5 აგვისტო
ჩემი ქმრის სოფელი მახათაურია. აქ მე ჯერ არ მიცნობენ. ჯერ არც აქაური ხეებისა და მთებისათვის მომიყოლია ჩემი ამბები. ყველაფრისათვის უცხო ვარ. მთებმა ჯერ არ იციან, რომ დადუნა ვარ, რომ ფოთლები, ხეები და ადამიანები მიყვარს. როდესაც ორი პატარა გყავს,რთულია განმარტოვდე და დღიურში ჩაინიშნო შენი შთაბეჭდილებები. ამიტომ ყოველდღიურობას ვტაცებ წუთებსა და წამებს, რომ უბის წიგნაკში ვწერო ჩემი ამბები. ადამიანები აქ ჩვეულებრივი ამბებით ცხოვრობენ. უყვართ დილით ყავის მირთმევა და საღამოობით, დამღლელი დღეების მიუხედავად, მთვარის ყურება. აქედან ცაზე ვარსკვლავებიც განსხვავებულია. ამაზე მერე გიამბობთ. ახლა ჩემი პატარა ტირის და უნდა გავიქცე.
6 აგვისტო
პეპელა პეპელას მიჰყვება,ყვანჩალა – ყვავს. სწორედ ესაა სამყაროს არსი – გულის სწორი იპოვო და ბედნიერი გახდე. როდესაც პატარა ვიყავი, დღიურს ვანდობდი ყველაფერს – როგორ ვისეირნეთ პარკში იმ დღეს მე და დედამ, ვჭამეთ ნაყინი და ბევრი ვიცინეთ. უბრალო სიტყვებით ვწერდი, რომ ბედნიერი ვიყავი – სამყაროსაც ხომ ეს უნდოდა– ბედნიერი ვყოფილიყავი. ბავშვები ყოველთვის ბედნიერები არიან. ზაფხულობით ბევრ ლიმონათს სვამენ და იცინიან. ზაფხულის დღეები ჯადოსნურ წუთებად იქცევა მათ გონებაში და ასეთი დღეები მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ.
დღეს, დილით, პატარას რომ ვასეირნებდი, ვფიქრობდი ქალებზე, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ. არსად ისეთი ფიქრიანები არ არიან ქალები, როგორიც სოფლად. ბევრი საზრუნავი – ოჯახის, ვენახისა და ეზო-კარის მოვლა-პატრონობა ევალებათ. ხელში სამუშაო იარაღები: ბარი, თოხი აქვთ მომარჯვებული. შრომობენ, შრომობენ და იშვიათად კითხულობენ წიგნებს. ვინატრებდი,რომ მათ ხშირად ეჭიროთ წიგნი სევდიანი ხელებით და კითხულობდნენ ბევრს,რადგან წიგნებში ყველაფერი წერია. ახლა კი დაღლილი,ნაჯაფი ქალები გზას გაჰყურებენ. უამრავი მოვალეობით აქვთ სავსე სული და ფიქრობენ, რომ გზაზე ერთხელაც ჩამოივლის მათი იმედი – ღმერთი, ჩიტი ან ადამიანი.თუმცა ბედნიერება თავად ადამიანშია და ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედს,თავად ვირჩევთ, ვიკითხოთ წიგნები თუ არა.
7 აგვისტო
ზოგჯერ მუზები, უბრალოდ, ქრებიან და სულ მარტო რჩები. სახლიდან გადიხარ,რათა საკუთარ თავს ესაუბრო. ასევე გინდა, ისეთი რამე იპოვო სამყაროში,რაც თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებს. სოფელში დღეს ერთი მთა აღმოვაჩინე და ეს მთა ჩემი მეგობარი გახდა აქ. ოქროსფერი ხორბლის თავთავები მელიას კუდებივით ირხევიან ქარში და როდესაც ვუყურებ, როგორ აცეკვებს მათ ქარი,სიცოცხლეს ვგრძნობ. ჩემთვის ეს არის ბედნიერება. ირგვლივ ხომ უამრავი საოცარი ადგილია,მაგრამ ჩვენ ვერ ვახერხებთ თითოეული მათგანი დავათვალიეროთ და დავტკბეთ გარემოს მშვენიერი ხედებით.
გუშინ ვფიქრობდი,რომ სამყაროში არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები,რომელთა სულებს არაფერი სურთ, გარდა მოფერებისა და ხელში ხელის ჩაკიდებისა. მგონი, მეც ასეთი ადამიანი ვარ. არ მინდოდა, დამეწერა,მაგრამ გუშინ გავიგე, რომ ჩვენმა მეზობელმა თავი მოიკლა. ვგრძნობ, ალბათ, არავინ შემოხვდა ცხოვრების გზაზე ისეთი, ვინც მის სულს მოეფერებოდა. ალბათ, განსაკუთრებული სითბო სჭირდებოდა ადამიანებისაგან.
გზაზე ათასი აზრი მომდის თავში, რომლებიც მინდა მალე გავუზიარო ფურცლებს.ისევ ირხევიან ხორბლის თავთავები ქარში და ვიცი, ამაოდ ამტკიცებენ ზოგჯერ ადამიანები,რომ ღმერთი არ არსებობს. მის გარეშე ხომ შეუძლებელია, ასე საოცრად ირხეოდნენ თავთავები და ფოთლები ქარში.
