26 ივნისს საქართველოს ბანკის სათაო ოფისში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალის „ფუძეობა“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ ფუძეობა“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, პროექტ CHECK IN GEORGIA-ს, საქართველოს ბანკის გენერალური მხარადჭერით და მუნიციპალიტეტების ჩართულობით ხორციელდება.
„ფუძეობა“ კომპანიაGeoTourist-ის საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონალური კულტურის განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა. ფესტივალის სლოგანია „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“. ფუძეობა 2018 წლის ივლისიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს რვა რეგიონში გაიმართება .
ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები განხორციელდება:
სამცხე-ჯავახეთი – ბაკურიანი – 21 ივლისი
ზემოსვანეთი – მესტია – 29 ივლისი
მცხეთა-მთიანეთ – ყაზბეგი – 11 აგვისტო
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემოსვანეთი – ამბროლაური – 27 აგვისტო
შიდაქართლი – ნიქოზი – 29 სექტემბერი
სამეგრელო – ფოთი – 6 ოქტომბერი
გურია – ოზურგეთი – 12 ოქტომბერი
კახეთი – ყვარელი – 8 ნოემბერი
თითოეულ ღონისძიებაზე ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი რეგიონის ფოლკლორული მახასიათებლები. ღონისძიებაში მონაწილეობას 10 000- მდე ადამიანი მიიღებს, როგორც რეგიონის ფოლკლორის წარმომადგენლები, ასევე პოპულარული ქართველი შემსრულებლები. პროექტი ფოლკლორის სფეროში მოღვაწე ადამიანებს მისცემს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება რეგიონის მაშტაბით, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
ფესტივალი საინტერესო იქნება როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ტურისტებისთვის, რადგან ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საფესტივალო ქალაქი. ადგილზე მისულ სტუმრებსა და უცხოელ ტურისტებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ კონკრეტული რეგიონისათვის დამახასიათებელი სამზარეულო, მიიღონ მონაწიელობა სპორტულ შეჯიბრებებში: სირბილი,მკლავჭიდი, ჭიდაობა. ფუძეობაზე მოსული სტუმრები შეძლებენ იხილონ რეგიონისთვის დამახასიათებელი აღდგენილი ქართული თამაშები. ისეთი, როგორიცაა: მშვილდოსნობა, სამჭიდი, ქვაჭილდაობა, შუბოსნობა. მოეწყობა საბავშვო გასართობი კუთხე. ღონისძოების ფარგლებში მოეწყობა ნატვრის ხე „ფუძეობა“. აქტივობა სიმბოლურად გამოხატავს რეგიონიდან წასული ადამიანების ფუძეზე დაბრუნებას, რაც ემსახურება ფესტივალის სლოგანსა და მთავარ მოწოდებას „დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს“;
ასევე,ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ფოლკლორის ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი (ცეკვა, სიმღერა, მელექსეობა).
დასკვნით კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი 33ა, ანსამბლი „ერისიონი“, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „რუსთავი“, დავით არჩვაძე, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ანსამბლი „შვიდკაცა“
ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები: ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების, ბერიკების, მეზურნეების, მედუდუკეების, მედოლეების წარმოდგენები.