წელს, 3-5 მაისის ჩათვლით, პირველად საქართველოში, კერძოდ გურიაში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ით გაიხსნება.
ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „Bzhuzha Race“ სოფელ შემოქმედში მდინარე „ბჟუჟ“-ზე 2016 წლიდან იმართება და წელს ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი.
EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა ევროპის 4 ქვეყანა უმასპინძლებს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში, რომელშიც გურიის ოფროუდ ფედარაციისა და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები ჩაერთვებიან.
საქართველოში ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო ათლეტი.
2018 წელს „Bzhuzha Race“ გაშუქდება როგორც საქართველოში, ისე უცხოურ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში.
“Bzhuzha Race”, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით ტარდება.
ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „bzhuzha race“-ის ოფიციალურ გვერდზე : www.bzhuzharace.com
წყარო: guria.gov.ge