8 აგვისტო
ერთ დროს მეც ვიყავი ბავშვი და მხოლოდ წიგნების კითხვა მევალებოდა.ახლა თუ იმას ვახერხებ,რომ დღეში მხოლოდ ოცი წუთი გამოვნახო კითხვისათვის, ბავშვობაში მთელი ზაფხული ვკითხულობდი. ყოველ ოთხშაბათს ბიბლიოთეკიდან მომქონდა წიგნები და ბედნიერი ვიყავი. წიგნებს რუსუდან მასწავლებელი გვირჩევდა წასაკითხად.დღემდე მახსოვს, რომელ წიგნებზე მიგვითითებდა. მახსოვს წიგნის სიუჟეტები და ზაფხულის ცხელი დაუვიწყარი ღამეები. კითხვაში მათენდებოდა და როდესაც განთიადზე, ფურცლებს მიღმა, საოცარ სამყაროს ვხედავდი, უდიდესი მისტიკური გრძნობა მეუფლებოდა. კითხვა რუსუდან მასწავლებელმა შემაყვარა – ადამიანმა,რომელმაც თავისი სიცოცხლე ქართულ ენასა და ლიტერატურას მიუძღვნა. ამიტომ თითოეული წიგნის ფურცელს, რომელიც წამიკითხავს, დღემდე ახსოვს რუსუდან მასწავლებლის სითბო. სოფელში ჰამაკში ჩაწოლილ გოგო – ბიჭებს რომ ვხედავ წიგნებით ხელში, მეც ბავშვობაში ვბრუნდები.
10 აგვისტო
გუშინ არაფერი დამიწერია. რა შეიძლება მოჩანდეს აივნიდან? მთები და ისევ მთები. ზოგჯერ, როდესაც წერისთვის ვერ ვიცლი, გულიდან წამოსულ აზრებს გონებით ვიმახსოვრებ. ვიმახსორებ მინდვრებს,მდინარეებს, სამყაროს,რომელიც ტბების ზედაპირზე შეიძლება მოჩანდეს.. ალბათ, ეს საუკეთესო გამოსავალია, დაიმახსოვრო შენი აზრები.
საღამოობით,როდესაც აივანზე ვზივარ და სიოს ხმას ვუსმენ, თითქოს ჩემი ბავშვობის მუსიკა ჩამესმის. ქარი ყოველთვის აგროვებს ისეთ ბგერებს და ისეთი მელოდიის ნოტებს წერს,რომლის მსგავსს ვერსად ვერ მოისმენ. ქარი ხომ ასეთია, განსაკუთრებული.
11 აგვისტო
დღეს ზაფრანის ყვავილი მოვწყვიტე ეზოში და როდესაც მისი სურნელი ვიგრძენი,მოულოდნელად გონებიდან ამოფრინდნენ პეპლები, მოგონებები და ფერად-ფერადი ყვავილები.შემდეგ ყვავილები თმებში ჩავიკარი და ჩემს შვილებთან ერთად იმ მაღალ გორაზე ავედი,რომელიც რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე. არაფერი სჯობს ჩემს შვილებთან ერთად აქ ყოფნას. უცნაური კია, რამდენი შვილიც არ უნდა ჰყავდეს ადამიანს,თითოეული მათგანის გვერდით განსხვავებულად გრძნობს თავს. და ეს სხვადასხვა განცდა შვილების გვერდით ყოფნისა ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამიტომ ძალზე ამაღელვებელი მომენტი იყო, როდესაც პირველად დავინახე ჩემი შვილის ნაკვალევი ქვიშიან სანაპიროზე. მახსოვს, ავტირდი და მივხვდი, ოქროსფერ ქვიშაზე დატოვებული პაწაწინა ნაფეხურები ჩემი სამყაროს განუმეორებელი ნაწილი გახდა.
ჩვენს მეზობლად პედაგოგი ცხოვრობს, რომელსაც სამი შვილი ჰყავს და ახლა ტრენინგზე იმყოფება რამდენიმე კვირით წყალტუბოში. როდესაც პატარები გაიზრდებიან, დააფასებენ, რომ დედა ახერხებდა საკუთარი თავის განვითარებისთვისაც გამოენახა დრო. ისინი უსათუოდ იამაყებენ საკუთარი დედით.
პეპელა – პეპელას მიჰყვება, ჩიტუნა ჩიტებს,მე ჩემს ქმართან ერთად მივუყვები გზას.უკან ჩვენი შვილები მოგვყვებიან. სამყაროსაც ეს სურს – ბედნიერება იპოვონ ადამიანებმა ერთმანეთში და ერთმანეთით.
დღიურის წერას ვაგრძელებ და ვწერ, რომ სიყვარულია – როდესაც, რომელიმე კაფეში, საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევ ფინჯან ყავას. საუბრობთ წიგნებზე,მუსიკაზე და წვიმის წვეთები კი ეცემიან მინას ფანჯარაზე.ფიქრობ, ბედნიერება სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს და საოცარ სიმყუდროვეს გრძნობ.
ყველაზე დამაფიქრებელი ნახატებია სამყაროში – ქალი,რომელიც ხმელ ფიჩხებს აგროვებს შეშის ღუმელისთვის ტყეში. ქალი,რომელიც ყინვისას ქუჩაში ვაჭრობს, რომ ორი ლუკმა მიიტანოს სახლში…ქალი,რომელიც უცხო ქვეყანაში, ოჯახს მოშორებული, სახლებს ალაგებს, შვილები რომ გამოკვებოს საქართველოში.