პროექტ CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში 23 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში იოს დაუმამ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ, საბალეტო დასის ხელმძღვანელმა და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილიმა, თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ, საზოგადოებას ინფორმაცია პრესკონფენციაზე გააცნეს.
საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2). სპექტაკლები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
თბილისში ჩამოდის ასევე ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, იგი 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინას ნინო ანანიაშვილს.
თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია – Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს ნახავს ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად.
საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც ორი განსხვავებული პროგრამით წარსდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე 28 და 29 ივნისს. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალა-პერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი.
სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან TBC ბანკი და CHECK IN GEORGIA;
კულტურის და სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები საქართველოში, იტალიის ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოება (SIAE), იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტრო (MiBACT), ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, რუმს ჰოტელ თბილისი, თურქეთის ავიახაზები, კომპანია „ბორჯომი“, რადიო „იმედი“, რადიო „ფორტუნა“, ჟურნალი „ინდიგო“, გაზეთი „ჯორჯია თუდეი“.