ჭიათურაში საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების განახლება გრძელდება. საბაგირო ტრანსპორტი, ჭიათურის მთა-გორიან რელიეფზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.
ყოფილ საბჭოთა კავშირში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. 3 ათეული წელია ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს და საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა.
საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, გასულ წელს, საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქცია დაიწყო. პროექტის თანახმად, სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება. გზის საერთო სიგრძე 3428 მეტრია
რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება ფრანგულმა კომპანიამ Pomagalski უზრუნველყო. პროექტის საერთო ღირებულება 40 მილიონ ლარს აღწევს.
სამშენებლო სამუშაო ჭიათურაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გაგი ბუაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
წლის ბოლოს, პროექტის დასრულების შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.
წყარო: ინფრასტრუქტურის სამინისტრო