სალაშქრო სია – რა წავიღოთ და როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

  • Home
  • ბლოგები
  • სალაშქრო სია – რა წავიღოთ და როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

ზაფხული საუკეთესო დროა ყოველდღიური რუტინული ცხოვრებისა და განსაკუთრებით დამღლელი სამუშაო თუ სასწავლო წლის შემდეგ.

თითოეული ჩვენგანი რელაქსაციის სხვადასხვა საშუალებას მიმართავს. ზოგს ურჩევნია მშვიდი არდადეგები ჰქონდეს, ზოგს კი პირიქით – აქტიური და თავგადასავლებით სავსე, მაგალითად როგორიცაა ლაშქრობა.

ლაშქრობა ერთი შეხედვით მარტივი და სახალისოა. ჩაალაგე ჩანთა და გაუდექი გზას. მაგრამ საკმაოდ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი მანამ, სანამ “დიდ მოგზაურობას” შეუდგები. კარგად დაგეგმილი ლაშქრობა კი იდეალურად გატარებული დღეების გარანტიაა.

მიუხედავად იმისა რომ ზაფხულამდე ჯერ ცოტა შორია, სალაშქრო სეზონი უკვე ოფიციალურად გაიხსნა და წინ უამრავი თავგადასავალია.

აღნიშნულ ბლოგში მინდა გაგიგზიაროთ საკუთარი გამოცდილებები და მოგცეთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ რა და რატომ დაგჭირდებათ ლაშქრობისას.

თუ ბარგის ჩალაგებას იწყებ, გირჩევ გადახედო ქვემოთ მოცემულ “სალაშქრო სიას”:

  • “აფთიაქი” – პატარა ყუთი პირველადი დახმარების ნივთებით და ტკივილგამაყუჩებელი აბებით.

მთაში, სიმაღლესთან ერთად წნევის ცვლილებამ, ასევე გრძელმა და დამღლელმა გზამ, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. კარგია, როდესაც ამ პრობლემის გადაჭრა იოლად შეგიძლია.

  • ნავიგაცია რუკები, კომპასი, ჯიპიესი. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ადგილობრივებთან კონტაქტია, რა თქმა უნდა თუ ამის საშუალება გაქვთ.
  • სანათი – საკმაოდ მოსახერხებელია თავზე გასაკეთებელი ფანარი

  • ცოტაოდენი ფული 
  • მობილური ტელეფონი – ეს იმისთვის რომ დედა მშვიდად იყოს.
  • კარავი, საძილე ტომარა, პარალონი – თუ რამდენიმედღიან ლაშქრობას გეგმავთ.
  • მზისგან დამცავი საშუალებები – მზის სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი. ღრუბლიან ამინდშიც კი არის დიდი შანსი, რომ კანის დამწვრობა მიიღოთ.
  • წყალი – 1 ბოთლი წყალი, უკეთესია თუ გაქვთ თერმული ბოთლი ან ჭიქა.
  • საკვები – ლაშქრობა დიდ ენერგიას მოითხოვს, ასე რომ კალორიული საკვები უკეთესია. არ წაიღოთ მალფუჭებადი საკვები. გზად წახემსებისთვის საუკეთესოა თხილი და ტკბილეული.
  • ტანსაცმელი – ცოტა და კომფორტული ტანისამოსი. არ გირჩევთ იმოგზაუროთ მძიმე ჩანთით, ასე რომ მთელი გარდერობის წაღება არაა აუცილებელი.  წაიღეთ მხოლოდ 1 წყვილი ტანისამოსი. თუ ღამის გათევას აპირებთ აუცილებლად წაიღეთ თბილი ტანისამოსი და წინდები (მე ყოველთვის თან მიმაქვს თბილი ქუდიც).

ლაშქრობის ერთ-ერთი საჭირო აქსესუარი საწვიმარია!

  • ფეხსაცმელი – ფეხსაცმელი ლაშქრობაში ყველაზე მნიშვნელოანია. ალბათ შეხსენებაც ზედმეტი იქნება რომ იგი ყველაზე კომფორტული უნდა იყოს, თუმცა ასევე გირჩევთ დამატებით წაიღოთ “სათადარიგო” ფეხსაცმელი. შესაძლოა მდინარის გადალახვა მოგიწიოთ ან გაუთვალისწინებელი შემთხვევის მსხვერპლი გახდეთ. სველი ფეხსაცმლით სიარული ლაშქრობაში არც თუ ისე სასიამოვნოა.

  • პირადი ჰიგიენის ნივთები 
  • ასანთი ან სანთებელა – ეს იმშემთხვევაში თუ ქვებთან წარუმატებელი ურთიერთობა გაქვთ.
  • ჯიბის დანა ყველაფრისთვის მზად რომ იყოთ.
  • კამერა – დასანანი იქნება თქვენს მოგზაურობებს ფირზე თუ არ აღბეჭდავთ.
  • უბის წიგნაკი  მეტი განცდების გადმოსაცემად – წერეთ!
  • ზურგჩანთა – რაღათქმაუნდა მოგზაურობა თქვენი საუკეთესო მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია.

 

დამატებითი რეკომენდაციები

  • ჭიქა – სასურველია მეტალის
  • ყავა ან ჩაი – ეს ხომ ყოველთვის შესანიშნავი იდეაა!
  • წიგნი – თუ წიგნის მოყვარული ხართ
  • მწერების საწინააღმდეგო სპრეი
  • პორტატული დამტენი ან მზის ბატარია
  • სასტვენი იმ შემთხვევაში თუ დაიკარგეთ, გამოგადგებათ
  • სალაშქრო ჯოხები – ლაშქრობაში საუკეთესო მეგობრები არიან

გაითვალისწინეთ

  • ყოველთვის ჩაალაგეთ ჩანთა გამგზავრებამდე წინა ღამით. დილისთვის ნუ მოიტოვებთ საქმეს.
  • კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ჩანთაში მოთავსებული ნივთები, რადგან რაიმე არ გამოგრჩეთ.
  • აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი კარავი.
  • გამგზავრების წინ, კიდევ ერთხელ  შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი (სადაც აპირებთ გამგზავრებას).
  • მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც მიდიხართ.
  • გადაამოწმეთ თქვენი ტელეფონი დამჯდარი,რომ არ იყოს (ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა).
  • თითოეული მოგზაურობისთვის გააკეთეთ მუსიკების ახალი “ფლეილისტი” და არ დაგავიწყდეთ ყურსასმენების წაღება.