კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ 2018 წლის ძეგლების ნუსხა დაამტკიცა

  • Home
  • მთავარი
  • კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ 2018 წლის ძეგლების ნუსხა დაამტკიცა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის გაფართოებულმა საბჭომ 2018 წლის არქეოლოგიური კვლევა-ძიებისა და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ძეგლების საპროგრამო ნუსხა დაამტკიცა. დამტკიცდა სამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამეცნიერო არქეოლოგიური კვლევისა და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს წარიმართება.
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს გაფართოებულ შემადგენლობას პროგრამული ძეგლებისა და მათზე განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხა, სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გააცნო, რითაც სამეცნიერო – პროფესიული გაერთიანებისთვის საპროგრამო გეგმის წარდგენის პრაქტიკას ჩაეყარა საფუძველი. საპრეზენტაციოდ წარმოდგენილმა დოკუმენტმა, რომელიც 80-მდე ძეგლს აერთიანებს, საბჭოს წევრების სრული მოწონება დაიმსახურა. საბჭოსთვის მისაღებია სააგენტოს ის პრიორიტეტებიც, რომლითაც პროგრამული ნუსხა განისაზღვრა.
მიმდინარე წლის პროგრამულ ნუსხაში კვლევითი არქეოლოგიური და სარეაბილიტაციო ძეგლების სიმრავლე ძირითადად სააგენტოს 2018 წლის საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა, რაც გასულ წელთან შედარებით სახელმწიფო დაფინანსების 3 მილიონ 900 ათასი ლარით მატებას ითვალისწინებს.
2018 წლის პროგრამული ნუსხა მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო სახსრებით განსახორციელებელი 24 არქეოლოგიური ძეგლის სამეცნიერო კვლევა-ძიებისა და ეროვნული კატეგორიის 27 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილისარეაბილიტაციო – საკონსერვაციო სამუშაოების ჩამონათვალს.
დოკუმენტი ასევე მოიცავს სააგენტოს მთვარი დონორი ორგანიზაციის -„საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ (ფონდი „ქართუ“) მიერ სარეაბილიტაციო ძეგლებს, რომელთა შორის ეროვნული კატეგორიის ძეგლებზე მიდინარე და დაგეგმილი სამუშაოებიცაა წარმოდგენილი.
პროგრამულ ნუსხაში მოხვდა სააგენტოს კამპანია „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში ჩართული კერძო ბიზნეს-ჯგუფების მიერ განსახორციელებელი 3 სარეაბილიტაციო პროექტიც.
მიმდინარე წლის საპროგრამო დოკუმენტი მოიცავს 4 წლიანი პროგრამის ფარგლებში კომპანია „RMG“-ს მიერ ჩასატარებელი 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევის სამუშაოებსაც, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მილიონ 700 ათას ლარს შეადგენს.
პროგრამულ ნუსხაში გაწერილია სხვა ღონისძიებებიც, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების, სამუზეუმო სივრცეების თანამედროვე განვთარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კუთხით განახორციელებს. კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარე წელსვე დაგეგმილია 2 ენოვანი წიგნების, ალბომებისა და საინფორმაციო ბროშურების მომზადება და გამოცემაც. 

იხილეთ ვიდეო

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

Tags: