-წკაპ….წკაპ…წკაპ….- დილის 5 საათია,მზე გადმოკორპუსისწვერდა…ძილბურანიდან კოლუმბიების წკაპუნს გამოვყავარ,რომელიც ჩემს ნერვებზე ისე თამაშობს,როგორც ბალღი პიანინოზე….
…….
ტაქსი ცნობილ ,,ველოსიპედის ზეგლთან’’ გაჩერდა და მეც სასწრაფოდ გადმოვხტი ავტომობილიდან…მალევე მოვიდნენ ჩემი ტურისტები და ჩემი ნადირი მეგობარი,რომელიც ჩემს კომპანიონად იქცა…როგორც ყოველთვის სახეზე ოჩომპინტრე ეხატება,მშიერ მთიულს მიუგავ სახე და მეც,როგორც გვჩვევია ხმამაღლა გავძახე:
-ეჰეჰეეე,ნადიროოო…!დილით ხომ გაიგდე კაი ბატკანი,აექ ხალხი არ შამიჭამოო,ნადიროო
ცოტა არ იყოს,მგზავრნი შაშინდნენ,თოლებს აქა-იქ აცეცებდნენ,თუმცა მალევე ჩაწვდნენ ხუმრობას და ეს იყო ნიშანი ჩვენი გამგზავრებისა შატილისკენ…
……
შატილი-ამ სიტყვის ხსენებაზეც კი გული მიჩქარდება…ადგილი,რომელიც უნახავად მიყვარდა და ვსწავლობდი მასზე ყველაფერს…მიყვარდა ხალხი,რომლებიც ნანახიც არ მყავდნენ და სულმოუთქმელად ველოდი მათთან შეხვედრას…
2016 წლის 16 ივლისი იდგა,როდესაც პირველად შევხვდით მე და შატილი,ეს იყო დღე,რომელისთვისაც მე სიცოცხლე დამენანება…ეს იყო დღე,როდესაც უკანასკნელად ჩავისუნთქავ და ის დღე თვალებიდან არ მომშორდება…
ამბობენ ღამე შატილის კოშკებში თუ აივლი ბალღის ტირილის და აკვნის რწევის ხმას გაიგებო…მახსოვს 2016 წლის 16ივლისის ღამე,იარაღთსაცავში ვიჯექი,მითხულის წყალი ისე ჩამესმოდა ვით ზღაპარი დედის მოყოლილი….შატილის 68 კოშკიდან საოცარი სიჩუმე იღვრებოდა…
…….
-,,თეთრი ნისლის დარიი,ფიქრი მემატება,ფიქრიი’’ – ფანდური აახმაურა ჩემმა ნადირმა დათვისჯვარზე
ჩუმად ვიჯექი ჩემი მეგობრის გვერდით მაგიდასთან და ორივეს ბინდი გვეხვეოდა მხრებზე,როგორც სწორფერი…
-წამო,წავიდეთ,ეს ბინდი არ გადაივლის ჯერ-ვუთხარი მეგობარს და ,,მარშტკაში’’ ავედით….
-,,წვიმს,წვიმს,წვიმს…ცა ფეხად ჩამოდის ძიირს’’ – წინა ფლანგებიდან გვიმღეროდა ჩემი მეგობარი
გარშემო საშინელი ჯანღი იწვა,მიწაც კი არ ჩანდა,მძღოლს ნელა მიჰყვადა მანქანა,ნერვიულობას არ ვიმჩნევდით მე და ჩემი ნადირი და აწყვეტილ ლექსებს ვუკრავდით…
-,,ბარგშ მა ხაზა დუ…’’-დაიწყო ნადირმა,როცა მარშუტკა მოცურდა დათვისჯვარზე და ერთიანად აგმოგვხდა
-ვააიმეეე
სასწრაფოდ წამოვხტი და დავიწყე ხალხის დაშოშმინება,გადავერთე ხოგაის მინდიას ისტორიის მოყოლაზე და ყველას მზერა ჩემკენ მივიპყარი:
-აბა ვაჟას ,,გველისმჭამელი’’ რამდენს წაგიკითხავთ? შეგვიძლია ვთქვათ,რომ მინდია რეალური პერსონაჟი იყო,რომელიც არხოტში ,სოფელ ამღაში ცხოვრობდა…
როგორც კი დათვისჯვარი ჩავიარეთ,ნისლი გადავიდა,თუმცა თავაწყვეტით წვიმდა.
შემოვედით ლებაისკარში,სოფელში,რომელიც ერთი კაცით სოფლობს.
-რატომ ჰქვიაო ლებაისკარს ლებაისკარი -უბნობდნენ ჩემი ხევსური მეგობრები
-ალბათ ცხოვრობდაო ვინმე ლებაი
-მაშ,რახან ახლა მხოლოდ კობა ცხოვრობს,კობაისკარი დავუძახოთო
გამორჩეულად და ამოუხსნელად მიყვარს ეს სოფელი,ხშირად ვყვები ხოლმე ისტორიას ტყვე ქისტზე:
-ხევსურეთში სამი ვაინახური კოშკი იდგა,ერთი ახიელში,მეორე გუროში და მესამე ლებაისკარში.თქმულების თანახმად,ხევსურებს არ სცოდნიათ ვაინახური კოშკების აგება,ამის გამო წასულან და ჩეჩნეთიდან ქისტი მოუტაციათ,უთქვამთ-სანამ კოშკს არ აგვიგებ არ გაგიშვებთო-ხუთი წელი უშენებია კოშკი,რის შემდეგაც ხევსურებს თავისი სიტყვა ვაჟკაცურად შეუსრულებიათ და სამშობლოში დაუბრუნებიათ.
….
უმეტესად ხალხს ხევსური ვგონივარ,როცა ხევსურულად ვსაუბრობ,და როდესაც ვამბობ კახელი ვართქო,შეშფოთებული თვალები მეფეთებიან ხოლმე
-რამ შეგაყვარა ასე ხევსურეთიო?-არ დავიწყებ ბანალურად ,,სიყვარულს ახსნა არ სჭირდება’’ და მსგავსი ფრაზებით გამოსვლას…ალბათ იმიტომ,რომ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ისტორია და მისტიკა…ხევსურეთში ჩასულს ყოველ მეორე ნაბიჯზე მოგიყვებიან ისტორიას….ყოველი ქვის ძირას წვანან ლეგენდები,რომლებსაც საოცრებათა ქვეყანაში გადაყავხარ და თავი ალისა გგონია…საოცარია ისტორია დევების ქვების შესახებ,ან ისტორია ხახმატის გიორგის ლაშქრობაზე,თუ როგორ წამოიყვანა ხუთი ტყვე ქაჯი ქალი და როგორ მიიღო ამათგან სამმა გიორგის რწმენა…როგორ აფრინდა ცროლის სამების ჯვარი ხადუდან ცროლის წვერზე…როგორ მიიღო მჭედელი ქისტი ხაიაური ცროლის სამებამ ხადუში და როგორ გახდნენ ხაიაურები ზაიელები,რომლებიც წმინდა კაცებად იწოდებოდნენ…როგორ გადაურჩა ჭირს უკანასკნელი ანატორელი…
ხევსურეთი,ეს არის ადგილი,სადაც თავი ალისა გგონია და რაც უფრო ხშირად ჩადიხარ,მით უფრო მეტად მიგიწევს გული იქითკენ…ხევსურეთი,ეს არის ადგილი,რომელსაც ბოლომდე ვერასდროს შეიმეცნებ….
…
გავცდით გუროს და წინიჭალას შევუყევით…გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა…გუროდან შატილამდე 20 წუთის სავალია,ეს გზა ყველაზე მეტად იწელება ხოლმე…
,,შატილი’’ შორით გამოჩნდა ტრაფარეტი…აქ სხვანაირად ცემს გული…აქ სხვანაირად სუნთქავს სული…აქ სიყვარულიც კი სხვანაირი იციან…
ვხვდებოდი,რომ გული ამდენ სიხარულს ვეღარ იტევდა…გაჩერდა თუ არა მიკროავტობუსი სასტუმროსთან,ჩამოვხტი და იარაღთსაცავში გავიქეცი…განსაკუთრებულად მიყვარს ეს კოშკი…ულამაზესი ხედი იშლება მითხულის ხეობისა და ანატორის სალოცავის…
ცრემლები მახრჩობდა…ცრემლები სიხარულისა…
შატილი-ადგილი,რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ…ეს არის ადგილი,რომელსაც ჩაეხუტები და თავადაც ჩაგეხუტება,დილით ნისლებს შემოგხვევს და გულჩი ჩაგიკრავს…
…
საღამოს პირზე ტურისტები კოშკებში ავასეირნე…ის-ის იყო ბოლო კოშკს მივუახლოვდი,როცა მეგობარი გამომეგება
-თალუუდ,ჩამოხვეელ?
