თვალი,რომ გავახილე და გამახსენდა თვითმფრინავში ვიჯექი, ნიშნისმოგებით გავიღიმე, ალბათ სამყაროს მიმართ, და მაშინათვე ფანჯრიდან გავიხედე.ხედები,ხედები,სილურჯე,ღრუბლები რა თქმა უნდა მომაჯადოებელია !მივირთმევ ყავას და სურათებს ვუღებ ხედებს რომელიც ძალიან სათუთი და ძვირფასია ჩემთვის. ღრუბლები ახლა ფრინველები არიან,რომლებიც ღმერთის ნახატებივით მშვიდად დაცურავენ ირგვლივ..ჩემი თვითმფრინავი კი ჩიტებზე უფრო ლამაზად მიაპობს ცას..რადგან ძალიან ბედნიერი ვარ,არ დამიჯერებთ,მაგრამ გაგიმხელთ,დავინახე ღმერთმა როგორ მიიხურა სახლის კარები და გაუჩინარდა..ეს იდუმალი განცდა კი იმიტომ მეწვია,რომ აქ,ყველაფერი იდუმალია და არ შემიძლია ახლა უბრალოდ ვწერო მხოლოდ..
შემდეგ კი გამოჩნდა ნავსადგური…რამდენჯერაც არ უნდა გადავუფრინო ბოსფორს,რამდენი ჩანაწერიც არ უნდა დავტოვო აქ,ალბათ ზუსტად ვერასდროს გადმოვცემ რას ვგრძნობ…ვგრძნობ სიმშვიდეს,რომელსაც ბოსფორში გაჩერებული გემების დანახვისას განვიცდი…ვერ გამირკვევია ერთ ადგილას დგანან თუ ცისფერ კვალს ტოვებენ წყალში.შემდეგ მოუსვენრობა მიპყრობს..თვალები,სახე,უფრო ახლოს მიმაქვს ფანჯარასთან და ბავშვურად ვიღიმი.თვითმფრინავი დაეშვა სტამბულში..აჩქარებული ნაბიჯებით გამოვედი აეროპორტიდან და წიგნისთვის საჭირო ამბების დამახსოვრება დავიწყე კიდეც!
***
წიგნის საქმე კარგად მიდის.ზუსტად ისე ვწერ და გადმოვცემ ჩემს სათქმელს,როგორც ვგრძნობ.არ ვიცი რატომ ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.შეიძლება იმიტომ,რომ აქ ის სილამაზე ვიპოვე,რომელიც ჩემს წარმოსახვას აფერადებს უფრო მეტად,ვიდრე რომელიმე სხვა ევროპული თუ აზიური ქალაქი.მარტო ყოფნაც არ არის მოსაწყენი.თან როდესაც წიგნზე მუშაობ და მარტო დარჩენა საჭირო და აუცილებელია.ტაქსით სტამბულის ევროპულ ნაწილში გადავდივარ.დღეს აია-სოფია მსურს რომ დავათვალიერო,თუმცა ჯერ გულჰანეს პარკს ვსტუმრობ.”ყვავილების სახლი” ასე ითარგმნება პარკის სახელი – სადაც შეგიძლიათ გარე კაფეებში დასხდეთ,შეუკვეთოთ ჩაი,ტკბილეული და დატკბეთ ბოსფორისა და მარმარილოს ზღვის ხედებით.მეც ასე ვიქცევი.ვუკვეთავ ჩაის, შემდეგ კაპუჩინოს,ვკითხულობ წიგნს და დრო და დრო ჩანაწერებს ვაკეთებ რვეულში.კონცენტრაციის უნარი და გარშემო თავისუფლება მეხმარება ზუსტად ავღწერო ჩემი გრძნობები. რამდენიმე მეტრის დაშორებით ფილმს იღებენ.ფილმის მონაწილეც ვხვდები..
ყველაზე რთული კი არის ის,რომ წიგნის სიუჟეტი მოითხოვს იყოს განსაკუთრებული,საინტერესო,თუმცა როდესაც უცხო ქალაქში ჩადიხარ და უცხო ქუჩებს ათვალიერებ – შენ ისევ ისეთი ხარ, შენი ფიქრებით,სულით და ასე რომ ვთქვათ რთულია შექმნა რაღაც ახალი. აქ სილამაზე სულს აფერადებს,თუმცა მე ისევ ის ვარ..მონათხრობი ჩემზე კი არ ვიცი შეიძლება არის თუ არა საინტერესო.კაფეებთან ახლოს მდებარეობს ბიზანტიის დროინდელი მონასტრის ნანგრევები – ეს სიძველე კი მართლაც მოქმედებს ჩემზე და ჩემი სულიერი სამყარო იცვლება..
ამის შესახებ მოგვიანებით გიამბობთ.