დაიჭირე წვრილმანი ბედნიერება

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა აეროპორტიდან გარეთ გამოვედი და სახეში ძლიერი ჰაერის მასები დამეტაკა. პირველად სწორად მაშინ გავიფიქრე გულში, რომ ძალიან შორს ვიყავი, იმაზე უფრო შორს ვიდრე წარმომედგინა. გრძნობები და ემოციები ქარიშხალივით ტრიალებდნენ ჩემს გონებასა და სხეულში. თითქოს წამიერად დავპატარავდი. უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ რაღაც გრანდიოზულთან შესახვედრად მივდიოდი და გულისცემაც სადღაც ყურებთან ახლოს მესმოდა.

ჩვენი შეხვედრა კინოს კადრს გავდა. ვიყავი მე – ერთი წერტილი და ჩემს გარშემო დიდი ქალაქი მოძრაობდა. ერთმანეთში საოცარი სისწრაფით ირეოდნენ ადამიანები, შენობები, ქუჩები, მანქანები, შუქები; მე კი ამ ქაოსის შუაგულში თავბრუდახვეული ვიდექი და ქალაქის გულისცემას მხოლოდ სუნთქვით ვუწყობდი რითმს.

ქალაქის ტემპთან შეგუება ყოველ დღე თავიდან მიწევდა; ბოლოს დავნებდი რადგან მივხვდი, რომ ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და სწორად მაშინ დაიწყო ჩემი ნამდვილი ნიუ-იორკული ცხოვრება. ყოველი ახალი დღის გათენება მიხაროდა, რადგან ვიცოდი რომ უკვე ათასჯერ ნანახიც ისე გამაოცებდა როგორც მაშინ – პირველად ნახვისას. დავდიოდი და ვერ ვხვდებოდი რა ჯადოქრობა ჰქონდა ამ ქალაქს ისეთი, რომ ვერაფრით ვეჩვეოდი და ყოველ დღე თავიდან მაკვირვებდა.

შორეულ ამერიკაში ცხრათვიანი მოგზაურობა ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვცხოვრობდი ბრუკლინში, უბანში რომლის სუნიც დღემდე ტვინის იმ ნაკეცებში მაქვს შენახული, სადაც ყველაზე ბედნიერი მოგონებები ინახება. ბრუკლინის სუნი იმ ახლად გამომცხვარი კრუასანის სუნია, რომელიც ჩემი სახლის ქვევით საცხობში იყიდებოდა. საცხობში შევლა მალე ყოველდღიურ რიტუალად გადაიქცა და დილაობით გამყიდველიც მომღიმარი სახით მელოდებოდა გარეთ, ჩემთვის გადანახული კრუასანით ხელში. კრუასანის გარდა თბილ სიტყვებსაც მატანდა და წარმატებულ დღესაც მისურვებდა. როცა ჩემი საცხობის მეპატრონე თუნდაც ყველაზე ბნელ, ცივ, სუსხიან, და ადრიან დილას გამილამაზებდა, მეც სიკეთით დამუხტული ვიწყებდი დღეს და უფრო მარტივად ვამჩნევდი მომღიმარ ხალხს.

ნეტა იცოდეთ რამხელა ადრენალინია ნიუ-იორკის მეტრო დილის საათებში; მაშინ როცა ყველას სადღაც ეჩქარება. მაგრამ ამის მიუხედავად ქალაქის ტემპივით სწრაფად წამოსროლილ კომპლიმენტებს და ღიმილს არავინ იშურებს. ნიუ იორკელებს კარგად ესმით რომ თბილი სიტყვა და ღიმილი ბედნიერი და წარმატებული დღის საწინდარია! ამდენ გადარბენაში, ქაოსში და სტრესში სვხისი თუნდაც წამიერად გაბადნიერება შენც გჩუქნის იმავე ბედნიერების პატარა ნაწილს.

მეც ბედნიერად ვცხოვრობდი და ვტკბებოდი თითოეული წამით, ადამიანების თვალიერებით, მათთან კონტაქტით და ბევრი ღიმილით. ამ ქალაქმა თავი ისე უცებ შემაყვარა, რომ ვერც კი ვიგრძენი როდის მოახერხა, არადა სულ მეგონა ძნელად მიყვარდებოდა. როგორი ლამაზი დილაც მითენდებოდა, ზუსტად ისევე ლამაზად მთავრდებოდა ჩემი დღე სახლში დაბრუნებისას; ესეც რიტუალი იყო – სუშის პატარა რესტორნის გამყიდველი, რომელიც მთელი დღე ვაჭრობდა და ალბათ ყველაფერი გაყიდული ჰქონდა,  მაინც გარეთ მხვდებოდა ჩემთვის გადანახული გემრიელი ლუკმით ხელში.

ცხრა თვე დიდი დროა. ალბათ ხვდებით რამდენი წარმოუდგენელი ისტორია გადამხდებოდა ამ უზარმაზარ ქალაქში. ქარიშხალი სენდიც კი გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე. ნიუ იორკთან იმდენი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, რომ გამიჭირდება ყველაფერი მოგიყვეთ. თუმცა მე მაინც მიმაჩნია რომ ბედნიერება წვრილმანებშია, ჩემი ბედნიერებაც ადამიანების კეთილგანწყობით იწყებოდა. არასდროს დამავიწყდება მომღიმარი ბიჭის სახე, რომელმაც ცერა თითი ამიწია და გემოვნება ხუთიანზე შემიფასა. კონკრეტულად კი მუსიკა შემიფასა, რომელსაც ყურსასმენებში ვუსმენდი მეტროს გაჩერებაზე. არ ვიცი მან რა გაიგო, ან გაიგო კი საერთოდ რამე? იქნებ უბრალოდ გამახარა ისე რომ არც გაუგია?

თუმცა ერთი ნამდვილად ვიცი – ეს მოგონება დღემდე მაბედნიერებს და ალბათ სულ მემახსოვრება. სწორედ მაშინ დავწრმუნდი – ყველა ხილული ბედნიერების მიღმა ასეთი პატარა წვრილმანებისგან შედგება ჩვენი მოგზაურობა. ისეთი წვრილმანებისგან – ფრთხილად რომ უნდა იყო და არ გამოგეპაროს; უნდა მოასწრო, დაიჭირო და მერე მთელი ცხოვრება ისიამოვნო. საბოლოოდ კი იმაში დავრწმუნდი, რომ ყველა პარკზე, შენობასა თუ ქუჩაზე მეტად ადამიანს ისევ ადამიანი თუ გააოცებს.