მთელი პირველი კურსი მოუთმენლად ველოდებოდი საველეზე წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე კარავი თვალითაც არ მქონდა ნანახი, მაინც რაღაცნაირად მიზიდავდა ბუნებაში, ღია ცის ქვეშ 10 დღის გატარების იდეა. სემესტრის ბოლოს ინსტურქცია მოგვწერეს, როგორ უნდა აგვერჩია ლოკაცია, შეიძლებოდა თუ არა ნაკადების ერთმანეთში გაცვლა… საქმე ისაა, რომ აუცილებლად პირველ ნაკადში უნდა წავსულიყავი, მეორე და მესამე ნაკადის თარიღები არანაირად არ მაწყობდა, იმ დროს საზღვარგარეთ ვიქნებოდი. ერთ მშვენიერ დღესაც ყვითელ ყუთთან აღმოვჩნდი, მასში ჩაუხედავად უნდა ამომეღო რომელიმე ფურცელი, სადაც ლოკაცია და ნაკადი უნდა ყოფილიყო მითითებული, მიუხედავად დიდი იმედისა პირველი ნაკადის არც ერთი ლოკაცია არ შემხვდა, ომალო 2 შემრჩა ხელში, თან ომალოს დანახვა მიხაროდა და გვერდით მიწერილი ორიანი ომალოს დანახვით გამოწვეულ სიხარულს აბათილებდა, თუმცა, საბედნიეროდ, ერთმა ჩემმა კურსელმა მალევე გამიცვალა ჩემი ომალო 2 ომალო 1-ში და იმ დღის შემდეგ ჩემი ერთადერთი სადარდებელი უზარაზარი ჩანთის ჩალაგება იყო.
როგორც იქნა 14 ივლისიც დადგა, ჩანთა შვიდასჯერ ამოვალაგე და თავიდან ჩავალაგე, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ რაღაც ყველაზე მნიშვნელოვანი მრჩებოდა, ეს განცდა 15 ივლისსაც მქონდა, იქამდე სანამ, კამპუსის წინ მომლოდინე ჩემმა კურსელმა საჭმლის პარკი არ დამანახა, ამ დროს საშინელი რაღაც ვიგრძენი, ფაქტობრივად მინი გულის შეტევა მომგვარა იმის გაანალიზებამ, რომ საჭმლის პარკი დამრჩენია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ყოვლისშემძლე დედაჩემმა მალევე მომიტანა სანატრელი საჭმელი და ომალოსკენაც დავიძარით.
პოზიტიური განწყობა თითქმის მთელი მგზავრობის განმავლობაში მომყვებოდა, უფრო სწორად იქამდე, სანამ თუშეთში, რეინჯერების „საპირფარეშოში“, უფრო ზუსტად, ბუზებისა და ხვლიკების ორმოსთან არ აღმოვჩნდი, აი აქ შევეჩეხე საველეს ყველაზე დიდ პრობლემას, მეორე მინი გულის შეტევა გიგანტური ბუზებისა და ხვლიკების გარემოცვაში გადავიტანე, თუმცა, საბოლოოდ ეს დაძაბული მომენტიც გადავლახე და უკვე საკუთარ ბედს შეგუებული მშვიდად განვაგრძე მგზავრობა.
პირველი ადამიანი, ვინც თუშეთში გავიცანით გიგა-გიგი-გოგი-გაგა… ( დღემდე არავინ იცის მისი სახელი, გ-ზე დაწყებულ ნებისმიერ სახელზე გამოგხედავდა) იყო, გიგა-გიგი-გოგი-გაგა… მისი თქმით თუშეთში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, და ჩვენც რამე თუ დაგვჭირდებოდა, პირველ რიგში მისთვის უნდა მიგვემართა (მერე რა, რომ გიგა-გიგი-გოგი-გაგა ჯერ თუშეთში არც ერთ პოზიციაზე დანიშნული არ იყო).
