახევის არც დრო იყო და არც სურვილი. გზადაგზა ვამხნევებდით ერთმანეთს და მწყემსის თოფის იმედი გვქონდა.
ავიარეთ ერთი აღმართი, ორი, სამი, ოთხი… არ დამთავრდა. მოტივაცია არ გამნელებია. ნელ -ნელა ჩემი სიზმრები ცხადაში ხდებოდა.
როგორც იქნა ავედით, იდეალურად მოსწორებული ფერდობი, მწვანე, ხასხასა, მზიანი, რომელსაც თავზე მოქუფრული ხორისარი დასცქეროდა შეგვეგება
ხორისართან შეხვედრისთანავე ვიგრძენი სად იწყება ჩემი საყლაპავი მილი და სად მთავრდება, მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ პირი ღია მქონდა. ასეთი რამ ჩემს სიზმრებში არ ხდებოდა. ეს დაუჯერებელი და წარმოუდგენელი სურათი იყო. ვიგრძენი, ჩემი ყველა უჯრედი, რისგანაც სხეული შედგება ამ ყველაფრის ნაწილია, ვიგრძენი რა ძალიან პატარები და უუნაროები ვართ ადამიანები ბუნების სიდიადის ფონზე.
გამოვფხიზლდი როგორც იქნა, გამოვედი ემოციებიდან, გავშალეთ კარვები, წავიხემსეთ და ერთმანეთს მივულოცეთ მიზანთან სიახლოვე.
მზე ნელ – ნელა ჩადიოდა. ხორისარმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დავემუნჯებინეთ და საოცარი დაისი გვანახა
დაღამდა. ძილის დროსთან ერთად დათვთან შეხვედრის დროც მოვიდა. ყველა ვნერვიულობდით, მაგრამ არავინ ვიმჩნევდით და ვამხნევებდით ერთმანეთს.
ღამის 3 საათი იყო, ტელეფონს რომ დავხედე. ვერ ვიძინებდი, საკუთარი გულისცემა ისე მტკენდა სხეულს, სუნთქვა ისე მწვავდა, რომ ვერაფრით შევძელი მოდუნება. დათვს ველოდებოდი. რამდენიმე წამით შეწყდა ყველანაირი ხმა. უცებ ატყდა ჩოჩქოლი, ცხვრების ბღავილი, მწყემსის სტვენა და მალევე გასროლა… სროლის შემდეგ ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა, მეგონა არასდროს, არსად არაფერს გაუვლია აქ. მხოლოდ ჩემი სისხლის მოძრაობის ხმა მესმოდა, რომელიც თავიდან ფეხებამდე ელვის სისწრაფით დაქროდა. ამასობაში ოდნავ გათენდა და სინათლემ ცოტა დამამშვიდა. მკვდარივით ჩამეძინა
მზის სითბომ გამაღვიძა, საოცარი დილა იყო, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარა, თითქოს არც არასდროს არაფერი მომხდარა. ალბათ, ასეა მთაში – დღე ძალიან ბედნიერი, ღამე – ძალიან საშიში. ოღონდ, ეს ყველაფერი ისე კონტრასტულად ცვლის ერთმანეთს, რომ დღისით ვერ წარმოიდგენ უკუნეთი ღამის სივერაგეს და ღამით ვერც იფიქრებ, მზე თუ ასე გაგინელებს შიშისგან ადუღებულ სისხლს. კარვიდან გამოვედით, ჰაერი კარგად ჩავისუნთქეთ, ერთმანეთს ახალი დღის დაწყება მივულოცეთ. დილის მადლი ჩემთვის ყოველთვის ყავასთან ასოცირდება, ჰოდა მთაში ყავას სულ სხვა გემო აქვს. სრული ნეტარებისთვის ყავას დაემატა ხევის დედოფლის, ქალბატონი მყინვარწვერის სრულიად სხვა ხედი. როგორც ყოველთვის, ოდნავ შემოხვეული ღრუბლებით გვედგა თავზე და მშვიდობიანი დილა გვისურვა.
გავუდექით გზას, რომელსაც მივყავდით ყელიწადის ტბისკენ. ნელ-ნელა სიმაღლეზე ასვლას ვიწყებდით. მალება დაიწყო უამრავი, უზარმაზარი, ერთმანეთში მჭიდროდ ჩასმული ვულკანური ქვების აღმართი. ისინი რამდენიმე ათეული მილიონი წელია ერთმანეთზე ჩახუტებულები არიან.
რელიეფი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდი. მძიმე ჩანთით ლოდებზე ხტომა წონასწორობას გვაკარგვინებდა. ავიარეთ რამდენიმე აღმართი. გვგონია დამთავრდა და ახლა დაშვებას დავიწყებთ, მაგრამ არა. ვატყობ, რომ ძალა მეცლება. გადავედით როგორც იქნა. ახლა ჩვენს წინ დგას ნაცრისფერი ნაშალი ქვის კლდე. სანახავად ძალიან საზარელი იყო. რომ გავიფიქრე, ამაზე გადასვლა მოგვიწევდა, გული შემეკუმშა. გზა მარჯვნივ მიდიოდა, ისევ ლოდებით სავსე და უსასრულოდ გრძელდებოდა..
