„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინის ნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ – დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ყურძენი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“ – ნათქვამია გამოცემაში.
ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის – „გადაჭრილი გორას“ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებენ საერთაშორისო ინტერდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“.