ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიკანში მდებარე ორანჟერეას 2018 წლის 18 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ორანჟერეის ნაგებობა ერთსართულიანია და დასავლეთ-აღმოსავლეთი გრძივი მიმართულების ორი წაგრძელებული მონაკვეთისგან შედგება. მისი გეგმა წარმოადგენს 59.08მ. სიგრძისა და 8.16მ. სიგანის მართკუთხედს, რომლის შუაში ჩასმულია რვაწახნაგა ფორმის მოცულობა – შემინული ფანჩატური. ორანჟერეის გვერდითი მოკლე ფასადები კლასიცისტური რეპერტუარის შემცველია. ნაგებობის ზოგადი გეგმარება დღესაც იგივეა. მხოლოდ მოგვიანებით ოდნავ შეიცვალა სათბურის შიდა გეგმარება. გამოცვლილია ლითონის ელემენტები.
შენობა დაფუძნებულია ლენტური ყორექვის საძირკვლებით კენჭნაროვან გრუნტზე. საყრდენი გარე პერიმეტრული გრძივი კედლები 43სმ. სიგანისაა, განივი კედლები – 55სმ, შუა დარბაზის კედლები _ 80სმ; აგურის წყობის ამ კედლებზე ბაზალტის ქვის ერთი რიგია გაყოლებული და მას ეყრდნობა კუთხოვანებისა და Т-სებრი ელემენტებისაგან შემდგარი ლითონის შემინული კონსტრუქცია. კარკასის ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულია მოქლონებით. ცენტრალურ მრავალწახნაგა მოცულობაში მოწყობილია ტერასული ტიპის ბაქანი, რომელზეც ასასვლელი კიბის საფეხურები ეყრდნობა ლითონის ორტესებრ კოჭებს. ორანჟერეა მოსწორებულ რელიეფზეა გამართული, ლიკანის ტყე-პარკთან, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირის სიხლოვეს.
ეს ნაგებობა შემინული, წაგრძელებული ლითონის კონსტრუქციაა, დაფუძნებული ერთი მეტრი სიმაღლის აგურის წყობის კედელზე. ორანჟერეის წაგრძელებული ფლანგების გადახურვა ორქანობიანია, ხოლო შუა დარბაზის შემინულ გადახურვას რამდენიმე ქანობი აქვს. ლითონის კარიანი მართკუთხა შესასვლელები მოწყობილია ფლანგების მოკლე გვერდებსა და ასევე შუა დარბაზის ორივე მხარეს. ნაგებობის საყრდენი კედლების ძირითადი სამშენებლო მასალა ე.წ. `რუსული~ აგურია. მასზე თაროს ფორმით დაწყობილია ბაზალტის თლილი ქვების ერთი რიგი. დუღაბად გამოყენებულია ქვიშაცემენტის ხსნარი.
ქვისაა შუა დარბაზის ტერასის კიბის საფეხურები. ბაზალტის მოკლე საფასადო გვერდები ფლანკირებულია რუსტირებული ქვით აწყობილი და აგურის კბილანებიანი რიგით გაფორმებული პილონებით. ლითონისაა შემინული კარკასი. ასევე ლითონისაა შემინული კარები. სამხრეთ ფასადთან მიწაზე აღმოჩნდა რამდენიმე კრამიტის ნატეხი ლათინურენოვანი შრიფტით. შუა დარბაზის ტერასა-აივანს ქვის რვასაფეხურიანი კიბე აქვს. ქვის ორი სამსაფეხურიანი კიბე მოწყობილი ასევე შუა დარბაზის უკანა შესასვლელში.
ორანჟერეა აგებულია XIX-XXსს-ის მიჯნაზე და წარმოადგენს ლიკანის პარკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ-არქიტექტურულ საინჟინრო ნაგებობას. იგი მუდმივად გამოიყენებოდა თავისი დანიშნულებით და ამჟამადაც იგივე ფუნქციისაა. არსებობის განმავლობაში ხდებოდა გარკვეული სტრუქტურულ-გეგმარებითი ცვლილებები გამოწვეული ტექნოლოგიური გარემოებებით.
ორანჟერეა ლიკანის ტყე-პარკის არქიტექტურული ლანდშაფტის მხატვრულ-არქიტექტურული სახის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნაგებობაა. ეს არის მტკვრისპირა ბაქანზე კარგად მორგებული საინჟინრო სტრუქტურა, თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ესთეტიკითა და სამშენებლო ტექნოლოგიებით.