სამყარომ თავი დააღწია ზამთრის განწყობასა და სიზარმაცეს, გაზაფხულის ბრწყინვალებამ კი ღრმად გაიდგა ფესვები ხალხში. ჯერ მხოლოდ გაზაფხულის პირველი დღე იდგა, თუმცა ყველა გრძნობდა, რომ ზამთარი დიდი ხნით აპირებდა ჩვენს დატოვებას. მე კი მსურდა დედისთვის ეს დღე კიდევ უფრო მეტად გამელამაზებინა, სამწუხაროდ იდეების ნაკლებობას ვუჩივოდი. ჯერ ისედაც რეტდასხმულს, ატმის ყვავილთა სურნელება თავბრუს უფრო მეტად მახვევდა. პირველი მარტი ყოველმხრივ გამორჩეული, ბედნიერებითა და სიხარულით, სურვილებიითა და იმედებით აღსავსე დღე, ჩემთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ის ყველაფერი: იყო გაზაფხულის პირველი დღე, მატყუარების საერთაშორისო დღე, იმედების და დედაჩემის დაბადების დღე. მიუხედავად ყველაფრისა მე არ ვიყავი ბოლომდე ბედნიერი…
,,სწრაფად ჩაიცვი, ბაბუასთან მივდივართ”- ნაჩქარევად მეუბნება მამიკო და თვითონაც მზადებას იწყებს. და ჰოპ – მე უკვე ბედნიერი ვარ …
ამ იდეის მომფიქრებელს გულში ვლოცავ და მანქანაში ვხტები, ჩემი დის ზოზინი კი ახლაც ნერვებს მიშლის, გეგონება ბაბუასთან კი არა პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ემზადებოდეს… როგორც იქნა, შევგროვდით და გავუყევით მიხვეულ-მოხვეულ და შეკიბულ გზას…
ერთ ლამაზ, მთიან სოფელში, ჩვენგან არც თუ ისე შორს ჩემი საყვარელი ბაბუა ცხოვრობს. ხშირად მენატრება და მებრალება ის ხომ სულ მარტოდმარტოა. ზამთარში, დიდთოვლობის გამო გზაზე მოძრაობა ჭირს, ხშირად ვერ ვახერხებთ მის ნახვას, აი გაზაფხულზე სულ სხვა საქმეა…
მთელი გზა ბაბუასთან შეხვედრაზე ვფიქრობ, რამდენი ხანია არ მინახავს, ნეტავ როგორ შემხვდება? მოვენატრე? – მხოლოდ ორი კითხვა მიტივტივებს თავში. მაგრამ ჩემს მზერას ლამაზი ფერად-ფერადი ყვავილები, მაინც არ გამოპარვია, მანქანა სასწრაფოდ გავაჩერებინე და ყვავილების კრეფას შევუდექი. ბაბუას ყვავილები რათ უნდა? – მეკითხება ჩემი უფროსი და. არაფერი მიპასუხია, მხოლოდ ჩემთვის ჩავიბურტყუნე -როგორ არ უნდა! რასქვია რად უნდა? იქნებ მასაც სურს ვინმემ გაზაფხულის მოსვლა ახაროს, სიხალისე შემატოს, ამაზე კარგად კი აბა როგორ უნდა მომეხერხებინა ეს? ყველა შემთხვევაში ვიცოდი, რომ ძალიან გაიხარებდა, ჩემგან გაღებული მცირეოდენი სითბოს გამო…
უკვე მშობლებს ძალიან მოვაბეზრე თავი, ლამის მეათედ ვთხოვ მანქანის გაჩერებას, მაგრამ რა ვქნა თუ ამ წუთებით დატკბობა მწურია. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, განსაკუთრებით მთიან, ლამაზ ადგილებში. ამჯერად ჩემი ყურადღება ნახევრად გაყინულმა ჩანჩქერმა მიიპყრო, ვიცოდი მანქანას არ გამიჩერებდნენ, ამიტომ თავს ვიკატუნებ თითქოს ცუდად ვიყო. ტელეფონს ჯიბიდან ვაძვრებ და ჩხაკ – სურათიც გადაიღო. სწრაფად ჩავიდე ტელეფონი ჯიბეში (არმინდოდა შეემჩნიათ) და მანქანაშ ჩავხტი. კიდევ ბევრი ლამაზი ადგილი, ტყე, მდინარე თუ ხე დავინახე, ახლა უკვე მანქანიდან ვუღებდი სურათებს, არ მომწონდა, სურათებს სილამაზე აკლდათ…
