ნეპალი ჰიმალაის მთებში, ინდოეთსა და ჩინეთს შორისაა ჩამალული. აქ თქვენ შეხვდებით მსოფლიოს ყველაზე მაღალ ათ მწვერვალს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალს – ევერესტს, ლუმბინისა და ტიბეტის საზღვართან, იქ სადაც დაიბადა გაუტამა ბუდა – ბუდიზმის დამაარსებელი. ადგილობრივები ევერესტს საგარმათხას უწოდებენ და ამბობენ, რომ ნამდვილი ტურისტი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა იყოს ნამყოფი ამ მთის ძირში და დატკბეს მისი სილამაზით.
ნეპალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობა გავლენას ვერ ახდენს „ ევერესტის მიწაზე“. არქეოლოგიურად უდიდესი მნიშვნელობის ტაძრები, ამაღლებული ბუნება და თვალწარმტაცი საფეხმავლო ბილიკები ეგზოტიკის მოყვარული ტურისტებისათვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.
ნეპალის კლიმატი სეზონების მიხედვით საკმაოდ ცვალებადია. საუკეთესო დრო ნეპალში სამოგზაუროდ შემოდგომა და გაზაფხულია. შემოდგომა ადრეულ სექტემბრიდან იწყება და დეკემბრის დასაწყისამდე გრძელდება. ამ დროს ნეპალში მზიანი დღეეები და თბილი საღამოებია. გაზაფხულის სეზონი მარტის დასაწყისიდან მაისის დასასრულამდე გრძელდება, თუმცა ამ დროს ხშირია წვიმები.
განსხვავებული ენით, კულტურით, ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით ნეპალი ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილია. ჰიმალაის დიდებული ხედები და ლანდშაფტების მრავალფეროვნება ადამიანური წარმოსახვის საზღვრებს სცდება.
ნეპალის ტრადიციული კერძია დჰალ ბაათი, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეულით ან ხორცით შეზავებულ ბრინჯს წარმოადგენს. ასევე შეხვდებით ხინკლის მსგავს კერძს – მომოებს, რომელსაც მრავალფეროვანი შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ნეპალში, როგორც ინდუისტურ ქვეყანაში რთულად შეხვდებით ძროხისა და ღორის ხორცს, პური კი ძირითადად ბრინჯითაა ჩანაცვლებული.
ნეპალი მკაცრი სავიზო პოლიტიკით არ გამოირჩევა, რაც პირდაპირ აისახება მათ ტურისტულ პოტენციალზე. უცხოელ ტურისტს ნეპალში წელიწადში 155 დღის გატარება შეუძლია. აეროპორტში 2 კვირიანი ვიზის აღება 25$, 1 თვიანი – 40$, 3 თვიანი კი 100 $-ად შეგეძლებათ. აუცილებელია თან იქონიოთ 2 ფოტოსურათი.