მინდა სამყაროს მდინარეს გავყვე, როგორც ტალღებში მოცურავე ანგელოზი და მის დინებაში ჩამეძინოს. მინდა მქონდეს ისეთი ენერგია, რომლითაც პრობლემები ნელ–ნელა, ნაწილ–ნაწილ მოგვარდება და სულში გაქრება იმედგაცრუება. როგორც მწერალს და ადამიანს, მინდა დიდხანს სიცოცხლე. არ მსურს, დარდმა ჩემი დღეები შეამოკლოს და მინდა ჩემს შვილებთან ერთად ბედნიერი ცხოვრება მქონდეს. ბოსფორს ფეხით მივუყვები და ვგრძნობ – მოგზაურობის დროს ჩვენ ვთავისუფლდებით შიშისაგან, ტკივილისაგან, სხვათა აზრებისაგან. გვჯერა, ქვიშის მარცვლები ვართ, რომელთა მეშვეობით შეიძლება სასახლე ავაშენოთ.
ვერასდროს ვიფიქრებდი, სტამბოლში – თოლიების ქალაქში თუ მოვხვდებოდი და ჩემს აზრებს აქედან გაგიზიარებდით. ალბათ, სამყარო საჩუქარს მიმზადებდა, რომ ჩემი სული ფრინველივით თავისუფალი და უსასრულო გამხდარიყო. ძნელია, როდესაც შენს სხეულში ხარ ჩაკეტილი, სხვების ტკივილზე წერო. სტამბოლში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან მიყვარს ადამიანები. განსაკუთრებით მომწონს უცნობები, რომლებიც გვერდით ჩაგივლიან და მხოლოდ თბილ ემოციებს ტოვებენ შენში. მიუხედავად იმისა, რომ დამეგობრების შემდეგ უამრავი გულისტკივილიც იბადება.
სტამბოლში მზიანი ამინდია. თუმცა, ძალიან მალე ისე გადაეფინებიან ცას ღრუბლები, როგორც ჩემი საყვარელი ფრინველები და შეიძლება გაწვიმდეს კიდეც…..ჩანთაში წიგნებს ვაწყობ და სანაპიროზე გავდივარ. ბოსფორი ჩემს სასტუმროსთან ძალიან ახლოსაა. ამიტომ ყოველ დილით მაქვს ბედნიერება, ფეხით ვისეირნო მის ნაპირას. ალბათ, ფიქრობთ, რომ ძალიან გამიმართლა, არა? მართალია. მეც ბედნიერი ვარ და ვცდილობ, წიგნიც საინტერესო გამომივიდეს…
ჩემი სულის პატარა სამყაროდან აქ მოვედი. გადმოვუფრინე ნავსადგურში გაჩერებულ გემებს და, რადგან თვითმფრინავიდან ვერ ვიგრძენი, როგორ ეხეთქებოდნენ ტალღები ერთმანეთს, დავიჯერე, რომ სიზმარში ვარ. თოლები კივიან ერთხმად. თევზებს მიჰყვებიან კვალდაკვალ. ვფიქრობ ადამიანებზე, რომელთაც ბედნიერება სურთ. ნეტავ მათაც იპოვონ თავიანთი წილი სიხარული.
გაზაფხული ულამაზესია სტამბოლში. თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, წითელი ტიტები ამშვენებენ ქუჩებს. მეც ჩემი პატარა სამყაროდან მოვხვდი აქ. თოლიები ნაპირებს გასცდნენ და ქალაქში მათ ყველგან შეხვდებით. ცაზე გადაიფრენენ და ლურჯ კვალს ტოვებენ. დაბინდდა. ბოსფორის სანაპიროდან მოჩანს, როგორ აინთო შორს ხიდები და ცათამბჯენები. ახლა სხვა სილამაზე მიეცა ქალაქს. ბოსფორი ღამის შუქზე უფრო ლურჯია. ულამაზესია ღამით აია – სოფია, რომელიც სასტუმროდან აღიქმება, როგორც მხატვრული ტილო. ოდნავ შესამჩნევად ჩანს, როგორ დაფრინავენ თოლიები კვლავ მინარეთების გარშემო. დრო და დრო ამ ულამაზეს პეიზაჟს
გავხედავ და წერას განვაგრძობ. იქნებ, მართლაც, ღმერთმა გამოგზავნა თოლიები ამ ქალაქისათვის. სასტუმროს სტუმრები ჩაის მიირთმევენ და საუბრობენ.