ამდენ გაჩერებაში კარგი ექსკურსია კი მოვიწყვე, მაგრამ გული დამწყდა ბაბუსთან რომ დავაგვიანე, ამიტომ როცა მანქანა გაჩერდა თავქუდმოგლეჯილი დავეშვი გორაზე. ფეხსაცმელს ძირი გაძვრა, თუმცა არც ამას და არც მუხლების გადატყავებას დაგიდევდით ოღონდ კი დროზე მივსულიყავი მასთან. საერთოდ მე ნორმალური ადამიანივით არც სიარული შემიძლია, არც სირბილი, არც ხტომა. ისე კი სისწრაფეში ბადალი არ მყავს ( დათვს ბაჯბაჯში ვინმე გაასწრებს?)… კარები ფაქტიურად შევამტვრიე, ბაბუის დანახვისას კი ცოტა დავიმორცხვე. ის დიდი სიყვარულით გადამეხვია, მე ყვავილების კონა ვაჩუქე. მართალი აღმოვჩნდი, ძალიან გაეხარდა, ეს მეც გამეხარდა. ჩამოჯდა, მე მუხლზე დავუსკუპდი. შენი ამბები მომიყევიო – მითხრა. იცით რა მოვუყევი? წინა წლის ექსკურსიის ამბები: ახალციხის ციხე, ბორჯომის პარკი, ბევრი ღიმილი და ბევრიც ხალხი. ოხ რა გულიანად გაეცინა. ვერ მივხვდი, ისე კი გამეხარდა, ჩემდაუნებურად, რომ გავამხიარულე. ოო, მერე მკითხა: შენთან პირველი მერცხალი უკვე მოფრინდაო? დავფიქრდი, ვუპასუხე არათქო. მეც გამიკვირდა, რომ ვერც ერთი მათგანი შევნიშნე. მერე თვითონ მითხრა – აი ჩემთან კი უკვე მოფრინდაო. – მართლათქო? -კიო… რატომღაც მეგონა უკვე ასჯერ მოსმენილ სიტყვებს გავიგონებდი. გულში გავიმეორე, დღეს პირველი მარტია ვინც მოტყუვდა ბატია. მაგრამ არა. სიტყვაც არ დაუძრავს. ხუმრობა არ ყოფილა. გვიან მივხვდი. პატარა ვიყავი. ის პირველი მერცხალი მე ვიყავი. მერცხალი, რომელმაც ასე გაუხარა გული, გაუღვიძა იმედები, აუწყა გაზაფხულის მობრძანება, მოიქცა გულწრფელად. მისთვის მე ვიყავი პირველი მარტიც, მერცხალიც, გაზაფხულიც, იმედიც. მისთვის ყველაფერი ვიყავი.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ძალიან დიდი. და ხო ამის მერე, როდესაც სიტყვა ,,მოგზაურობა” მესმის ყოველთვის მერცხალი მახსენდება, მერცხალზე კი ეს ამბავი. და ახლაც როცა ეს სიტყვა გავიგონე, გადავწყვიტე იგივე გამეკეთებინა რაც წლების წინ, ამჯერად ინიციატორი მე ვიყავი. ვცდილობდი ყველაფერი ზუსტად გამემეორებინა, უცვლელი თანმიმდევრობით. ვაი, რომ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა…
