Prego, ანუ დავგეგმოთ თუ არა მოგზაურობა

მოახლოებული ახალი წელი და ბოლო ფინალური გამოცდისთვის მოსამზადებელი მასალა, რომელიც ჩემს ბრაუზერში იმავე ფანჯრის გვერდითაა გახსნილი, სადაც რომის სასტუმროებს ვათვალიერებ და “ვიმუქრები” რომ მომავალ წელს იტალიაში აუცილებლად წავალ. თუმცა, დანამდვილებით მარტო ის ვიცი რომ ზაფხულში სტუდენტური პროგრამით მივდივარ გერმანიაში სამუშაოდ. ვიზა 3 სექტემბრის ჩათვლით მქონდა და საქართველოსკენ ბილეთიც სამისთვის ავიღე. ნატალისთან ერთად შტუდგარტიდან მოვფრინავდი, მაგრამ დაბრუნებამდე გვინდოდა რომელიმე სხვა ქვეყანა მოგვენახულებინა და  ეს ქვეყანა იტალია აღმოჩნდა.

მოგზაურობა, ჩემთვის, წინასწარ დაგეგმილ სხვადასხვა დეტალთან ასოცირდებოდა, მანამდე, სანამ დაუგეგმავ და “ჩამოუყალიბებელ” მოგზაურობას მოვიწყობდი ასეთივე მეგობართან ერთად, რომელიც თავის ახალ პროფესიად “ლოგიკოლოგობას” თვლიდა და ხშირად მამშვიდებდა ხოლმე ამ ფაქტით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

იტალიაში წასასვლელი ბილეთები წინა ღამით ვიყიდე და ნატალის მივწერე რომ შეეძლო მშვიდად დაეძინა. ჩვენი ავტობუსი ულმში საღამოს 9-ზე უნდა ყოფილიყო, თუმცა 11-ზე მოვიდა და როგორც კი დავრწმუნდი რომ სადგურზე ძილს გადავურჩი, თან დიდად არც რომის ქუჩებში ძილის იდეა მხიბლავდა სასტუმროს დაჯავშნა გადავწყვიტეთ.

მოკლედ ჩავედით. ავტობუსიდან ჩამოსვლა და ნატალის გაოცება ერთი იყო: “ნამდვილად რომში ვართ? მგონი სადგურის მოედანს უფრო ჰგავს აქაურობა”. მოიცა ნუ ბუზღუნებ ჯერ სასტუმროს მივაგნოთ და ეგ ბრძნული აზრები მერე გამოთქვი მეთქი ვეუბნები და ტაქსს ვეძებ.

ვია სიცილიას ქუჩაზე, სადაც ჩვენი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, მალევე მივედით. ტაქსისტმა ბარგი ჩამოგვალაგებინა, დაგვემშვიდობა და წავიდა. იქვე პატარა აბრას მოვკარით თვალი: “king roma hotel”, სადარბაზოში შევედით, პატარა, ძველებურ ლიფტში შევეჭყლიტეთ და მერვე სართულზე ავედით.

ოთახი ზუსტად ისეთივე დაგვხვდა როგორსაც ველოდით. მართალია მასშტაბით სამჯერ უფრო მცირე, ვიდრე სურათებზე ჩანდა, თუმცა კმაყოფილები დავრჩით, რადგანაც  სიდიდეც გვყოფნიდა და პატარა საყვარელი აივანიც გვქონდა მშვენიერი ხედით.

დაღამებამდე ქალაქში გავლა გადავწყვიტეთ და გეზი კოლიზეუმისკენ ავიღეთ. ვიდექი და გაოცებული ვუყურებდი ამ უზარმაზარ “შენობას და ვერაფრით ვხსნიდი როგორ შეიძლებოდა რომ იმდროინდელი ნაგებობა ასეთი ყოფილიყო თან ნატალის გაოცებული ხმებიც მესმოდა: არ მჯერა რომ კოლიზეუმს ვუყურებ და არა რომელიმე წიგნში და არ მჯერა რომ ასეთია.

დავდიოდი ქუჩებში და ვხვდებოდი რომ უფროფდაუფრო მიყვარდებოდა ეს ქალაქი და აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით. პატარა ვიწრო ქუჩებით, არქიტექტურული ძეგლებით, კლასიკურ ტანსაცმელში გამოწყობილი მოტოციკლებზე მჯდარი ქალებით და მამაკაცებით, უგემრიელესი ნაყინით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების კარებითაც კი, რომლებსაც ჩემი აზრით, ზედმეტად არაჩვეულებრივიც კი შეიძლება ეწოდოს. მეგონა რომის ყველა სადარბაზო, ქუჩა, კუთხე თუ ნაგებობა რაღაც ისტორიას ინახავდა და ვხვდებოდი რატომ იყო იგი ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი.