წარმოდგენა არა მაქვს, როგორ დავიწყო ჩემი ბლოგი. მზისფერ სხივებში ჩაფლულ სამყაროს არაფერი ესმის წარმავლობისა, რადგან ასეთი სილამაზე გაუძლებს ყველაფერს ადამიანთა სულებში. მხოლოდ ჩაი შევუკვეთე, რომელიც შუშის წელში გამოყვანილი პატარა ჭიქით მომართვეს. რა ადვილია, ასეთ ადგილას იდუმალი იყო. ვერანდის მეორე მხარეს ლურჯი ბოსფორის ტალღებში ლივლივებენ თოლიები. ისინი გუნდ–გუნდად ტრიალებენ წყლის შუაგულში და, თუმცა თევზებს დასტრიალებენ თავს, მე წარმოვიდგენ, რომ, უბრალოდ, სიცოცხლე უხარიათ. ჩვენ ყველანი ჩვენი გულიდან ვწერთ და აქედანვე აღვიქვამთ სამყაროს. ვისი გულიც როგორი ფერისაა, იმავე ფერებით ხედავს ყველაფერს. ჩემი ფერი ახლა ლურჯია. საღამოს შვიდი საათი ხდება. ცოტა ხანში სანაპიროს ფეხით გავუყვები და ჩემს ცისფერ გემებს დაველოდები.
***
წიგნის საქმე კარგად მიდის. ზუსტად ისე ვწერ და გადმოვცემ ჩემს სათქმელს, როგორც ვგრძნობ. არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მიყვარს ეს ქალაქი. შეიძლება იმიტომ, რომ აქ ის სილამაზე ვიპოვე, რომელიც ჩემს წარმოსახვას დაემთხვა უფრო მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა ევროპული თუ აზიური ქალაქის პეიზაჟისა. მარტო ყოფნაც არ არის მოსაწყენი. თან, როდესაც წიგნზე მუშაობ, მარტო დარჩენა აუცილებელიც კია. ტაქსით სტამბოლის ევროპულ ნაწილში გადავდივარ. დღეს მსურს, აია-სოფია დავათვალიერო, თუმცა ჯერ გულჰანეს პარკს ვსტუმრობ. „ყვავილების სახლი“– ასე ითარგმნება სახელი პარკისა, სადაც შეგიძლიათ გარეთ კაფეებში დასხდეთ, შეუკვეთოთ ჩაი, ტკბილეული და დატკბეთ ბოსფორისა და მარმარილოს ზღვის ხედებით. მეც ასე ვიქცევი. ვუკვეთ ჩაის, შემდეგ კაპუჩინოს, ვკითხულობ წიგნს და დრო და დრო ჩანაწერებს ვინიშნავ. კონცენტრაციის უნარი და გარშემო თავისუფლება მეხმარება, ზუსტად აღვწერო ჩემი გრძნობები. რამდენიმე მეტრის დაშორებით ფილმს იღებენ. ფილმის მონაწილეც ვხდები…. ყველაზე რთული ისაა, რომ წიგნის სიუჟეტი ითხოვს, საინტერესო იყოს. თუმცა როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ და უცხო ქუჩებს ათვალიერებ, შენ ისევ ისეთი ხარ, შენი ფიქრებით, სულით. ამიტომაც, რთულია შექმნა რაღაც ახალი. აქ კი სილამაზე სულს აფერადებს, თუმცა მე ისევ ის ვარ….მონათხრობი ჩემზე არ ვიცი, რამდენად საინტერესოა. კაფეებთან ახლოს მდებარეობს ბიზანტიის დროინდელი მონასტრის ნანგრევები. ეს სიძველე კი მართლაც მოქმედებს და ჩემი სულიერი სამყარო იცვლება. ამის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ.
