დილის რიჟრაჟზე,როცა მზე ახალ ამოწვერილია და ალმურივით ედება არემარეს ფუთკრის ბზუილის მაგვარი ხმა აღვიძებს ქალაქს.უცნაურად და მოულოდნელად ატეხილი ქვაბების,ლეიბების,ბალიშებისა და თბილი ქურთუკების ფრიალი გიზგიზა ივლისში ცოტა უცნაურადაც მოეჩვენება მას,ვისაც ამ ქალაქში არ უცხოვრია. მანქანები,სახურავებზემიბმული ყვავილებიანი ლეიბებით,კოლონად მიემართება ჩოხატაურისკენ მიმავალ გზაზე.
-„ეს არის დასვენება?! ამდენი ბარგით ტყეში გადაკარგვა.“ თქვა დედამ.
ტყეში გადაკარგვა.. ეს სიტყვათშეთანხმება თავში ტრიალებდა და ბოლოს ამეკვიატა..აქამდე არასდროს მიღალატია მოდერნისტული სამყაროსთვის,თუმცა თურმე ცხოვრება კომფორტის ზონის გადალახვისას იწყება.. ინსტიქტურად სარდაფისკენ გავწიე,უცებ ფეხის ხმამ შემაკრთო,შეშნებული მოვტრიალდი და ბაბუას გაოცებულ თვალებს წავაწყდი..
-ოჰ რაფერ დაგემართა ბაბუა აქანე ჩამოსლა,რამეს ეძებ?
-მე? ჰაა..?? ბაბუაა?.. მოულოდნელობისგან წამოვროშე და გაკვირვებული თვალებით შევაშტერდი..
ცოტახნიანი დუმილის შემდეგ,პასუხის მომლოდინე ბაბუას შევეკითხე,იმ უცნაური მოგზაურობის შესახებ მთელი ქალაქი,რომ მიემგზავრებოდა ძველმანებმოკიდებული,ბოშების ბანაკებივით..
– „ზღვის დონიდან 2050 მეტრზე , მოჩუხჩუხე ბახვისწყლის მიდამოში..სიცოცხლის ნამდვილ სამოსახლოში,აპა რავა.. ყველა წელს დავდიოდი მე მაქ ბაბუკო,მაშინ არც მანქანა იყო,არც სხვა ტრანსპორტი,შევსხდებოდით ცხენებზე ავკიდებდით ბარგს და მივდიოდით..დიდი დრო გვაგვიანდებოდა გზაში,მარა ნადვილად ღირდა..“
ბევრს მოჰყვა ბაბუა და ბევრიც გაიხსენა,მაგრამ მე უკვე დიდი ხანია გამზავრების ფიქრით ვიყავი შეპყრობილი და ათას ნაამბობს,თვალით ნანახი მერჩივნა..დავიწყეთ ძველი ნივთების მტვრისაგან გათავისუფლება და საღამოსათვის უკვე ყველაფერი მზად იყო.როგორც ყოველი გამგზავრების წინ,რაღათქმაუნდა არც ახლა დამეძინა.
ბარგით დამძიმებული მანქანა მიიზლაზნებოდა პერევალებზე და ჰაერი თანდათან მძიმდებოდა..სუნთქვა გამიხშირდა.რაც უფრო მაღლა ავდიოდით,მოუთმენლობის ცახცახი მემატებოდა. ნელ-ნელა იჭრებოდა უცნაურად სასიამოვნო სიგრილე და ჟრუანტელს მგვრიდა.ფანჯრიდან მოსჩანდა მინდვრის ყვავილებით გადაპენტილი ფერდობები.
მანქანა შევანელეთ,გზისპირზე ცეცხლი გიზგიზებდა და სიმიდნი იხარშებოდა.ასეთი გემრიელი რამ არასოდეს მიჭამა. ათივე თითით მეჭირა ცხელი სიმინდი და ტუჩებზე შერჩენილ მარილს ენით ვილოკავდი..
მალე ბახმაროშიც შევედით და მანქანა დავითიანის ველზე გაჩერდა, მთებზე შეპეპლილი ხის ქოხები კომპოზიციურად ერწყმოდა ჩაძირულ მოედანს..
მაცხოვრებლები გარეთ განფენილიყვნენ და ჩვენი მანქანისკენ იმზირებოდნენ.. ამ ხალხს თანდათან რამდენიმე ადამიანი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.ერთი,ყველაზე ხნიერი მათ გამოეყო,სულ ახლოს მოვიდა და კრიმანჭულივით შეჰყვირა:
-„ბაბუკოო..შენ დათიკოს შვილიშვილი ხარ ხომ?რა მშვენიერი ციცა ხარ..ასეა,ფესვებს არ ღალატობენ ნაღდი გურულებიი.. რაფერა ბაბუაშენი? კაი კაზახია მაი,მწყდებოდა გული ამ სახლს რომ ცარიელას ვხდავდი.. „
გურული სისწრაფით მიაყარა. მერე ყველა სათითაოდ მოვიდა და ისე ჩამიხუტა გულში,როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს ეხუტებიან ხოლმე.