ისიც აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ თუშეთის საშიშ გზაზე მოგზაურობისას თითქმის ჩვენს არც ერთ მძღოლს არ გაუმაზავს ლუდის დალევის შანსი, თუშმა მძღოლებმა მგზავრობისთანავე გამოავლინეს თავიანთი სტუმართმოყვარეობა და სასმელი ჩვენც გვიყიდეს, უცებ მგზავრობით გამოწვეული ყველანაირი შიში და სხვა არაკომფორტული შეგრძნება გაქრა.
საველეს შესახებ ასეთი მითები დადიოდა, რომ თითქოს პირველი დღე ყოველთვის საუკეთესო იყო, შემდეგ პოზიტიური განწყობა, შემართება, გართობა ნელ-ნელა იკლებდა და უკვე ბოლოსკენ, ერთმანეთით დაღლილი სტუდენტები თბილისში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. მაგრამ ჩვენთან ყველაფერი პირიქით მოხდა. ბანაკის პირველივე დღე ცუდი ამბით დაიწყო, პირველი დღის უწყლობამ და უპურობამ მალევე შეგვაჩვია სკუმბრიებისა და უმი ანაკომების ჭამას. დამღლელმა გზამ, შიმშილმა და წყურვილმა ყველანაირი ხალისი წაგვართვა და გათენებისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მოსურნე ხალხი 12-1 საათზე დაგვშალა ( ამ დროს ჯერ არ ვიცოდით რას ნიშნავდა ღამე, სიცივეში თუშეთში დაძინება).
მეორე დღეს გაგვიმართლა და შევძელით ნამდვილი თუში კაცების გაცნობა, ჯერ სამუშაო არ იყო ბევრი, ამიტომ კოორდინატორმა კესელოს ციხის სანახავად გაგვიშვა, გზაში თუშებს ვკითხეთ რამდენად ახლოს იყო ციხე და პასუხად 1-2 კილომეტრო იქნებაო – მივიღეთ. რამდენიმე დღეში საფუძვლიანად შევისწავლეთ თუშების მეტყველება, ისიც გავიგეთ, რომ კილომეტრო თბილისურ კილომეტრს ბევრად აღემატებოდა, ამაზე მოწმობს ისიც, რომ მეორე დღეს 14 კილომეტრი ვიარეთ (1კილომეტრო დაახლოებით 7 კილომეტრს ნიშნავს).
როგორც უკვე ვთქვი, დღითიდღე ყველაფერი უკეთესი ხდებოდა, ამას მოწმობს ისიც, რომ მეორე დღეს უკვე ყველანი ცეცხლის გარშემო ვისხედით და კესელოს ციხეზე ასვლისას გადამხდარ ამბებს ვიხსენებდით.
ნამდვილი საველე ალბათ მესამე დღიდან დაიწყო, როცა დილით კოორდინატორის თანაშემწემ და კიდევ ერთმა სტუდენტმა რკინის ჯამზე კოვზის რტყმით და „გამოდით მაქედან“-ის ყვირილით გაგვაღვიძეს, სამუშაოდ უნდა წავსულიყავით, რეინჯერები გვგზავნიდნენ Guest house-ის მშენებლობაზე მუშებს უნდა დავხმარებოდით, როგორც რეინჯერმა გვითხრა ხუთი წუთის გზა იყო მშენებლობამდე, ამ დროს მივხვდით, რომ თუშებს არა მარტო მანძილის, არამედ დროის განსხვავებული აღქმაც ჰქონდათ, ჩვენი ბანაკიდან დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ პოტენციურ სასტუმროს მივადექით. ძირითადად საჭმლის გაკეთება, შეღებვა, რაღაცეების ზიდვა და ნაგვის გადაყრა გვევალებოდა, დავალებებს ძირითადად პაატა გვაძლევდა (რადგან პაატას გვარი არ მახსოვს, შევეცდები გარეგნულად მაინც აღვწერო ზუსტად), პაატა დაბალი, იდეალურად მრგვალი მუცლის პატრონი იყო, რაღაცნაირად სულ გაკვირვებული სახე ჰქონდა, მაშინაც კი როცა ხუმრობდა, რაც არ უნდა გეკითხა ჯერ ჰა-ს გპასუხობდა, შემდეგ ჰო-ს… აი ასეთი კაცი იყო პაატა.