მოგზაურობისას მივხვდი: ჩვენ მოგვწონს ულამაზესი ადგილები, ხედები, ვერანდები ზღვის პეიზაჟებით, ვენეცია პატარა ნავებით, პარიზი ეიფელით, სტამბოლი თოლიებით, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს გულში ადგილი, სადაც შევდივართ და ისეთ სიმყუდროვეს ვპოულობთ, როგორიც არსადაა….და ეს ნავთსაყუდელი საკუთარ არსებაში გვაქვს. მოგზაურობისას ნუ შეგეშინდება, თუაღმოაჩენ, რა უზარმაზარია სამყარო და რომ შენც ამ სამყაროს ნაწილი ხარ. ნუ შეგაშინებს ეს გრანდიოზული სივრცე. სამყაროს შეუძლია, ყველას მისცეს ბედნიერება.
*** გუშინ ღამით ვერ დავიძინე. ასე, უბრალოდ, შეიძლება, არ დაგეძინოს სტამბოლში და თუ მოულოდნელად სასტუმროს ფანჯარას გამოაღებ, ნისლში გახვეულ ღამეს შეხვდები. ეს იდუმალი ნისლი და შორს გაფრენილი თოლია გულს გაათბობს და მიხვდები, რომ იდუმალი ცის ნაწილი ხარ. მეც ვერ ვიძინებდი, აივნიდან მთელი ღამე ვხედავდი თოლიებს, რომელთაც ასევე არ ეძინათ და მწყინდა. ალბათ, არ ეძინა ქალაქსაც. ნაპირს თოლიებივით მრავალჯერ მოადგნენ გემები და რძისფერი ცის დასაწყისში დადგნენ. თუ ერთხელ მაინც მოხვდებით სტამბოლში, მხოლოდ შემდეგ შეძლებთ, გამიგოთ. მიხვდებით, რატომ ვწერ ბევრს და ბოლომდე ვერ ვამბობ სათქმელს… ცა, რომელიც აივნიდან მოჩანს, მატყობინებს, რომ ადამიანის სულის სამყარო საიდუმლოებებითაა მოცული და არ შეიძლება ასე მარტივად ავხსნათ ყველაფერი. თუმცა ვეცდები.
ბოსფორის ყურეში თოლიებივით მიმოფანტული გემები დიდი ხნის განმავლობაში არსებობდნენ ჩემს წარმოსახვაში. და როდესაც მართლა დავინახე ისინი, დროებით მეც ამ სამყაროს ნაწილი გავხდი. აქ, სხვა სივრცეში, სადაც არასდროს ვყოფილვარ, არ ვიცი, ისევ მოვხვდები თუ არა. წერას ვამთავრებ. ჩაის დასალევად ავდივარ ვერანდაზე. გარეთ ცივა. მხრებზე სამშობლოდან წამოღებული პლედი მახურავს, რომელიც ჩემს განცდებს ინახავს თავისი კუბოკრული ბოლოების გულში. სტამბოლი, მართალია, მუსულმანური ქალაქია, მაგრამ აია–სოფიას ტაძარში ქრისტეს ფრესკა განსაკუთრებით იპყრობს ტურისტების ყურადღებას. იქნებ მის თვალებში ადამიანები გრძნობენ, რომ ღმერთი ერთია და ის მათ წინაშე ფრესკაზეა გამოსახული. აია – სოფიას ტაძარში ქრისტეს ფრესკას თავდახრილი ვუცქერი და ცრემლებს ვერ ვიკავებ. ვგრძნობ, ჩემი განცდები თოლიებივით დაფარფატებენ სამყაროს ცაზე უამრავ შეკითხვად…. და, ალბათ, დადგება ჟამი, როცა ამ კითხვებზე პასუხს მრავალი წლის შემდეგ მაინც კაცობრიობა უსათუოდ მიიღებს.