იტალიის მეღვინეობით ცნობილ პიემონტეს რეგიონში გამართულ ღონისძიებაზე „მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი და მნიშვნელოვანი მევენახეობის ლანდშაფტების მქონე ქვეყნის“ საპატიო სიგელი საქართველოს გადაეცა.
საზეიმო ღონისძიება ისტორიული ციხესიმაგრე „Grinzane Cavoir“-ში ჩატარდა და მასზე მოწვეული იყვნენ იტალიის პიემონტეს რეგიონის ადმინისტრაციის, სამეცნიერო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები. საქართველოდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ გენერალური დირექტორი გიორგი ეზურგბაია.
შეხვედრაში მონაწილეობდა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს დიპლომები გადასცა ქალაქ ალბას მერმა ბატონმა მაურიციო მარელომ.
დაჯილდოება გაიმართა ეგიდით – „იუნესკოს საგანძური“. გასულ წლებში ანალოგიური ჯილდოები გადაეცა ტოკაის (უნგრეთი), მენდოზას (არგენტინა) და ბურგუნდიის (საფრანგეთი) მეღვინეობის სახელგანთქმულ რეგიონებს.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პიემონტეს მეღვინეთა საზოგადოება „Enoteca Regionale Piemontese Cavoir“ და მისი პრეზიდენტი, სენატორი ტომაზო ძანოლეტი.
საქართველოს მევენახეობის ლანშაფტები, მისი ღვინის და მევენახეობის ისტორიის ღირსშესანიშნავი ეტაპები, ქართული ვაზის გენოფონდი, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგია და ზოგადად ქართული ვაზისა და ღვინის კულტურა – სტუმრებს დოქტორმა ჯოვანი ტეზიომ, პროფესორმა ოსვალდო ფაილამ (მილანის უნივერსიტეტი) და დოქტორმა დონატო ლანატიმ წარუდგინეს.
შეხვედრის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, რომლებიც წარმოადგინა „მეღვინეობა ხარებამ“ – ქვევრში ტრადიცული ტექნოლოგიით დაყენებული საფერავი, ოცხანური საფერე და მწვანე კახური. იტალიურმა სანერგე „რაუშედომ“ წარმოადგინა ევროპული სტილის ექსპერიმენტული ღვინოები – რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი და ალექსანდროული.