აბასთუმანი წინა საუკუნიდან

თუ ამ ბლოგს კითხულობ, ე.ი. ერთ–ერთი იმათგანი ხარ, ვისაც XXI საუკუნეში უცხოვრია, ან ამის შემდეგ. მაშინ, რასაც ახლა წაიკითხავ, უცხო არ იქნება, რადგან შენ  ერთ–ერთი ხარ, რომელიც ჩვენი, ან მომდევნო საუკუნეების პარადოქსული ცხოვრების ნაწილია.

ცხოვრების, სადაც  შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა ადამიანების შესაძლებლობებს ძალიან დიდი ზღვარი ადევს. სადაც ამბობენ, რომ დრო ფულია, თუმცა ეს ორი ნიშნული მაინც უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან. სადაც კომუნიკაციის უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ უფრო და უფრო ნაკლებს ვურთიერთობთ ადამიანები ერთმანეთთან. სადაც არჩევანი და თავისუფალი ნება გვაქვს, მაგრამ ხშირად მხოლოდ ერთი ვარიანტიდან გვიწევს „არჩევანის“ გაკეთება. სადაც ადამიანები ბედნიერებისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ამავე დროს ეშინიათ მისი. სადაც ცხოვრების ტემპი ძალიან სწრაფია, გაუჩერებლად უნდა ირბინო, იმისთვის რომ განვითარდე, მაგრამ არც ამ სირბილის და განვითარების სიჩქარის ნიშნული ემთხვევა ერთმანეთს.

შენ მარტო არ ხარ. მოგესალმები, მეც ერთ–ერთი ამათგანი ვარ, რომელიც ზოგჯერ მიჰყვება ცხოვრების ამ სტილს, ზოგჯერ საკუთარ ნება–სურვილს, ზოგჯერ კი ცხოვრება სთავაზობს არჩევანის გარეშე!

ეხლა რაზეც გიყვებით, არ ყოფილა არც ცხოვრებისგან მოწოდებული რეალობა, არც მის ტემპს აყოლილი თავგადასავალი. ეს ჩემი არჩევანი იყო.

მინდოდა წარსულში დავბრუნებულიყავი: იქ, სადაც ცხოვრების ტემპი და ადამიანები უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მათთანაც არის ცივილიზაციის ის წყარო, როგორიც ინტერნეტია. 90–იანებში, როცა დენსა და გაზზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, ჩემი ოჯახისთვის აბასთუმნის გოგირდის აბანოები ყოველკვირეულ ფუფუნებას წარმოადგენდა. ბავშვობის 8 წელს თუ გადავამრავლებთ წელიწადში არსებული კვირების რაოდენობაზე, სამნიშნა რიცხვს მაინც მივიღებთ–აი ამდენჯერ ვარ ნამყოფი აბასთუმანში. თუმცა შეგრძნება მაქვს, ერთი ამდენჯერვე რომ წავიდე, რაღაც ახალს აუცილებლად აღმოვაჩენ. ყოველი ახალი გამოცდილება, ახალ შეგრძნებებს გვაძლევს და მე ამ შეგრძნებებს ვაგროვებ.

შერძნებაზე გამახსენდა და ყოფილხართ ოდესმე სასტუმროში, სადაც თავი გიგრძვნიათ ისე, როგორც მშობლიურ სახლში?

ფოიეში მოგიზგიზე ბუხარი, გამზადებული ოთახი, სასადილოში 4 კაცზე გაშლილი სუფრა – მეგონა დედაჩემმა გაამზადა ყველაფერი, თვითონ ლოდინით დაღლილი მეზობელთან გადავიდა და თან ტელეფონიც გაიყოლა, გაიფიქრებდა რომ მოვა დამირეკავსო. ასეთი ოჯახური ატმოსფეროს შემხედვარე, ყველამ ადვილად მოვირგეთ როლი: მე ბარგის ამოლაგებას შევუდექი. ჩემმა ბიჭმა, ბუხარზე იზრუნა, რომ არ ჩამქრალიყო. ბავშვებმა სასტუმროს

ნახევარზე მეტი აითვისეს.

      

 

 

 

 

 

 

 

სანამ ვბარგდებოდით და ჩვენ სტიქიაში ვიყავით, დიასახლისიც დაბრუნდა, ოღონდ დედაჩემი არა, სასტუმროს დიასახლისი იყო. მართლა  მეზობელთან ყოფილა გადასული და მართლაც ჩემ ზარს ელოდა. რომ აღარ დავრეკე გადასამოწმებლად გადმოვიდა.

გემრიელი სადილის შემდეგ, იცით ალბათ, რა კარგია ბუხრის წინ მოკალათება, ფინჯანი ცხელი ყავა და საინტერესო თემებზე საუბარი.

ამ დროს სასტუმროს მეორე დიასახლისი ქალი მოდის, ყურს მოკრავს ჩვენ საუბარს და ცდილობს კომუნიკაციაში შემოვიდეს. ინტერესდება ჩვენი ამბებით და თავის პატარა ისტორიასაც გვიყვება. ამ დროს ჩემი ქმარი ადგილიდან გვეცლება. მე, გულწრფელ საუბრებს მონატრებული, ვუსმენ ამ ქალს და ვხვდები, რომ მხოლოდ მის ამბებს ვისმენ და ჩემსას ვერ ვიმეტებ. მერე იმასაც ვხვდები როგორი ძუნწი გავხდი, ამბების ძუნწი. ესეც დრომ და გამოცდილებამ მოიტანა…

სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ბავშები გარეთ თამაშობენ.  მერე რა, რომ  ძალიან ცივა. იმათ სულ არ სცივათ. მათთვის ეს არის ბედნიერება.

