22-24 მარტს ჩინეთში, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგდუში „ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა“ (The 98th China Food & Drinks Fair) გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 32 კომპანია მონაწილეობს.
გამოფენა „China Food & Drinks Fair“ ტარდება 1955 წლიდან და მიჩნეულია უმნიშვნელოვანეს გამოფენად ჩინეთში. საგამოფენო სივრცე გაშლილია 300 ათას კვ.მ-ზე და მასში ყოველწლიურად წარმოდგენილია 4500-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას სტუმრობს 200 ათასზე მეტი ვიზიტორი.
გამოფენას ესწრება ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე, რომლის თქმითაც, წლევანდელი გამოფენა კომპანიებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები აღნიშნულ გამოფენაში უკვე მეოთხე წელია მონაწილეობენ და აღსანიშნავია, რომ მონაწილე კომპანიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წლევანდელი გამოფენა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა გამოფენის მსვლელობის დროს უკვე გააფორმა ახალი საექსპორტო ხელშეკრულება, რამდენიმემ კი მოლაპარაკებები დაიწყო პოტენციურ იმპორტიორებთან, რაც არის კიდეც აღნიშნულ გამოფენაზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მთავარი ამოცანა“ – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „გიუაანი“, „კახური“, „ვიტე ვერა“ (ბესინი), „ვინაგორა“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „BG Wines”, „ჩელთი“, “თბილღვინო”, “ფალავანი”, “კოტეხი”, “ვაინმენი”, “ქიმერიონი”, “შილდა”, „სათავადო“, “თელიანი ველი”, „ჯიმშერი“, “კორპორაცია ქართული ღვინო”, “ბოლერო და კომპანია”, “შატო მუხრანი”, “მეღვინეობა ხარება”, GWS, “ბატონო”, KTW, “მარანული”, “ქართული ღვინის სახლი”, “მოსმიერი”, შპს „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმანის ღვინოები“, “ვაზიანი კომპანი” და „დუგლაძეების ღვინის კომპანია“.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო