“გაიცანი საქართველო” სამეგრელოში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტი ,,გაიცანი საქართველო“ გრძელდება.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მედიის წარმომადგენლებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრესტური გაიმართა.

პრესტური მოეწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ ზრდა-სთან ერთად.
სამდღიანი ტურის ფარგლებში მედიასაშუალებების 30-მდე ჟურნალისტმა, ოპერატორმა და ფოტოგრაფმა მარტვილის კანიონი მოინახულა. მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაესეირნათ ნავებით, მარტვილის კანიონის წყალქვეშა სამყაროს გასაცნობად კი აკვალანგით ჩაყვინთეს.
ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს: ნოქალაქევი, ციხეგოჯი, სადაც გაეცნენ არქეოლოგიურ ნიმუშებს, დაათვალიერეს ყანჩების საბუდარა.
მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს შურუბუმუს ხავსიანი კანიონი ჩხოროწყუში. ასევე ეწვივნენ ოცინდალის წმ. გიორგის მამათა მონასტერს, საიდანაც კოლხეთის დაბლობი, გურიის მთები და შავი ზღვის აფხაზეთის მონაკვეთი მოჩანს.
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია “გაიცანი საქართველო” 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
მედია ტური მოიცავდა მარტვილის, ჩხოროწყუს, და სენაკის მუნიციპალიტეტებს და ემსახურება რეგიონში არსებული და ნაკლებად ცნობილი უნიკალური ბუნებისა და კულტურის ძეგლების, მეგრული სამზარეულოსა და აგროტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

USAID-ის პროექტი Zrda ხელს უწყობს სათავგადასავლო და სოფლის ტურიზმის განვითარებას რეგიონებში. ვინაიდან სამეგრელო გამოირჩევა უნიკალური ბუნებით – მთაგორიანი რელიეფი, ჩქარი მდინარეები, თვალწარმტაცი ტბები, მღვიმეები და წყალუხვი კანიონები, რაც წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების წინაპირობას, Zrda-ს ინიციატივთა და მხარდაჭერით სამეგრელოში ამოქმედდა საფეხმავლო გამყოლების, ჯომარდობისა და კანიონინგის ინსტრუქტორებისა და მყვინთავების გადამზადების კურსები პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის.

შურუბუმის ხავსიანი კანიონი 

     

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია