იტალიაში მოგზაურობა არასოდეს ყოფილა ჩემი მიზანი,მაგრამ ბედის ირონიით, უამრავჯერ მოვხდი ამ ქვეყანაში და ძალიან შემიყვარდა. იტალია ჩემთვის ასოცირდებოდა საფეხბურთო ნაკრებთან, რომელიც ჩემს გერმანიას ხშირად ამარცხებდა და ბავშვობის ტრავმას მიღვივებდა.მე ადრეული გოთიკა მიყვარს, ბაროკო… და ამას შუა საუკუნეების გერმანულ ქალაქებში ვჰპოვებდი.
ხან ველტენბურგის ხეობას ჩავუვლიდი, ილუმინატორიდან გადმოვხედავდი მწყობრად ჩალაგებულ სახლებს და გული სიხარულით მევსებოდა. ალპებში გავიჭრებოდი, ნოიშვანშტაინს ვნახავდი და გერმანიას ვთვლიდი სამოთხედ.
ამჯერად კი იტალიაზე მოვყვები, გერმანიაზე უამრავი დამიწერია, კიდევ დავწერ და არ გავჩერდები. პირველად იტალიაში 2010 წლის ივლისში მოვხვდი. მიუნხენიდან დავიძარი და ულამაზეს, ალბათ, ბევრის ოცნების ქალაქ ვენეციაში აღმოვჩნდი. ვენეცია მე არასოდეს მხიბლავდა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ქალაქი წყალზე ყველა მოკვდავმა უნდა ნახოს. მთრგუნავდა ვიწრო ქუჩები და წყლის სუნი. იქ კაც კომპასად ვიქეცი, ჩემთვის ყველა გზა სან მარკომდე მიდიოდა, ვუყურებდი სან მარკოს, გავცქეროდი ადრიატიკის ზღვას და ვფიქრობდი ვენეციის წარსულზე, უფრო მომავალი მადარდება, შეიძლება მალე ადრიატიკის დედოფალი წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ადრიატიკის ზღვის დედოფალი, დიახ, ამ სახელს ამართლებს ვენეცია, იქვე სანაპიროზე ჩამოვჯდები, დავტკბები იტალიური მუსიკით, მწველ მზეს მივეფიცხები და ვიტყვი, რომ ცხოვრება მშვენიერია….
როდესაც ვენეციისკენ მივდიოდი, გავიარე ულამაზესი ავსტრია, ქალაქი ინსბრუკი მოსჩანდა შორიდან, რომელიც ჩაძირულია ალპებში. ეს ავსტრიის ყველაზე ვიწრო ყელია და მალე აღმოვჩნდი იტალიაში, სამხრეთ ტიროლში, რომლის ლანდშაფტმაც მომაჯადოვა. ერთმანეთს ენაცვლება გერმანული და იტალიური წარწერები, არ სრულდება ვაშლის პლანტაციები, სიმაღლეებზეა შეფენილი ევროპული სახლები, ტრაფარეტები ბოლცანოს და მერანოსკენ მიმავალ გზებზე მიგვითითებენ. საოცარია ჩრდილოეთ იტალია და სამხრეთ ტიროლის ავტონომიური ოლქი. აქ კიდევ დავბრუნდები, გავიფიქრე და ადრიატიკის დედოფლის მოსანახულებლად გავემართე….
2010 წელს იყო მხოლოდ ვენეცია და სამხრეთ ტიროლისგან მოგვრილი შთაბეჭდილებები. აღვნიშნავ კლიმატურ ცვლილებას, რომელიც მკვეთრად შეიცვალა სამხრეთ ტიროლიდან ადრიატიკის ზღვის სანაპირომდე. თითქოს, უამრავი კილომეტრი გავიარე, თითქოს ალპური და ნივალური მდელოებიდან სუბტროპიკებამდე გავცურე განედები…
იტალია რომის გარეშე არ არსებობს, გაივლის დრო და ჩემს ცხოვრებაში მრავალჯერ დადგება რომაული არდადეგები, ბევრჯერ ვიტყვი, რომ რომით დავიღალე, მიუხედავად ამისა, მაინც მრავალჯერ ჩავალ მარადიულ ქალაქში, სადაც ყველა გზა მიდის.
რომში პირველად 2011 წლის მაისის ბოლოს მოვხვდი, გზა ტალინიდან რიგამდე და შემდეგ რიგიდან ფრენა რომში. რომის ვაგზალ ტერმინიზე აღმოვჩნდი, მოსაღამოვებულია, უამრავი ხალხი ირევა, სიბინძურეა, მეორე დღესვე ვაპირებ ბილეთის გადაცვლას და უკან დაბრუნებას…პირველი შთაბეჭდილებებით არ უნდა იფიქრო ქალაქზე. შემდეგ დღეებში კი რომმა მაჩვენა ყველა ის სიკეთე, რომლებმაც ეს ქალაქი უსაზღვროდ შემაყვარა.
ნუთუ ვატიკანში ვარ? ნუთუ საკუთარი თვალით ვხედავ მას, რასაც “ევრონიუსზე”და სხვა დასავლურ სატელევიზიო არხებზე ვუცქერდი. კიდევ მრავალჯერ ჩამოვალ რომში და ამ საოცრებებს ვნახავ, მაგრამ მაშინ ძლიერი ეიფორია დამემართა…
მე ვიყავი გრეგორი პეკი და ჩემი მეგობრები მუტირებული ორდი ჰეპბერნები, როდესაც ესპანურ კიბეებზე ვისხედით. დიახ, მე შევყურებდი პიაცა ნავონას, პიაცა დელ პოპოლოს, ველამურებოდი ლიდოს პლაჟზე ტირენიის ზღვის ტალღებს და ჩემს თეთრ კანს დაუნდობელ მზის სხივებს ვახვედრებდი. ბევრს დავდიოდი, ადგილებს ვითვისებდი და ერთმა კვირამაც გაირბინა, მე რიგაში დავბრუნდი და რომს დავემშვიდობე…
2012 წლის აპრილის ბოლოს ისევ მიუნხენში გავემგზავრე, მიუნხენიდან კი ისევ რომში. ალბათ, ტრევის ფანტანში გადაყრილმა ხურდებმა თავისი გაიტანა და მარადიულ ქალაქში დამაბრუნა…
მაგისტრალზე მივდივარ, ფლორენცია 220 კმ – მარცხნივ, ნეაპოლი – 220 კმ მარჯვნივ, გზა ნეაპოლისკენ მიემართება.სამხრეთული ქალაქი, ნამდვილი იტალია… ნეაპოლი ყველაზე ქაოსური, მოუწესრიგებელი ქალაქია, სადაც იტალიური სული შეიგრძნობა. მანქანით თევზის ბაზარში შევვარდით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არავის უკვირს…ჩვილები მოტოციკლეტით გადაჰყავთ დედებს, სატრანსპორტო ქალაქს ნაგავი და ფეხითმოსიარულეთა უწესრიგობაც ემატება, ეს მეტისმეტია…
ნეაპოლის პორტი, სად უნდა წავიდეს ადამიანი თუ არა კუნძულ კაპრიზე… კუნძული კაპრი, საოცარი ხედებით, რომელსაც ქართველი მაყურებელი სერიალ “კაპრის” მეშვეობით ხედავდა. (ეს სერიალი რუსთავი2-ზე გადიოდა და ბევრს გაუჩენდა კაპრის მონახულების სურვილს).