„აბა დაფაცურდით ახლა,ბაღანას მივეხმაროთო“ სიტყვა არ დაუსრულებია ,რომ ყველა ჩემს ბარგს შეესია.
სახლი დიდი ხნის დაკეტილი იყო და საქმეც ბევრი აღმოჩნდა,კარებს შეჭედილი ურდო მოვხსენით,აივნის მოაჯირები გავამაგრეთ და „აწე შენ იცი და შენმა ქალობამო“
შევრჩით მე და მიტოვებული ხის ქოხმახი ერთმანეთს. ოთახის კუთხეში ზამბარიანი ლოგინი იდგა,მის გვერდით ხის ძველი,მტვრიანი ტუმბო.ლოგინის პირდაპირ დიდი ფანჯარა იყო,რომელიც პირდაპირ გაჰყურებდა გადაპენტილ მწვანე საოცრებას. ყველაფერს ექვსწლიანი ლოდინის სუნი აუდიოდა და სქელი მტვრით იყო დაფარული.შეშისა და წყლის სათლით მოტანა ჩვევაში გამიჯდა..უცნაურია არა,ისე უცებ შევეთვისე გარემოს,მეგონა მთელი ცხოვრება აქ გავატარე..ყველაფერი გაქრა ცნობიერებიდან..ვიყავი მე მხოლოდ საკუთარ თავთან და ცასთან და მზესთან და მთებთან და ღმერთთან ძალიან ახლოს..
რთულია ყრუ-მუნჯ მარტოობას პირისპირ შეეჩეხო,თუმცა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ჭეშმარიტი თავისუფლების და უმანკო სილამაზის აღმოჩენა.
ფანჯრიდან შემოპარულ ალიონს გაღვიძებული ვეგებებოდი.. დილის ექვს საათზე,როცა თითქმის ყველს ეძინა,ვდგებოდი და სასეირნოდ მივდიოდი ფიქრის გორამდე,დიდხანს გადავყურებდი ბუნების სასწაულს და განვიცდიდი განუცდელ სულის კათარზისს.ცადუწვდენელი ნაძვები წიწვებით მეფერებოდნენ და ტყის სიღმეებში გზას მიკვალავდნენ. მე და ჩემი განუყრელი დაქექილი ზურგჩანდა დილიდან ვიწყებდით საოცარ მოგზაურობას ემპირიული შემეცნებისა და ჭეშმარიტების ძიებაში.
დღის ყველაზე ლამაზი დასასრული მაინც ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ცქერა იყო. უამრავი ადამიანი იკრიბებოდა კოცნოთან და მშვენიერების ძალით ყველა ერთმანეთის მეგობარი ხდებოდა. კოცონი ჯონ ლენონის სამოთხეს ჰგავდა,აქ არავის აინტერესებდა რასა,კანის ფერი,რელიგია,ასაკი და სქესი.ჩვენ ბევრნი ვიყავით დ ჩვენ ერთნი ვიყავით.. კოცონს ნელ-ნელა აკლდებოდა ხალხი და შუაღამისას მხოლოდ საკუთარი თავის მაძებარი ორი ადამიანი შემოვრჩით.. ბალახზე ვიწექით,ხელები თავქვე გვეწყო და გათენებამდე ვსაუბრობდით ვარსკვლავებზე,ღმერთზე,წიგნებზე,მუსიკაზე,ჩვენს არსებობასა და ცხოვრების არსსზე,ვსაურობდით ჩვენს ტკივილებზე და ბედნიერებაზე და რაც უფრო ღრმად შევდიოდით დიალოგში,მით უფრო ნათელი ხდებოდა რომ ჩვენმა სულებმა დროებითი ნავსაყუდელი იპოვეს..
მეორე დღეს ჩვეულზე გაცილებით გვიან გავიღვიძე,თუმცა ეს გაღვიძება ყველაზე საუცხოო იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს ფაფარას დასალაშქრად გავწიეთ,ჰო მე აღარ ვიყავი მარტო.ფაფარა ულამაზესი მთაა,რომელიც თავისი გრაციოზულობითა და ბუმბერაზობით ლაჩარსაც კი გმირად აქცევს. საფეხმავლო გზა ვიწრო და ქვიანია გზად კი,მდინარის გადალახვაა საჭირო.სრულიად მშრალმა გადავიარე მდინარე ჩემი მეგზურის წყალობით და დიდ აღმართს დავადექი, რომლის ბოლოსაც მწვანეში ჩაფლული ულამაზესი ხეობა წამოჭიმულიყო. კამკამა ჩანჩქერი ზვირთებით ეშვებოდა კლდეზე და პატარა გუბურას ავსებდა .გუბე ორ მეტრამდე სიღრმის იქნებოდა კლდეებით იყო შემოსაღვრული,ნაძვის ტოტები პირდაპირ ირეკლებოდა ზედაპირზე და ლაჟვარდოვან შეფერილობას აძლევდა. თვალისმომჭრელი წალკოტი თავისი მშვენიერებით გაიძულებდა შერწყმოდი. სანამ მე არემარეს ვათვალიერებდი,ჩემი მეგზური უკვე წყალში იყო და მეც მიხმობდა. თავში ათასი აზრი დატრიალდა,შიში და წყლის სიცივის წარმოდგენა ჟრუანტელს მგვრიდა.. ნელ-ნელა გავიხადე ფეხსაცმელი,შევდექი მაღალ ქვაზე და თვალებდახუჭული გადავეშვი ტყის დაგუბებულ ცრემლში.მალე გზას დავადექით,.ფაფრამდე ცოტა იყო დარჩენილი.
