Euronews-ზე გუდაურის ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტი მომზადდა. 1:30 წუთიანი რეპორტაჟში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალი ხარისხის თოვლის საფარს და სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას. გუდაურში Euronews-ის ჟურნალისტმა თხილამურით ისრიალა და ექსტრემალური შესაძლებლობები პარაგლაიდერითაც გამოსცადა.
გუდაურის შესახებ რეპორტაჟი Euronews-ზე საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მომზადდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, გუდაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ანტიკრიზისული ღონისძიებებიდან ერთ-ერთი სწორედ Euronews-ზე გუდაურის შესახებ რეპორტაჟის მომზადებაა, რომლის მიზანია საერთაშორისო ბაზარზე კურორტის იმიჯის ამაღლება.
„Euronews-ზე დამზადებული სიუჟეტი გუდაურის შესახებ მილიონობით ადამიანმა ნახა და ჩვენ მთელ მსოფლიოს ვუთხარით, თუ როგორი სამთო-სათხილამურო კურორტი გვაქვს, ამავდროულად ეს რეპორტაჟი გამოყენებული იქნება 2018/19 წლების ზამთრის კამპანიებისთვის.“-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.