-ჰოიიი….ჰოი…ჩამოველ გიტაა,რახელ ხარ ?-მოვიკითხე და გადავეხვიე მონატრებულ მეგობარს
-ორა ქვე,თაოდა?
-ნადირივით,არას ვბეჩაობ…
საღამოსპირზე შეციებული ხალხი თავის კოშკში ჩაიზე შეიპატიჟა გიტამ…სახეზე სასიამოვნო ღიმილი გადაჰკვროდა ყველას…კოშკს საგულდაგულოდ ზვერავდნენ,ხან ჩარდახს გაჰყურებდნენ,ხან კერიას,ხანაც ხევსურს,რომელიც ღიმილნარევი სახით ადუღებდა დეკის ჩაის…
-დასხეით-თან იძახდა გიტა…
-აქა მშვიდობა-კოშკში შემოვიდა ფხიაც(ბესიჩი)
ბესიჩი შატილში დაბადებულ-გაზრდილია,შატილში ყველა იცნობს ბესიჩს და გიტას…მეამაყება რომ ვიტყვი ხოლმე ბესიჩის და გიტას მეგობარი ვართქო,მათი მეგობარი თუ ხარ,ესეიგი შენც კარგი ადამიანი ხარ და სიტყვა-სახელიანი…
გვიანობამდე ვისხედით და ამბებს ვუბნობდით გიტას კოშკში…
…..
დაბნელებულზე ჩვენს სასტუმროში დავბრუნდით…კაი სუფრა გავშალეთ და კარგადაც მოვილხინეთ…მთელი ღამე არ გაჩერებულა ფანდური…ჩვენი ტურის და ამ დღის აღმოჩენა ჩვენი ახალი მძღოლი იყო-იაშა ძია,რომელიც ,,იმენა ჩვენი ძიაა’’…ჩვენზე მაგრად მღეროდა და ცეკვავდა მთელი ღამე…
-,,ჩამოსხდებიან დაიდგამენ პატარა ტაბლას’’ -ააჟღრიალა ნადირმა ფანდურზე გიორგი ზაიელის ლექსი,სიამოვნებისა და სიამაყისგან გამოწვეულმა ღიმილმა გადაურბინა გიორგის შვილს…
-,,ჩამორიგდება ყანწები და თეთრი სურებიი’’- სიმღერის დროს სასტუმროს კარში ორი ახალგაზრდა შემოვიდა…სახეზე ღიმილი მოეფერათ და მოგვესალმნენ…მასპინძელმა მისაღებში ტაბლა გაუშალათ…ჩვენც გულმა არ მოგვითმინა და ჩვენს სუფრაზე გადმოვიპტიჟეთ…ბიჭები მოგვიანებით შემოგვიერთდნენ.საღამოსპირზე წამოსულან თბილისიდან…დათვისჯვრიდან კისტნამდე სულ ნისლში უვლიათ…თვალებს ვულოცავდი მძღოლს,რომელიც პირველად იყო ხევსურეთში და ასეთ ნისლში გადმოიარა…ახლოს გავიცანით თბილისელი ვაჟკაცები…
მანამდე მხოლოდ ფილმებში მყავდა ნანახი,პერსონაჟები,რომლებიც გოეთეთი და შექსპირით საუბრობდნენ,იმ ღამეს კი ამ თბილისელმა ბიჭებმა სასიამოვნოდ გამაოცეს…
-როგორც მედეა ამბობდა: ,,და-ძმურ სიყვარულზე ძლიერი ქალ-ვაჟური სიყვარულიაო’’ მაშ ქალ-ვაჟურ სიყვარულს გაუმარჯოსო-წარმოსთქვა სადღეგრძელო ქალაქელმა
მთელი ღამე საუბარში და ლექსობაში გავიდა…ზოგი დარჩა ბოლომდე,ზოგს კი კისერი მოსწყდა და ლოგინებში გაიპარნენ…ბოლოს დავრჩით მე და თბილისელი ბიჭები…ვყვებოდით ამბავს ხოგაის მინდიაზე,მითხულის წყლის ლეგენდაზე,ქაჩუს ციხის აგებაზე,კისტანსა და ლებაისკარზე,გოგოჭურთა ჩანაფიქრზე და გუროს ,,სიდედრის ენაზე’’…
-წამო ანატორში გადავიდეთ…-ვთქვი აღტკინებით
-წავიდეთ-მითხრეს ბიჭებმა და დავიწყეთ გამზადება…
-მაშ,საკართანო გადავსვათ და გზა დავილოცათ ანატორისკე-ლუდს ვსომდით,წმინდა სასმელს…
აპარატი ავიღე და გავემართეთ ანატორს…
……
შატილში ჯერ კიდევ ბნელოდა…მთორე მთის თავზე მედიდურად შემომჯდარიყო…მზე არ ჩქარობდა ამოსვლას…
გავცდით თუ არა შატილის ტერიტორიას მზის სხივები გადმომთისწვერდნენ და მთებს ჩაეკონნენ,ვით დიდი ხნის უნახავ სწორფერს…ღამის სიბნელე გაჭრეს სხივებმა და ნელ-ნელა მოედნენ არე-მარეს…
შორიდან გამოჩნდა ანატორული კაბადოკია…მზის სხივები ქარვისფრად აფერადებდნენ წვერებს და ნელ-ნელა ედებოდნენ სახეცვლილ კირქვას…
,,მე იქიდან ორა,სადაც მზე ორჯერ ამოდის ‘’ -უთქვამს ერთადერთ გადარჩენილ ანატორელს
,,-სადაური ხარო-ჰკითხავენ მას,როცა იარაღს მოიყრის ხელში.
-მხოლოდ მახსოვს,ჩემს სოფელში ორჯერ ამოდიოდა მზეო-იტყვის ხიზანი”
/გიორგი არაბული/
ანატორი-ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საომარი ველი…სოფელი,რომელიც შავმა ჭირმა-ჟამმა გაწყვიტა…როგორც კი ერთი კაცი მომკვდარა უცნაური დაავადებით სოფლის შესასვლელ-გასასვლელში მეთოფეები დაუყენებიათ,რომ ჭირი სხვაგანაც არ გავრცელებულიყო და სოფლის გაღმა-არღუნს გადაღმა აკლდამების შენება დაუწყიათ…
ერთ დღეს აკლდამაში 60 ახალუხალი შესულა და ცოცხალი არცერთი გამოსულა…შედიოდნენ ახალუხლები ფანდურებით და სიკვდილს სიმღერით ეგებებოდნენ…
დღემდე სიამაყით ამბბობენ ხევსურნი: -ანატორში თოფი არ გასროლილაო…
ყოველთვის ვამბობ ხოლმე -ჩვენი ანატორში ჩამოსვლა სიკვდილზე გამარჯვებული სიცოცხლეათქო,იქ ჩასულს ყოველთვის მიჩნდება გრძნობა,თითქოს ჩემს ზურგს უკან სისაურნი დგანან და სახეზე ღიმილი ეხატებათ…
…..
ანატორიდან კარგა შეთენებულზე წამოვედით…მზე ზედ შატილის კოშკებს მოსდგომოდა და კოშკები თავმომწონედ შემომყურებდნენ…
ხევსურეთი-მთებ შორის მომწყვდეული ლეგენდების სამეფოა…სადაც ყოველი ლოდის ქვეშ წევს ლეგენდა და ყოველ ადგილზე მოგიყვებიან მითებს,თუ როგორ მოკლა იახსარმა ტბაში დევი და როგორ აჯობა კოპალამ დევებს…
ადგილი,სადაც ყველანაირი ზედმეტი ფიქრი გშორდება…ადგილი,სადაც ხვდები ვინ ხარავ,რა ხარავ,სად ხარავ და რაი გინდ…