ახალი მწვერვალის დაპყრობა ყველა მიძინებულ ჩიტს აღვიძებს სხეულში,შლი ხელებს და ისინი ერთროულად მიფრინავენ მაღლა,სულ მაღლა ცისკენ..ჭანჭველებივით მოჩანდა ჩვენი დასახლება, უცნაურ თავისუფლებას გრძნობდი,არაფერი გებადა და არაფერი გევალა,
ირგვლივ იხედები და თითქოს საუკუნეებით უკან ბრუნდები,მაშინ როცა არც პოლიტიკა არსებობდა,არც ფული და არც წოდებები..იდგა შენი მრავალსაუკუნოვანი წინაპარი და შეექცეოდა ველურ მოცვს,რომელიც მთის ნაპრალებზე და დამრეც ადგილებზე ხარობს მხოლოდ. რა იქნებოდა ეს თავგადაასვალი, ცალი ხელით მთაზე შემაგრებულებს მოცვი რომ არ დაგვეკრიფა და დასვრილი ხელებით,ტანსაცმლითა და ტუჩებით.
მეგზურები მიდიან და გვიტოვებენ რაღც ნაწილს,ტკბილს და სანუკვარს,მერე ჩნდებიან ახალი მეგზურები,რომლებიც დანატოვარ მოგონებებზე დააშენებენ ხოლმე ახალ,უფრო ტკბილ მოგონებებს.თუმცა რაც მოგზაურობისას ხდება,იქვე რჩება ყოველთვის.
„სილამაზის წყარო“ მაინც ჩემს ფავორიტ ადგილად რჩება.ლეგენდის თანახმად თუ ამ წყაროს წყლით სახეს დაიბან,მეორე დღეს გალამაზდები. გინდ დაიჯერეთ გინდ არა და დედამიწის გულიდან მთების წიაღში ამოხეთქილი ყინულივით ცივი წყარო,მართლაც ჯადოსნური ელექსირივით მოქმედებს.როგორც კი სახეზე მიისხამ,ნეტარების უსაზღვრო მორევში ეშვები,თვალები კაშკაშებენ და ყვრიმალები ალდებიან.აქ გადავეყარე ჩემს მეორე მეგზურს,რომელმაც მოგზაურობის მოგონებეში გაძეგლებას,სამუდამო მეგზურობა არჩია. თუმცა ეს სხვა ბლოგის ნაწილი უფროა.
ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა,რომელიც ირეალურ სამყაროში ლაშქრობას უფრო ჰგავდა. ყველა იმ ადგილის ნუსხა შევადგინეთ,სადაც ხალხი არასოდეს მიდიოდა.ვიჯექით,ვუყურებდით არემარეს და ეგოისტურად ბედნიერები ვიყავით,რომ ამ ადგილების ხელყოფა არავის შეეძლო.ვიკარგებოდით ტყეებში, მთებში..ვუსმენდით ბუნების უტყვ ამოძახილს და ღამით ვარსკვლავებს ელვარებაში ვეჯიბრებოდით.
ყველაზე შთამბეჭდავი მაინც მთა გადრეკილია იგივე მზის ჩასავალი გორა.სამი გზით შეიძლება იქ მოხვედრა:საფეხმავლო,სამანქანო და ტყის გავლით. ჩვენ რა თქმა უნდა ტყის გზას დავადექით.ღრუბლების ზღვაში ნელნელა ეშვებოდა ცეცხლის ბურთი.იღვრებოდა ნაძვნარში და მთის კალთებზე ლიცლიცებდა. მზის ჩასვლის შემდეგ ძალიან აცივდა,ხალხი მიმოიფანტა და ცოტა ხანში საერთოდ გაქრა ყველა.ვიდექით ჩვენ ორნი ნასუფრალზე ,მზის ქორწილში და დატყვევებულებმა შინ წასასვლელი ნაბიჯები ძალიან დავიგვიანეთ.
ასე იყო თუ ისე, 25 ულამაზესი დღე მაჩუქა კურორტმა ბახმარომ,ვზივარ და ველოდები ზადხულის მოსვლას,რომ კვლავ მივაშურო დაუვიწყარ თავგადასავლებს.
მკითხველო,ვიცი ამ ნაწერში საკუთარი ოცნება ამოიცანით,ეს იმაზე გაცილებით ცოტაა ვიდრე მოგზაურობა ბახმაროში,მზისა და მთვარის პაემანზე,სიცოცხლის ნამდვილ სამოსახლოში.