მეორე დღეს უფრო ბევრი რამის ნახვა მოვასწარით. რა თქმა უნდა გავსინჯეთ იტალიური პასტა, ვნახეთ პანთეონი, პიაცა ნავონა, პიაცა ვენეცია, პიაცა დელ პოპოლო, რომის ფორუმი, სანტა მარია მაჯორე, მივაგენით სანტა სკალას და წმინდა კიბეებს და ვიბოდიალეთ პატარა ქუჩებში.

ამდენი სიარულის შემდეგ ცოტა დავიღალეთ კიდეც და ტრევის შადრევანსაც მივადექით, რომელიც კიდევ ერთი საოცრება აღმოჩნდა ჩემთვის. რა თქმა უნდა შადრევანში მონეტაც ჩავაგდეთ, იმ იმედით რომ ამ ქალაქში აუცილებლად დავბრუნდებოდით.

IMG_20160830_182316252

საღამოს კი უგემრიელესი პიცაც მივირთვით.

IMG_20160830_205552251

ბოლო დღეს გადაწყვეტილი გვქონდა ვატიკანი მოგვენახულებინა, მაგრამ იქ მისვლამდე ამინდი შეიცვალა და გაწვიმდა. ჩვენც იქვე კაფეს შესასვლელში, გადახურულ ადგილს შევაფარეთ თავი, საიდანაც ვიღაც ბიჭი გამოვიდა და კაფეში შეგვიპატიჟა.

დაგვამშვიდა რომ წვიმა დიდხანს არ გაგრძელდებოდა და თან გვითხრა რომ იღბლიანები ვიყავით, რადგან ბოლო-სამი თვის განმავლობაში პირველი წვიმა იყო. წვიმამ მალე გადაიღოდა ჩვენც ვატიკანისკენ გავეშურეთ.

IMG_20160831_134120329

ვატიკანი, სახელმწიფო სახელმწიფოში, უამრავი მუზეუმით, საგანძურით, ბაღითა და შადრევნებით და რაღა თქმა უნდა სიქსტის კაპელა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში დამუჯნებული ვუყურებდით, დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე და გული დაგვწყდა რომ დილით უფრო ადრე მისვლა ვერ მოვახერხეთ, რადგან კიდევ უამრავი რამ გვქონდა სანახავი.

 

იქედან წამოსულებმა გადავწყვიტეთ იქვე სანაყინეში ნაყინი გვეყიდა და ქუჩის მუსიკოსების მუსიკით დავტკბარიყავით. შემდეგ ისევ ტრევის შადრევანი შევათვალიერეთ და ესპანეთის მოედნის სანახავად გავეშურეთ, რომელიც ბოლო იყო ჩვენს სიაში, რადგანაც მეორე დილით

რომში ყოფნის ბოლო დღეც გათენდა. ვისაუზმეთ, საყვარელ აივანსაც დავემშვიდობეთ, ჩვენი ჩანთები ავიღეთ და სადგურში წავედით.

IMG_20160901_084212946

default

ვენეციაში ექვსსკენ ჩავედით. რეგისტრაცია გავიარეთ, ბარგი დავაწყვეთ და კემპინგის დათვალიერება გადავწყვიტეთ. იმ საღამოს ბევრი არაფერი გვიკეთებია გარდა ვახშმობის და დასვენებისა.

მეორე დილით ავტობუსის ბილეთები ვიყიდეთ, რომელიც კემპინგიდან სანაპირომდე მიგვიყვანდა და რვისნახევარზე ისევ კემპინგისკენ გამოვყვებოდით ცხრამდე სადგურში მისვლა რომ მოგვესწრო და დილით გერმანიაში ვყოფილიყავით.

ბედნიერი ვათვალიერებდი ქალაქს, სადაც რაღაც უჩვეულო გრძნობა გეუფლება, როცა ფიქრობ რომ ყველაფერი წყალშია და თითქოს არაფერი უცნაური არ არის ამაში. ქალაქი რომელშიც უამრავი ტაძარი, მუზეუმი და არაჩვეულებრივ შენობაა და რომლის ნებისმიერი პატარა ქუჩა თუ არხი ძალიან ლამაზია.

ვიცოდით ბევრი რამის ნახვას ვეღარ მოვახერხებდით და პატარა ქუჩების თვალიერება დავიწყეთ, შემდეგ ტკბილეულიც ვიყიდეთ და ცოტა ხნით წყლის ნაპირას ჩამოვჯექით.

