ფიროსმანის გამოფენა პოლონეთში

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, 2018 წლის 30 იანვარს, საელჩოში ოფიციალურად გაიხსნა ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ფიროსმანის გამოფენების აფიშების ორიგინალებისა და მხატვრის სურათების ასლების (ორიგინალის ზომის) ექსპოზიცია სახელწოდებით „ნიკოფიროსმანი და მსოფლიო“.

ფიროსმანის სურათებთან ერთად გამოფენაზე ექსპონირებულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ნიკო ფიროსმანშვილის პორტრეტი. გამოფენაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ფიროსმანის მუზეუმის კატალოგიც წარადგინა, რომელმაც დამთვალიერებელს მხატვრის შემომქედებით მემკვიდრეობასა და მუზეუმის კოლექციებზე უფრო სრულ წარმოდგენა შეუქმნა.

ქართულმა ექსპოზიციამ დამთვალიერებელს ნიკო ფიროსმანის საქართველოსა და საზღვარგარეთ გამოფენების ამსახველი აფიშების გაცნობის შესაძლებლობა პირველად მისცა. ღონისძიების მთავარ ექსპონატად წარმოჩინდა ვარშავის სახალხო მუზეუმში 1968 წელს მოწყობილი გამოფენის ორიგინალი აფიშა, რომელიც უძველესია ფიროსმანის მუზეუმის კოლექციაში დაცულ მხატვრის გამოფენათა აფიშებს შორის.

საელჩოში გამოფენილი ექსპოზიცია 2018 წელს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გახსნის ცერერემონიაზე დამსწრე პოლონურ საზოგადოებას და ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ.

ფიროსმანის მსოფლიო გამოფენათა აფიშები საელჩოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება.

2018 წელს ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება. დღემდე ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების 100-ზე მეტი გამოფენა მოეწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომელთა შორისაა პოლონეთი, საფრანგეთი, იტალია, უნგრეთი, რუსეთი, გერმანია, იაპონია, ესტონეთი, ლატვია და სხვა. 

სიმბოლურია, რომ ფიროსმანის ნახატების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით პოლონელ ძმებ კირილე და ილია ზდანევიჩებს, რომელთაც ფიროსმანის შემოქმედება მის გარდაცვალებამდე 6 წლით ადრე 1912 წელს„აღმოაჩინეს“. 1916 წელს თბილისში, საკუთარ სახელოსნოში, ზდანევიჩებმა ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა მოაწყვეს, სადაც ექსპონირებული იყო ფიროსმანის მათ მიერ შეგროვებული 50 ნამუშევარი.

ეს იყო ფიროსმანაშვილის სურათების პირველი პერსონალური გამოფენა. მოგვიანებით, ზდანევიჩებმა ფიროსმანის ტილოები უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს.

ცნობილი ქართველი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (1862-1918) შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღეისათვის საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ 200-ზე მეტ სურათს აერთიანებს.

ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

ფოტო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Tags: