ალბათ საქართველოში უნდა დავბადებულიყავი

  • Home
  • ბლოგები
  • ალბათ საქართველოში უნდა დავბადებულიყავი

ალბათ, საქართველოში უნდა დავბადებულიყავი.

გაგეცნობით,

ერთი ჩვეულებრივი, თუმცა იმავდროულად არც ისე ჩვეულებრივი გოგონა გახლავთ, სახელად ქრისტიანნა. სომხეთში დავიბადე და ჩემს სხეულში ნამდვილი, სუფთა, სომხური სისხლი ჩქეფს, თუმცა ჩემს თავს საქართველოს გარდა, ვერც ერთ სხვა ადგილთან ვერ ვაიგივებ.

ალბათ, საქართველოში უნდა დავბადებულიყავი.

 

ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც საქართველოში გადმოვედით საცხოვრებლად…ორი ან სამი წლის. ერთი რამ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ძალიან მკვეთრად – სიცარიელის შეგრძნება, როდესაც მშობლებს სომხეთში ჩავყავდი და გულის ფრიალამდე სიხარული უკან დაბრუნებისას.

გასაოცარი შეგრძნება იყო!

თავს ყველგან სტუმრად ვგრძნობ, საქართველოს გარდა.
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცაღა გული სულ ჩემი საქართველოსკენ იწევს, სადაც არ უნდა ვიყო.
აქ ყველა და ყველაფერი განსაკუთრებულია.
ლაგოდეხში გავიზარდე და მუდამ მიკვირდა, ნუთუ ვერავინ ხედავდა იმ ჯადოსნურ სილამაზეს და ენერგიას, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდა. თვალი მიეჩვიაო, ასე ამბობდნენ.

აქ ვცხოვრობ უკვე 25 წელია. ეს არც ისე ცოტა დროა.

გაცინებთ – ბავშვობაში მშობლებს ვეუბნებოდი, სომეხს არ გავყვები ცოლად, რადგან დიდი ცხვირები აქვთ თქო. არ დამცხოთ ახლა, გემოვნების ამბავია ეგ. ქართველი ბიჭები უფრო მესიმპატიურებოდნენ.
ბოლოს ქართველ ბიჭს გავყევი ცოლად, მაგრამ დიდ ცხვირს მაინც ვერ ავცდი (smiley) ბედს რა ვუთხარი, რა! (smiley)
უკვე მესამე წელი იქნება, რაც სტუმრებს ვმასპინძლობ აქტიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ტურებს ვაწყობ საქართველოში. ჩემი გიდობის ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა და ახლა ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ეს საქმეა, რომელიც მიყვარს და რომელიც სიამოვნებას მანიჭებს. ტურები ჩემთან ერთად განსხვავდება ყველა დანარჩენისგან, რაც კი არსებობს საქართველოში და მიზეზსაც აგიხსნით. სრულყოფილად ვათვალიერებინებ ამა თუ იმ რეგიონს – მირჩევნია მე მივიდე სახლში გვიან და ჩემი სტუმრები სასიამოვნოდ დაღლილები დავტოვო დანახულისგან, ვიდრე მალე მოვრჩე, რასაც ძალიან ბევრი აკეთებს და ამით უბრალოდ ავნებს ტურიზმის განვითარებას, არ ვზღუდავ დროში – ვრთავ ნებას შეიგრძნონ და დაინახონ ჩემი ლამაზი ქვეყანა, ვუყვები არა მარტო ტურისტულ საქართველოზე, არამედ ჩვეულებრივ რუტინულ ამბებზეც. საქართველო მუზეუმი კი არ არის, სადაც ექსპონატებია გამოფენილი, ის ცოცხალია, ნამდვილია!
ერთ-ერთი ბოლო ტურის დროს, ტურისტმა მკითხა, ნუთუ არ მბეზრდება იგივე ადგილებში დაბრუნება და იგივე ამბების მოყოლა, რაზეც ვუპასუხე, რომ როდესაც ადამიანი გიყვარდება, ის არ გბეზრდება, მასში მუდამ სიახლეს ეძებ, ის გაოცებს, გაბედნიერებს… ზუსტად ასეთივე სიყვარული გამაჩნია ჩემი საქართველოს მიმართ.

როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ქვეყანა, სადაც ქარი გიმღერის ნანასა, ზრაპარს გიამბობს ჭადარი?!
საქართველო ერთია და სხვა საქართველო არ არსებობს!
საქართველო ის ადგილია, სადაც ერთხელ თუ მოხვდი, აქ ჩამოსვლა მეორედაც მოგინდება და ერთხელაც საერთოდ გადაწყვეტ აქ გადმოსახლებას, რადგან აქ სულ სხვანაირად – განსაკუთრებულად სუნთქავ, იღიმი, ურთიერთობ, გრძნობ…ცხოვრობ!