IMG_20160902_173552023ბოლოს ვიფიქრეთ რომ დარჩენილი საათნახევარი გამოგვეყენებინა და ისევ ვაპარეტოთი გვესარგებლა. ვნახეთ რომ სულ ორი ნომერი მოდიოდა . ნატალიმ მე ხომ ლოგიკოლოგი ვარ, დამიჯერე პირველით უნდა წავიდეთ და მერე უკენ დავბრუნდებითო, თუმცა მალევე მივხვდით რომ შევცდით.  ჩვენი ავტობუსი კემპინგისკენ რვის ნახევარზე გავიდა, ზუსტად იმ დროს როცა ჩვენი ვაპარეტო ბოლო სადგურზე გაჩერდა.

ნატალი იდგა და ცდილობდა ავტოსტოპით მაინც წავსულიყავით, მე კი ტროტუარზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ თუ სასტუმროში დავაგვიანებდით, ვერც სადგურში მივიდოდით ცხრისთვის, ვერც გერმანიაში ვიქნებოდით დილით და ვერც საქართველოში გავფრინდებოდი მეორე დღეს.

ბოლოს ერთ-ერთმა იტალიელმა გაგვიჩერა და გვითხრა რომ კემპინგამდე მიგვიყვანდა. ბევრი იცინა ამ ბიჭმა, როცა ვუთხარით რომ ვენეციაში დავიკარგეთ და ავტობუსზე დავაგვიანეთ. შემდეგ კი როცა გაიგო რომ იქ ერთი დღით ვიყავით ჩასული და იმ ღამეს ჯერ გერმანიაში და მეორე დილით საქართველოში გაფრენას ვაპირებდით დაასკვნა რომ ნორმალურები არ უნდა ვყოფილიყავით.

კემპინგამდე მიგვიყვანა, სწრაფად გადავუხადეთ მადლობა და დავემშვიდობეთ. კარი დავკეტე, გასაღები ნატალის მივაჩეჩე და ვუთხარი რომ ბარგს მე წამოვიღებდი თვითონ კი მიმღებში მისულიყო გასღების დასატოვებლად და ტაქსი გამოსაძახებლად.

ჩემოდნები და ჩანთები მივიტანე კემპინგის შემოსასვლელამდე, მაგრამ არც ტაქსი ჩანდა არც ნატალი. გავბრაზდი, ამდენ ხანს რას აკეთებს მეთქი, ლეპტოპის ჩანთას დავავლე ხელი და მისაღებ დესკთან მივედი, სადაც ესეც ერთ-ერთ იტალიელ გოგოსთან პასტით და ფურცლით დგას და ეუბნება თუ შეგიძლიათ დამიწერეთ იტალიურად “არაფრის” როგორ არისო.

როგორღაც გამოვაღწევინე იქედან, ჩვენი ტაქსიც მოვიდა და სადგურშიც მივედით. ავტობუსი გაჩერდა, ჩვენი რიგიც მოვიდა და ამ დროს ნატალის ხმა: “ვაიმე, პასპორტი!”. ალბათ, იმ მომენტში ყველაზე მეტად გავუგებდი იმ ადამიანებს, სხვების მოკვლა რომ შეუძლიათ და დღემდე არ ვიცი იმ სიტუაციაში სიმშვიდე როგორ შევინარჩუნე, მაგრამ ნერვიულობა-გაბრაზებისთვის ძალაც აღარ მქონდა. პასპორტს კი ერთ-ერთი ჩემოდნის გარეთა ჯიბეში მივაგენით.

საბედნიეროდ, საქართველოში ჩამოსვლამდე არაფერი დაგვმართნია, გარდა იმისა, რომ ჩემოდანში იტალიიდან წამოღებული ღვინოები  გვედო და ჩამოფრენამდე ნატალის წუწუნმა მომკლა ხან ბოთლებზე და ხან თავის ტანსაცმელებზე.

გზაში ვკითხე, ის მაინც თუ ისწავლე არაფრის როგორაა იტალიურად მეთქი. ესეც მომიბრუნდა და ბედნიერი სახით მეუბნება: რა თქმა უნდა, “პრეგო”.

ასე დასრულდა ჩვენი რომაული არდადეგები და ახლა ვხვდები რომ მიუხედავად ყველაფრისა, მეორედაც წავიდოდი ზუსტად იგივე სიტუაციაში სამოგზაუროდ, რადგან ახლა დაუგეგმავზე მეტად დაგეგმილი მოგზაურობები მიკვირს.