პირველივე სამუშაო დღე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ პოტენციური სასტუმრო მხოლოდ ორ სართულიანი იყო, ჩვენდა საუბედუროდ ის უამრავი დასალაგებელი ოთახისგან შედგებოდა, ოთახებში იატაკზე ყველაფერი ეყარა, ფიცრები, ლურსმნები, უამრავი მტვერი, ფურცლები, სიგარეტის ნამწვავები, წინდები, შარვლები… გოგოების უმრავლესობას ოთახების დალაგება გვევალებოდა, მალევე მივხვდით, რომ სიტყვა დალაგებას ცოტა ბუნდოვანი მნიშვნელობა ჰქონდა და მეტი კონკრეტიკა იყო საჭირო, როცა პაატას ვკითხეთ ზუსტად რა უნდა გაგვეტანა ოთახებიდან, გაკვირვებულმა ჯერ ჰა – და შემდეგ – ნაგავი გვიპასუხა, (ამ დროისთვის უკვე ვიცოდით, რომ მეორეჯერ კითხვის დასმას, ან უფრო კონკრეტული პასუხის მოთხოვნას აზრი არ ექნებოდა).
მაგრამ მაინც უნდა ვაღიარო, გაკვირვებულსახიანი, წითელმაისურიანი პაატა გულით შემიყვარდა, ეს გრძნობა პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა მუშაობის პირველ დღეს, სადილობის დროს თეფშით ნამდვილი გუდის ყველი დაგვიდო, აი მაშინ ვეზიარე ნამდვილი გუდის ყველის სასწაულ გემოს.
აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ ომალოში მთელმა ბანაკმა (კოორდინატორიან თანაშემწიანად) ერთი უსერიოზულესი ახალი სიტყვაც ვისწავლეთ – ფილტრაობა. კიდევ ერთი ადამიანი, ვინც ომალოში გავიცანით პოლიციელი იყო, თუ არ ვცდები გოჩა ერქვა, გოჩა ჩვენს კოორდინატორს პირველივე დღიდან აფრთხილებდა: გოგოები ბანაკში არ ეფილტრაონ თუშ ბიჭებსო, თბილისში რაც უნდა ის ქნან, მაგრამ ბანაკში ფილტრაობა დაუშვებელიაო…
მოკლედ, ეს 10 დღე მართლა არასდროს დამავიწყდება, უამრავი მაგარი რამე მოხდა. ამ 10 დღეში დავრწმუნდი იმაში, რომ თუშეთში კიდევ არაერთხელ უნდა წავიდე, მივხვდი, რომ თუშები სასწაულად სტუმართმოყვარე ხალხია (განსაკუთრებულად იჭირაულების გვარი, ამ ხალხმა კარტოფილი გვაჩუქა, მე და ჩემ კურსელს ხაჭაპური გამოგვიცხო და უგემრიელესი თუშური ყველიც მოგვყიდა). ამ ათმა დღემ დამარწმუნა იმაში, რომ ოთახების დალაგება ისეთი რთული და დამღლელი არაა, როგორც ჟღერს.
ერთი სიტყვით, ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო საველე, ყველაზე მთავარი ალბათ ის არის, რომ ბევრი უკარგესი ადამიანი გავიცანი, გარდა ამისა, საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში რომ ულამაზეს ქვეყანაში ვცხოვრობ, დავრწმუნდი იმაშიც, რომ უამრავი არანაკლებ საინტერესო და დასამახსოვრებელი ადგილი დამრჩა სანახავი. ძალიან ბევრი შეგრძნება დამიტოვა ამ ათმა დღემ, და კიდევ ერთ რამეში დავრწმუნდი, აუცილებლად კიდევ არაერთხელ ჩავალ თუშეთში.