ვეძებ…!საათის ისრებში ჩაკვანძული ამაოებები მიიზლაზნებიან.1,2,3,4,5…12 მუდმივი ტრაექტორიით ხაზავენ წრეებს უსასრულოდ,ულიმიტოდ,უკიდეგანოდ…
ხშირად დავხეტიალობ ნაცრისფერ,უღიმღამო ქუჩებში აპარატით ხელში და ნებისმიერ დეტალს შემიძლია ჩავეძიო გადასაღებად.ფოტოგრაფია ადრეული ასაკიდან მიზიდავდა ,ერთ დღესაც გადავწყვიტე დრო გამომეყო ჰობისთვის… მას შემდეგ წეს-ჩვეულებად დამკვიდრდა,შემომეკედლა ახალი გატაცება.მოგახსენეთ,უღიმღამო ქუჩებში დავეხეტები მეთქი,მინდა გითხრათ,რომ ბევრი კარგი მომენტი შემომისახლებია გონებაში ,ხეტიალის დროს.ჩემთვის ფოტოგრაფია და მოგზაურობა მჭიდროდ მიჯრილი გატაცებებია.ვფიქრობ,მოგონებათა აღბეჭდვა გაძლევს საშუალებას აღიდგინო განცდილი ემოციები .
8 წლის ვიყავი პირველად რომ ვიმოგზაურე სოფელში და შევისწავლე კუთხე-კუნჭული. ალბათ გაგეცინებათ,სოფელში ,თან 8 წლის ბავშვმა როგორ იმოგზაურაო?!
მე კი გიპასუხებთ-8 წლის ბავშვის წარმოსახვით აღქმული ბუნება:სიმწვანე,მდინარის ჩხრიალი,ბავშვების ჟრიამული სულ სხვაა. მჯეროდა,რომ სოფელის სახლის სხვენში პეპი გრძელი წინდა ცხოვრობდა და ძალ-ღონეს არ ვიშურებდი მის გამოსაჭერად ^^ .
ახლა 16 წლის ვარ,აღარც პეპის დავეძებ და არც კარლსონს სახურავზე .მე ხეტიალი მიყვარს ჩვენი ქვეყნის მხარეებში.მინდა საქართველოს ყველა მინდორზე დავდგა ფეხი.
2016 წლის აგვისტოს თვეში ბრიტანეთში ვიმოგზაურე 11 გამორჩეულ ახალგაზრდასთან,აწ უკვე ჩემს მეგობრებთან ერთად.საოცარი იყო ყოველი განცდა 15 დღის განმავლობაში:ლონდონის ქუჩებში დაკარგვა და წამიერი პანიკა,London Eye-თან დაკარგული 2 მეგობრის ჯგუფ-ჯგუფად ძებნა,ფორდი ბოიარდში გამარჯვება,ღამის საუბრები ლა-მანშის სრუტის გასწვრივ სავსე მთვარის შუქზე და რაღა თქმა უნდა ბოლო,მე-15 დღეც ხომ უნდა ყოფილიყო რაღაცით განსაკუთრებული -უეცრად გაუჩინარებული და შემდეგ საწოლის ქვეშ ნაპოვნი საბუთებით დაგვირგვინდა. ეს იყო ჩემი 16 წლიანი ცხოვრების ყველაზე ტკბილი,ყველაზე თავგადასავლიანი და რაც მთავარია…საუკეთესო ადამიანების შემოჭრის წელი.
საქართველოს ბუნება ყველაფერს მირჩევნია.
2017 წლის ივნისში ,ექსკურსიით ყაზბეგი დავლაშქრეთ.მსგავსი სილამაზე არსად მინახავს.გერგეტზე ასვლის პროცესში ფეხების ტკივილიც კი გავიწყდება თურმე.ექსკურსია მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური,სახალისო,დასამახსოვრებელი ტიპია.არ ვიცი ყველა საკუთარ სკოლას აღმერთებს თუ არა,მაგრამ ჩემი სკოლა მეამაყება თითოეული მოსწავლე-მასწავლებლით .
ვფიქრობ,ხშირად ისინი გვეხმარებიან საკუთარი განწყობით ,რომ აღვიქვათ სილამაზე.კარგი ჯგუფი შევიკარით და დაუვიწყარი მოგზაურობაც მოვიწყვეთ.
რაჭა,სვანეთი,კახეთი,სამცხე-ჯავახეთი , მცხეთა- მთიანეთი,რა თქმა უნდა ჩემი სამეგრელო…ამ მხარეებში მოგზაურობამ ბევრი მოგონება დამიტოვა და მიხარია,რომ აპარატსაც თან დავატარებდი.
ახლა კი მოგიყვებით როგორია ზაფხულის კურორტზე ზამთარში მოგზაურობა.შევიკრიბეთ 28 ახალგაზრდა და გავემგზავრეთ ყველასათვის ცნობილ ზაფხულის კურორტზე -ურეკში. გეტყვით,რომ ზამთარში შეიძლება აფუნქციონირდეს ძალიან ბევრი ზაფხულის კურორტი. ჩავედით და თითქოს მკვდარ იდუმალებაში შევაბიჯეთ.ზღვის ტალღებისა და ხეების შრიალის გარდა არაფერი ისმოდა. 4 დღის განმავლობაში,28 ახალგაზრდა სამეგრელოდან ,20მდე სვანეთიდან და სხვა ახალგაზრდები ასევე სხვა და სხვა საქართველოს რეგიონებიდან, დაუვიწყარი დღეები გავატარეთ,საბოლოოდ კი დავასკვენით,რომ ზაფხულის კურორტები ზამთარში ბევრად საინტერესო და ექსტრემალურია.
ასე უსასრულოდ შემიძლია მოვყვე ისტორიები ჩემი პატარ-პატარა მოგზაურობებიდან,მაგრამ ვგონებ დასასრული მიხმობს,ან მე ვიხმობ მას .
მოგზაურობა არის საუკეთესო საშუალება გარემოსთან კავშირის დასამყარებლად,სულიერი ფორიაქის/სიმშვიდის ,სიცილის,ახალი იდეების,გამოწვევების,რისკის,მოგონებების ,საკუთარ თავში “მე”-ს ძიების და ოდნავ უკეთეს ადამინად გახდომის საშუალება.
ვეძებ…!საათის ისრებში ჩაკვანძული ამაოებები მიიზლაზნებიან.1,2,3,4,5…12 მუდმივი ტრაექტორიით ხაზავენ წრეებს უსასრულოდ,ულიმიტოდ,უკიდეგანოდ…