“აიღეთ ცოტაოდენი ჟრუანტელი, ორი მწიკვი ადრენალინი, ერთი კონა შიში, დაუმატეთ ერთი ბღუჯა მძაფრი ემოცია, სიახლისა და ორიგინალობის ულუფა, ირონია და სარკაზმი გემოვნებით, კარგად დააბლენდერეთ, ზემოდან “ეთერიანის” წვრილად დაფხვნილი ნაცნობი სიუჟეტი მოაყარეთ და მიირთვით…” – ჩემი კოლეგის მოლი ბლუმის ეს სიტყვები ყველაზე კარგად შეესაბამება ჯერ ჩემი ბავშვობისდროინდელ არდადეგებს და მერე, ზრდასრულობის შვებულებას.
ათასი სიგიჟის, ფოთლების შრიალის, ჩიტების ჭიკჭიკის, ყველაზე ბუნებრივი გზით დე-ვიტამინის მიღების, ლაჟვარდოვანი ცის ყურების, სიცოცხლის აღქმის, ან უბრალოდ სიხარულის წუთები.
ჩემს ცხოვრებაში ეს ერთგვარი ცვლილებების დროც იყო ყოველთვის. ყოველი ზაფხული წაკითხულ წიგნს ჰგავდა, რაც შემდგომ სიახლით მაბრუნებდა ცხოვრების კალაპოტში.
გემოვნების საკითხია, ვერასოდეს გავცვლი მთას ზღვაზე. რადგან, თავგადასავლები მთაში მოიპოვება მგონია. თქვენ, ვისაც თავგადასავლების ძიება სახიფათო საქმე გგონიათ, გეუბნებით, ერთფეროვნება ადამიანს გაცილებით ადრე კლავს.
როგორც კი ზაფხულში თბილისიდან გავდივარ (როგორც ნაირა გელაშვილი იტყოდა), თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ეს-ესაა ხელი გადამისვეს და მტვერი გადამწმინდესო. სიცოცხლე ახლა ისე მეძვირფასება, როგორც არასდროს და დროის შენელებაზე ვფიქრობ.
მივაბიჯებ მთის ბილიკზე… არანაირი ტკივილი, მით უფრო ეს აუტანელი პოლიტიკა, მხოლოდ გამჭვირვალე სული და გამჭვირვალე სიო, რომელიც სახეზე მელამუნება.
მიწისა და ბალახის სუნი… ხარბი სუნთქვა… ოჰ, ღმერთო რა ლამაზია სიცოცხლე და როგორ ვაუდაბნოებთ მას ადამიანები… გულში ჩემს თავს ვუწყრები, როგორ შეიძლება მთელი წელი ვერ მოვიცალო 2 წუთი დავუთმო დუმილს, თვალი მოვავლო გარესამყაროს და ვაღიარო, რომ სიცოცხლე მშვენიერია…
რაზე ფიქრობ? მოულოდნელად მეკითხება მეგობარი.
– იცი? სულ მიკვირს სად წავიდნენ ის ციცინათელები მთაში ჩემს ბავშვობაში, რომ იყვნენ ღამით და თან გზას მინათებდნენ? – ვპასუხობ. მეგობარი კეთილად მიღიმის.
– გახსოვს? არდოტის ჭიუხებში, რომ გვაღამდებოდა და ნიკო არდოტელი აჯაგრული შემოგვხვდებოდა გზად? – ისევ მეკითხება. ახლა მე ვუღიმი და მთებში ხეტიალის ათას თავგადასავალს ვახსენებ. მთა ჩემთვის მხოლოდ სიყვარული არ არის, ის ერთგვარი მედიტაციაა, სადაც სულის სიმშვიდეს ვპოულობ.
ერთხელაც არ მახსოვს მთას არ მივეღეთ, გაგვჭირვებოდა, განსაცდელებს კი ყოველთვის გვიწყობდა…
მეგობარი მეუბნება რატომ მარტო ზაფხული, ჩვენ ხომ ბევრჯერ გვიჭრია ნამქერი, რომ მიტოვებული გლეხისთვის სურსათი აგვეტანა?- ხო, მაგრამ ის სულ სხვა განცდაა, ვიღაც გვეცოდებოდა, ვიღაცაზე ვდარდობდით, – ვეუბნები მორიდებით.
სტუდენტობისას, როცა ლეჩხუმს ვსტუმრობდით, თბილისის ხვატისა და ქაოსური რეჟიმის გამო, ყველაზე მეტად დილის ძილი გვენატრებოდა. სალო ბებო გამთენიისას აიტუზებოდა ჩვენს კართან, ისე, რომ ოთახშიც არ შემოვიდოდა და სიბრაზენარევი ტონით შემოგვჩივლებდა: “ადექით ახლა, ბოშებო, აშენდა ქვეყანა”. ჩვენი საათი კი მხოლოდ 7-ს უჩვენებდა. “მოიცა, რაა ცოტაც” – ვეხვეწებოდით ახალგაზრდები, მაგრამ სალო ბებოს ხათრით მაინც ვდგებოდით. მაგიდაზე ყოველთვის გვხვდებოდა გოგლი-მოგლი, შემწვარი კვერცხი და თონეში ახალგამომცხვარი პური.
მერე მთის ძირას ვდგებოდი, ხელებს ვშლიდი და სულგანაბული ველოდებოდი მზის ამოსვლას. ამ “ჯამში ჩაკარგულ” სოფელში მზე მხოლოდ 9-ის 10 წუთზე აღწევდა.
წელს მხოლოდ სამი დღე მაქვს, მხოლოდ სამად სამი დღე… და მერე, რამდენიც არ უნდა იყოს ზაფხულის სიხარულის წუთები, ეს მთელს წელს იტევს. აწუნთის ქედის დალაშქვრას ვერ ვასწრებ, მაგრამ მთელ წუთებს მთაში ფეხშველა სიარულს, ჟუჟუნა წვიმაში სირბილს, ადამიანების დახმარებას, გამხმარი ბალახის ყნოსვას, ყვავილების მოფერებას, თონეში პურის ჩაცხობას, სიმინდებში ხელების დაკაწვრას, დადებითი ადრენალინის გამოყოფას, როცა მთებში ხეტიალში მაღამდება მაინც ვასწრებ.
– როგორ ფიქრობ ზაფხული მთავრდება? – ვეკითხები მეგობარს.
– ზაფხული კი არ მთავრდება, ის ყოველთვის მიდის და მერე ისევ ბრუნდება, – ვითომ მისწორებს და თან ხმამაღლა იცინის. ეს გულიანი კისკისი ამ ზაფხულის ნაწილად გამყვება.
კიდევ სხვა ამბით მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ… იყოს ასე, როგორც არის.
კეთილი სურვილებით, ნინო ცხვარაშვილი