ისევ აფორიაქებული დავეშვი თავდაღმართზე, გამწარებული შევვარდი სახლში, ისევ მივართვი ყვავილების თაიგული და არც მთავარი კითხვა დამვიწყნია. – შენთან მერცხლები არ მოფრენილანთქო? ლაპარაკს მოვაყოლე. – არაო – მიპასუხა დაუფიქრებლად. გული დამწყდა. ძალიან მეწყინა, რაღაც უცნაურმა შეგრძნებამ დამიარა ტანში. ნუთუ? გავიფიქრე გულში. იმ წამს ვერ გავაცნოებიერე, მაგრამ შემდეგ… ალბათ აღარც ახსოვდა.. ვერც მიხვდა წლების წინ დასმული შეკითხვა, რომ შემოვუბრუნე. ალბათ ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ არასდროს შეიცვლება, მე ისევ ვივლი მასთან ყოველ გაზაფხულს, ჩემი სურვილით. ფარხმალს არასდროს დავყრი, სანამ ამ შეკითხვაზე დადებით პასუხს არ მივიღებ. ვიცი, ყველაფერი ვიცი… მესმის, ყველაფერი მესმის…
აღარ ვარ ისეთი გულწრფელი, არც მხიარული, არც ბედნიერი, შეიძლება ამიტომ აღარ მეუბნება მსგავს რამეებს. მაგრამ მჯერა რომ მისთვის ყოველთვის ის ცელქი გოგონა დავრჩები, გადატყავებული მუხლებით და ყვავილებით ხელში, გაზაფხულის მოსვლა რომ ახარა. ვიცი, რომ ახსოვს. ეს მის თვალებში ამოვიკითხე, თუმცა ამაზე საუბარი რატომღაც ეუხერხულა. მეც დღემდე თავი ის მერცხალი მგონია რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამებაში გადაუფრინოს მთებს, უდარდელად გაშალოს ფრთები, გაინავარდოს და გაახაროს ადამიანთა გულები. ამის ნიშანი ის სინათლეა, რომელიც სადღაც, მთაში ჩაკარგული სოფლიდან მოდის, რომელსაც წესით ვერ უნდა ვხედავდე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი
სანამ იქ, იმ პატარა ქოხში, სანთელი ანთია
ჩემ გულში ლამაზი ფერებით ხატია
პატარა, ლამაზი, კოპწია მერცხალი
რომელიც მსოფლიოს გალობით შეჰხარის.
ხო. მინდოდა თქვენთვის მომეყოლა იმ მოგზაურობაზე, რომელიც ჩემ ცხოვრებაში მუდმივად მიმდინარეობს, მოგზაურობაზე, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და ხო მე ყოველთვის ვიქნები მოგზაური ჩიტი, ყოველთვის ვაცნობებ ადამიანებს ,,გაზაფხულის მობრძანებას.” მერცხალი, ეს პატარა და საყვარელი ჩიტი ყველას უყვარს, ყველას უხარია მისი დანახვა. განა არსებობს ამქვეყნდ ვინმე ან რამე ვისაც ამ სამყაროში მასზე მეტი უნახავს? ძალიან მეეჭვება. ამიტომ ვაიგივებ მას მოგზაურობასთან. ძალიან მინდა მას ვგავდე, მოვიქცე მასავით, გავშალო ფრთები, გადავუფრინო დედამიწას, შემოვუარო გარსს, დავათვალიერო ლამაზი ადგილები, შევიცნო სამყარო. ძალიან მინდა. ვნახოთ რა გამომივა. ვიცი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სად იმოგზაურებ, მთავარია როგორ იმოგზაურებ. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. და მაინც
მინდა მომეცეს ფრთები, ფრთები ბედნიერების.
შემოვუფრინო მსოფლიოს, დიდი მშვენიერებით