 

 

 

 

 

 

 

 

საღამოს ობსერვატორიაში ავდივართ, ჩვენი გალაქტიკის პლანეტების სანახავად. ისევ, ჩემი აბასთუმანში ვიზიტის სამნიშნა რიცხვს უნდა შევეხო და აღვნიშნო, რომ აქამდე არ მქონია მცდელობა ახლოს მენახა მთვარე და რას წარმოვიდგენდი, ბონუსად ვენერაც რომ დაემატებოდა. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, ერთ წერტილს დაინახავ მხოლოდ და არ გეზარება მაგის გულისთვის ამ სიცივეში გარეთ გასვლაო. სწორედ მაგ მიზეზით არ მქონდა აქამდე ნანახი, რომ ის „ერთი წერტილი” იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის უკვე გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების ძირითადი მოტივი შეგრძნებების შეგროვებაა, რაც მეტი ახალი და სასიამოვნო შეგრძნება იქნება, მით უკეთესი. აი მაგალითად, ეს „წერტილი“ იმ ასაკში რომ მენახა, რა ასაკშიც ჩემმა შვილებმა ნახეს, შეგრძნება უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა ჩემთვისაც. მე და ჩემ უფროს გოგოს, მთვარის დანახვაზე ერთი და იგივე ასოციაცია გვქონდა: ორივეს ნასვრეტებიანი ყველის ასოციაცია გაგვიჩნდა, ოღონდ იმის შეგრძნება უფრო მძაფრი იყო. ასე მითხრა, დედა მე ხო უნდა გავფრინდე მთვარეზე და ყველის ერთ ნაჭერს აუცილებლად წამოგიღებო. ემილიმ, უმცროსმა გოგომ საერთოდ ვერ გაიგო რას შეხედა, მაგრამ სამაგიეროდ იმას ეგონა გაფრენას ვაპირებდით და უხაროდა. ჩემი ქმარი, ტელესკოპის შესაძლებლობებს იკვლევდა ობსერვატორიის გიდთან ერთად. მე კი   ვხედავდი, ერთი და იგივე ფაქტს, ყველასთვის რომ სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა და სხვადასხვა შეგრძნებას იწვევდა.

ობსერვატორიაში დანახულ მთვარეს ვერა, მაგრამ ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივით დანახული მთვარე შემიძლია გაგიზიაროთ.

 

 

 

 

 

 

 

იქიდან წამოსულებს, აგვყვა პლანეტების, გალაქტიკების, დროის მანქანის თემა. ვსაუბრობდით   სხვა პლანეტების ცივილიზაციაზე, გაგიკვირდებათ და მარსზე გადასახლებაზეც. ჩვენი საუბრით შთაგონებული ანასოფია, მეორე დღეს, აბასთუმნის ტყეში სეირნობისას, გვიყვებოდა დედამიწაზე. რომ ყველაზე საყვარელი პლანეტა დედამიწაა და აქ ძალიან ლამაზია ყველაფერი. ბაღში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებიდან გამოყოლილი ინფორმაციით, გვმოძღვრავდა როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას და მოვუაროთ ხეებს.

 

 

 

 

 

 

ანასოფია ჯერ პატარაა და ვერ ხვდება სამყაროს როგორი პაწაწინა ნაწილია თვითონ, მაგრამ როგორი დიდი ძალა აქვს მის ფიქრებს.

ზუსტად ვიცი, დროთა განმავლობაში ისიც ისწავლის ახალი შეგრძნებების პოვნას და შეგროვებას. ვინ იცის, იქნებ მართლაც გაფრინდეს მთვარეზე, როგორც ამას თვითონ ამბობს, მაგრამ მანამდე, ვიცი, რომ აქვე ეცდება ახალი სამოთხეების აღმოჩენას, მაგალითად ისეთის, როგორიც აბასთუმანია.

  

ემილი, კიდევ უფრო პატარაა, მაგრამ ის თავად არის ახალი შეგრძნებების ამოუწურავი წყარო.

რაც შეგვეხება ჩვენ, ყველას ერთად, მომავალში კვლავ გავაგრძელებთ ახალი და სასიამოვნო შეგრძნებების შეგროვებას. მანამდე კი, კიდევ ერთი ადგილი გვაქვს, სადაც ყოველდღიური რუტინით და ამოუსუნთქავი ცხოვრებით დაღლილებს, ისე დაგვხვდებიან, როგორც მშობლიურ სახლში.

 

 

 

 

 

 

პ.ს. თუ მოხვდებით აბასთუმანში და სასტუმროს ადმინისტრაცია გეტყვით, რომ პარკის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, მარცხნივ უნდა გადმოუხვიოთ, მანდ დიდი სატვირთო ავტომობილი დგასო,  ფოტოსაც გაგიზიარებთ, რომ არ დაიბნეთ უცხო მხარეში. მე პირადად კარგად ვიხალისე და მწვანე სასტუმროს სავიზიტო ბარათი დავარქვი ამ სატვირთო მანქანას 🙂

Tags: