შოთიდან პიცამდე

როგორც  ჩემი თანამემამულე და დიდი მოგზაური ეკატერინე იტყოდა,ჭეშმარიტი მანდილოსნისთვის, ,,ჩამადნის”ჩალაგებით ბევრი საინტერესო ამბავი და გამოწვევა იწყება,ნუ არც ზურგჩანთაა ხელწამოსაკრავი  კი არა და  საუკეთესო საშუალებაა ნებისყოფის გასამტკიცებლად და პატრიოტული მოტივების გასაღვივებლად,მაგრამ ეს გაღვივებულ-გამტკიცებული რომ მერე  მისდგები -მოსდგები და ,,ჩამადანზე” გადახვალ,ეს უკვე სერიოზული თემაა შენს ცხოვრებაში,ანუ ის,თუ რა კვალს დატოვებს შენი პიროვნების ზრდაში,ეს ჩალაგება-ამოლაგება,ერთობ მნიშვნელოვანია…

….და აი,ჩემი ამბავიც,აი,მზე,რომელიც  ფოსფორისფერი ზურგჩანთიდან ამოვიდა,ნუ თავიდან ,ტომასას ენაზე რომ ვთქვათ,,მანქნით” დავიწყე ,,კაი ცხოვრება და ,,კაი პური ჭამა”, შემდგომში,მხრებზეც ჩამოვიშალე ნაწნავი და ეკლებზეც შემოვიხიე კაბა,დათვი მყავს მოკლული კი არა და მთაში გაფიცხებულ ცხენზე ამხედრებული მთვრალი მწყემსი კი დამჯახებია,ალუდა ქეთელაურთან კი მიძალავია და უკმეხად შემოთავაზებული  ერთი ჭიქა ჟიპიტაური არ დამილევია ღირსების ამბავში,ორმოცდაათი კილომეტრი კი მირბენია ტობავარჩხილიდან სოფლის შარამდე,დაწყლულებული ფეხებიც მომიშუშებია და  კიდევ ბევრ წყალსაც ჩაუვლია და ამოუვლია,არხოტამდისაც ავსულვარ და იმის იქითაც .

 

 

ახლა  ეს,,ერთი წისქვისლის ქვას არ გადაუვლია ჩემზე” და ,,დათვი მყავს მოკლული” სტილი იქით იყოს და ყველამ თავის,,ჩამადანს ” მიხედოს,მე ჩემ ამბებს ამოგილაგებთ:

მოკლედ ერთ მშვენიერ დღეს,უვიზო  რეჟიმის პირობებში,რაღაც ,,მანქნებით” ანუ მანქანებით,იტალიელებმა გიჟივით თავისუფლად აღმიქვეს და მეც გავიარე და გამოვიარე და სხვათა შორის ვიხეირე, დიდი გოგოც გავიზარდე,და კიდევ დიდხანს ვიქნები გოგო|,გოგოში რა თქმა უნდა ახალგაზრდობის განუსაზღვრელი ასაკი იგულისხმება,რომელიც მართლაც რომ განუსაზღვრელია ევროპაში,ჩვენგან განსხვავებით,ჩვენ ხომ ბავშვობის ასაკიდან პირდაპირ სიბერეში ვეშვებით,ვიბოჭებით ურყევი წარმოდგენებით,რა ასაკში რა შეგვეფერება და რა არ შეგვეფერება და მათ დარღვევის შემთხვევაში, ისეთივე განცდა გვეუფლება,როგორც პიცაზე ,თუ ის არაა ჩახრაკულ-ჩათუშილ-ჩაჟიპჟიპებული(დროდადრო ჩემს ოქროს ფონდს გაგიხსნით ქიზიყური დიალექტის მარაგიდან),სინამდვილეში პიცა სულ სხვანაირია და ჩვენ სულ სხვა წარმოდგენა შევიქმენით მასზე.ამ წერტილის იქით,მხოლოდ კარგი ამბები არაა იტალიელებზე ისეთებსაც მოვაყოლებდი,როგორებიც არამც და არამც უნდა მოხვდეს ჩვენს ,,ჩამადანში“ რათა არ ჩამოვიყოლოთ სააქაოს,მაგრამ იქნებ არ ღირს აქ და ამ ადგილას სხვის ცუდზე მითითება,მე კარგს დავწერ და რაც ის მიღმა დარჩება,ფიქრი თქვენთვის მომინდია,მხოლოდ ერთ პატარა მინიშნებას გავაკეთებ,იტალიაში ჩასულმა,სამუშაო პირობებში,პირველი ორი სიტყვა რაც ვისწავლე ასე ითარგმნება:,,მე მონა არ ვარ“!!!)))დანარჩენიკი იყოს კარგები და კეთილები))) აა,კიდო- იტალიელებს აქვთ ასეთი გამოთქმა,,italianissimo”,რომელიც მე ძალიან მომწონს და  ითარგმნება როგორც ,,უიტალიურესი” და ის ნივთი რომელსაც ამ სიტყვით შეამკობენ,ითვლება რომ არის საუკეთესო,ვისურვებდი ოდესმე საქართველოშიც გვქონდეს ასეთი ფუფუნება,მიუხედავად იმისა რომ მდიდარი ენა გვაქვს,სამწუხაროდ ,,იტალიანისიმოს” საპირწონედ ჩვენ გვაქვს სიტყვა ,,საუცხოო” და ეს განწყობა ვთვლი რომ ბევრად უკან გვწევს ცხოვრებაში,მიუხედავად იმისა რომ ხანდახან ზუსტად გამოხატავს თავის მნიშვნელობას,საბედნიეროდ ბევრი რამ გაგვაჩნია ,,უქართულესი” და კარგი იქნებოდა ისევე დაგვეფასებინა ,როგორც იტალიელები იფასებენ თავს.

ცუდზე საუბარი არ მინდა მაგრამ ამ იტალიურ თვითდაჯერებულობას რომ თავისი მინუსებიც აქვს არ შემიძლია არ დავწერო,რადგან გულში ხინჯად ჩამყვა ის ამბავი,რომ ჩემი ენის მასწავლებლები,ჩემი  საწყალი იტალიურით,ვერაფრით დავარწმუნე,რომ ვაზის სამშობლო საქართველოა და არა იტალია,იუნესკოს აღიარება უკვე საქართველოში წამომეწია და არ ვიცი შეიტყეს თუ არა მათ ამის შესახებ,თუმცა იმედი მაქვს და საერთოდაც იმედებით სავსე ვარ,იმედებით,რომლებიც შეცვლიან ევროპელების წარმოდგენებს და დამოკიდებულებებს ჩვენს შესახებ და რომლებიც ასევე შეცვლიან ჩვენი ქცევის წესებს და გაგვიღრმავებენ პასუხისმგებლობებს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტის(და არა მარტო) მიმართ გარე სამყაროში,თუმცა ბევრ მსჯელობას ჯობია მსუბუქად გიამბოთ პატარა მონაკვეთები ჩემი იტალიური შთაბეჭდილებებიდან:

ცოტა ვიმუშავე ცოტა ენა ვისწავლე და თავის პატივისცემაც არ დავივიწყე,ახლო-მახლო მონაკვეთებიც მოვინახულე და  შორსაც წავედი,მაგალითად ძალიან მომეწონა ციხე-ქალაქი მატერა,რომელიც ჯერ კიდევ პალეოლითის ხანიდანაა დასახლებული და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში,მის ისტორიის შესახებ მეტს არ დავწერ,შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ, აქ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურადღება,მატერა კიდევ ერთი მაგალითია,იმის თუ როგორ ელოლიავებიან იტალიელები საკუთარ ისტორიულ მემკვიდრეობას,ტურიზმს და როგორ გონივრულად ეხერხებად თავის წარმოჩენა,შობის წინა პერიოდში,მატერა ცოცხლდება,ცოცხლდება ძველი იტალია მისი ყველა დეტალით,უბრალო ადამიანების,სასულიერო პირების,მონების  ,კეისრების ყოველდღიური ცხოვრებით,ქალაქი სავსეა ტურისტებით,ისე სავსე,რომ ნემსი არ ჩავარდება,ფაქტიურად ცალ ფეხზე ვიდექი ბილეთის რიგში

 

 

 

 

 

აი,იქ გამიჩნდა კიდევ ერთი სურვილი,რომელიც ( კიდევ ერთხელ ვიხმარ სიტყვა იმედს),იმედი მაქვს ოდესმე ამიხდება,რა კარგი იქნებოდა,ჩვენც აგვეღო ეს მაგალითი მათგან,მით უმეტეს უამრავი ისტორიული ძეგლი გვაქვს,ასე ,მთელი მისი დიდებულებით  გაგვეცოცხლებინა ჩვენი ისტორია,მოგვეზიდა ტურისტები,რათა ევროპაში ჩასულ ქართველს,ვინმემ ტელევიზორის ჩართვა-გამორთვა,ან კარტოფილის გაფცქვნა არ ასწავლოს.

გულით მინდა ერთი სახალისო ისტორიაც ჩავტიო ამ შეზღუდულ სიტყვათა რაოდენობაში,რომელიც კარგად გაგაცნობთ სამხრეთ იტალიელების ტემპერამენტს,აი,ისიც:

ვენეციაში ღამის ავტობუსით გავემგზავრე,მეორე სართულზე ვიჯექი,წინ ,ნაპირზე ჩემს გვერდით,მეორე რიგში ,ჩემი ასაკის გოგო იჯდა ბავშვთან ერთად და აი,სიტუაცია :ღამეა,ყველას ძინავს,მეც ძილ-ღვიძილში ვარ,უცებ ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა,წინ მანქანამ ,,მოგვიფხოჭინა“,ისე როგორც ფილმებშია,მერე დაბლა რაღაც ჩოჩქოლი შეიქმნა,მერე კაი ჯანღონიანი იტალიელი მუტრუკი ამოვარდა კიბეებზე,უკან მანდილოსანი მოზანზარებს,მოაქვთ არე-მარე,გამოიარეს უკანა რიგები და პირდაპირ ჩემი მიმართულებით მოდიან,გასკდა ეს ნამძინარევი გული,ვეღარა გავიგერა,აი,მომადგნენ და რომელ მინას ვეძგერო აღარ ვიცი და მაქციეს ამასობაში ზურგი,ჩემს გვერდით მჯდომ გოგოს სწვდნენ ჯერ თმაში,კარგად მიჩეჩ-მოჩეჩეს,მობილური წაართვეს,მერე ბავშვს სტაცა მამაკაცმა ხელი იღლიებში,ფეხებში გოგომ ჩაავლო და არის ერთი გაწევ -გამოწევა,გაგლიჯონ ლამის ბავშვი,ავტობუსი დუმს ,არადა ლამის მე ჩავერიო,ისეა საქმე,მადლობა ღმერთს მეყო თავშეკავება,ამასობაში მოვიდა პოლიცია,კვანძიც გაიხსნა,გოგო ქმარს გასცილებოდა და ბავშვთან ერთად ჩრდილოეთში მიდიოდა ბედის საძებლად,ქმარი და დედამთილიკი არ აძლევდნენ ნებას,დაბლიდან მამამთილი გვიღერებდა მუშტებს,დედა-შვილს საბუთები წესრიგში ქონდათ ,დაგვაშოშმინეს და გაგვიყენეს კუდიგორის კი არა,ვენეციის გზას,ამ ამბის ფონზე,ლამის ვენეციაც კი გაუფასურდა,ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

 

ახლა საღერღელი ამეშალა,მაგრამ ვინაიდან ,,თლა უფროსი“ მზღუდავს, მოკლედ მოგიჭრით და შინ მშვიდობით მივალ,ჩაალაგეთ ,,ჩამადნები“,,წაით“,,წამოით“,მაგრამ ნურც ნურაფერს გაიკვირვებთ ნურც ნურავის გააკვირვებთ,უბრალოდ იამაყეთ საკუთრით და დააფასეთ ,,სხვითა“,ჩემი თავი,თქვენი კისერი <3

ნინო ბოქოლიშვილი