ბოლო გემი გადის კაპრის მიმართულებით. საღამოა, მაისის პირველი რიცხვები, უკვე აგრილდა… 45 წუთში კი მოსჩანს კუნძული კაპრი, ნუთუ აღთქმულ მიწაზე ვარ, აქ სხვანაირი სითბოა, ფუნიკულორზე ავდივარ, ზემოთ და ზემოთ, ღამეა, მხოლოდ განათებული ვიწრო ქუჩები მოსჩანს, კიდევ თვალუწდენელი ჰორიზონტი ზღვაზე…
სასტუმროს ვეძებთ, ყველას სერიალ “კაპრიზე”ვესაუბრები, ადგილები მეცნობა. – ალესანდრო,- მომმართავს გამყიდველი ქალი და თავისთან მეპატიჟება. რეჯინელას პანსიონს ვეძებ და ჰოტელ “სკაპეჩეს”. ადგილობრივებმა იციან, რომ აღნიშნული დასახელებები სერიალ “კაპრიდანაა”, სადაც ყველა კაპრელს აქვს მიღებული მონაწილეობა მასიურ სცენებში. ბოლოს სასტუმროს ვპოულობთ, სეზონი არ არის და სასტუმროებიც ცარიელია, თორემ ეს ერთ-ერთი მდიდრული კუნძულია მთელს დედამიწაზე, რომელიც სავსეა სხვადასხვა ბრენდების მაღაზიებით…
დილა თენდება, სასტუმროში ვსაუზმობთ, იქ მომსახურე პერსონალს შორის რუსი აქსანაა, რომელიც საქართველოს ჰაერზე, ქართულ ხილის გემოსა და ქართველებზე გვესაუბრება. მე კაპრის ხედი უნდა ვნახო, ქუჩაში გავდივარ, საოცარ ხედს ვხედავ, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. ანაკაპრიზე ავდივარ, ეს კაპრის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილია, იქედან კი საოცარი ხედი იშლება, პომპეიც მოსჩანს. ამაზე ლამაზი მხოლოდ სამოთხეადა ისიც კაპრის ხედით, ვლუღლუღებ…
სანაპიროზე ჩამოვდივართ, სპაგეტი, პიცა… მე გაბრაზებული ვარ და არ ვიკვებები. (არ ვიცი რატომ). — გინდა სამოთხე იპოვნო? მაშინ ეს პიცა უნდა შეჭამო და სამოთხეს იპოვნი, – მეუბნება ჩემი და… 16 საათი ახლოვდება,ისევ გემი, 50 წუთი და ნეაპოლი, შემდეგ 3 საათი და ისევ რომი.
რომიდან მიუნხენი,მიუნხენიდან რიგა, რიგიდან ტალინი… 7 მაისი, რეკორდი მოვხსენი, ერთ დღეში 3 ფრენა შევასრულე….
2012 წლის ოქტომბერი და ისევ რომი, ამჯერად 20 დღე დავრჩი მარადიულ ქალაქში, ერთმანეთს ცვლის პიაცა დი სპანია, ტრევის ფანტანი, პიაცა ნავონა, პიაცა დელ პოპოლო…
2012 წლის ბოლო, ვატიკანში შობა დგება, მე ნაძვის ხესთან ვდგავარ, ეს ნაძვის ხე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოაქვთ სპეციალურად ვატიკანისთვის. მიმდინარე წელს კი ბავარიიდან ჩამოიტანეს. აქ არის შობის სცენები, უამრავი ხალხი ირევა ვატიკანში, ტრაუნშტაინელი პაპისთვისეს ბოლო შობაა რომის პაპის რანგში, მაგრამ მე კიდევ ჩავალ რომში და ფრანცისკეს ვატიკანსაც მოვინახულებ…
ამ პერიოდში პირველად ვნახე პიაცა გარიბალდი, რომლიდანაც საოცარი ხედი იშლება მთელს რომზე, პირველად შევხვდი ახალ 2013 წელს მარადიულ ქალაქში…
2013 წლის აგვისტო, ისევ რომაული არდადეგები მიუნხენის გავლით. ასეთი საოცარი სიცხე არასოდეს შემიგრძვნია, რომში გავხდი 27 წლის, დამწვარ-დახრაკული, არ დამინდო მზემ.. იტალიაში ფლორენცია მრჩება უნახავი, სტენდალის სინდრომის მეშინია… მაგრამ დგება ფლორენციის დროც, რომიდან 1,5 საათში ფლორენციაა… არა, აქ ნამდვილად დამემართება სტენდალის სინდრომი, ეს საოცრებაა, თითქოს ყველაფერი ხელთუქმნელი მაკეტია. მიქელანჯელოსავით აქ რომ მეცოცხლა, მეც გავაკეთებდი დათუნას… რენესანსის სამშობლო, უნიკალური ხიდები მდინარე არნოზე, ეს ყველამ უნდა ნახოს. იტალიაში ფლოირენცია ყველაზე მეტად შემიყვარდა და სიბერეში ეს ქალაქი დავჯავშნე საცხოვრებლად…
ფლორენცია კარგად რომ ნახო და შეიგრძნო პიაცალე მიქელანჯელოზე უნდა ახვიდე, ასეთი საოცარი ხედი არასოდეს მიხილავს, ჩემს ყველა საყვარელ ქალაქს ფლორენციასთან ვუღალატე- ამაზე ლამაზი მხოლოდ სამოთხეა და ისიც ფლორენციის ხედით, აღმომხდა კიდევ ერთხელ…