ავდივართ დაუსრულებლად, უღელტეხილზე ვიყავით, უცებ ნისლი ჩამოწვა და საერთოდ არაფერი ჩანდა, ცოტა ხანში წვიმაც წამოვიდა. ვსველდებოდით, უფრო ართულებდა სისველე რელიეფს, გუნდს ჩამოვრჩით. ცოტა მანძილის გავლის შემდეგ დაიწყო შედარებით წვრილი, მოწითალო ფერის ქვები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არ იყო და ფეხის დაგმასთან ერთად უსასრულობაში იკარგებოდა.
ნისლი ოდნავ გაიფანტა და გზაც შედარებით გაგვიმარტივდა. ავუყევით ბოლომდე გზას. მივადექით კიდეს, საიდანაც დაღმართი იწყებოდა. პირველი სასტიკი ემოცია ყელიწადისა – არც ისე შორს მთებში ჩაწოლილი, თავზე ღრუბელგადაფარებული გველოდება. ეს იყო სანახაობა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერაფერი გაგრძნობინებთ. ძალიან დაღლილებს, სველებს, გაყინულებს ყველაფერი დაგვავიწყდა. პატარა ბავშვებივით ვყაყანებდით და ხელს ვიშვერდით ტბისკენ.
აღმართი რთულია, მაგრამ დაღმართი არის სიკვდილის ტოლფასი. ქვები, ქვები და ქვები.აქ უკვე შერეულად – ზოგან ნაშალი,ზოგან წვრილი, ზოგან მჭიდროდ ჩამჯდარი. მცივა. ჩანთა მამძიმებს, მუხლი მტკივა, ვატყობ, რომ ჩემი ფეხები ვერ რეაგირებენ დროზე, რეფლექსი მომეშალა, მოძრაობა შემინელდა. მარტო ვარ. ჩემი ხმა არავის ესმის, არც მაქვს ძალა მამაღლა დავუძახო ვინმეს. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. გავხედე ტბას…ღრუბელი აღარ ქონდა თავზე და ულამაზესი იყო, ფირუზისფერი. მე მაინც მოვალ შენთან – მეთქი, ვუთხარი და ძალები სრულიად მოვიკრიბე. დავეშვი მხნედ ვარ. გავხედავ ტბას – ავივსები, ვეშვები.
როგორციქნა ცოტა ჩამოვედი. ჩანთა გზაში მოვიხსენი,არავისთვის ხმა არ გამიცია და ეგრევე ძირს დავწექი. ბიჭებმა ანაკომის სუპი დამახვედრეს. ასე გემრიელად, დამიჯერეთ, მაღალი კლასის ვერც ერთ რესტორანში ვერ შევჭამდი.წინ კიდე დიდი გზა გვქონდა ტბაბმდე…
მზის ჩასვლამდე მივედით ტბასთან.
რამდენიმე წამში დამავიწყდა დაღლა, ფეხების ტკივილი, ზურგის დაბჟება, შიმშილი, სისველე… მე ვიყავი ყელიწადის ტბის პირას. მე ვხედავდი როგორ ლივლივებდა, მე მესმოდა მისი ხმა, მე მის ჰაერს ვსუნთქავდი. მე ოცნება ავიხდინე, მე სიზმრები რეალობად ვაქციე, მე ბედნიერი ვიყავი, მე ეს შევძელი. სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა, თავს ვერ ვიკავებდი.
მზიანი დილა გაგვითენდა.
არავის გვჯეროდა, რომ ზღვის დონიდან 3089 მეტრზე ვისხედით, მზეს ვეფიცხებოდით და ყავას მივირთმევდით
ავშალეთ კარვები. წინ დიდი გზა გვქონდა. ჯიპიესისთვის არ ჩაგვიხედავს, ისე დავადექით გზას. ხეობა აგვერია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოვჩნდით
112 ში უშედეგოდ ვრეკავდით. ღამდებოდა. საზარელ კლდეზე მოგვიწია ცოცვა, დაღამებამდე უნდა ჩავსულიყავით, თან მალ-მალე დათვის ნაკვალები გვხვდებოდა, რომელმაც ახლახან გაიარა. დაღქმულ დროს ვერ ჩამოვედით სოფელ კეტრისში. გზააბნეულებმა 1 ღამე სადღაც შემაღლებულ ფერდობზე გავატარეთ და დაღლილებს, ფორთხვისგან ძალაგამოცლილებს მალე ჩაგვეძინა.
მეორე დღეს დილითვე დავეშვით ხეობისკენ და როგორც იქნა გავედით სამშვიდობოს. იქ დაგვხვდნენ მაშველები, ახლობლები, მეგობრები, ყველა გადარჩენას გვილოცავდა.
ჩვენ კი გადატენილი ემოციებით დავბრუნდით. ემოციებით, რომლებსაც სხვაგან ვერ ავიღებდით, ემოციებით, რომელიც თუ ვერ გამოხატე, დაგახრჩობს და გაგანადგურებს. ჩვენ ეს შევძელით, ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.