გამარჯობა, მე ვარ ეთო. ერთი ფრთაფარფატა გოგო. შემიძლია ზომისა და წონის მიუხედავად მხრებზე შეგისვა და ჩემთან ერთად გამოგზაურო. არ ინერვიულო, უბრალოდ ახლოს მოიწიე! აი, ჩავიმუხლე, ფრთხილად. კი კი 49 კილო ვარ მაგრამ სიმძიმეს ვიტან.. ხო, ხო, აი ასე.. ჰოპ !! მზად ვართ,წავედით!
მოკლედ, ჩემო ახალო მეგობარო, 2 წლის წინ როცა პირველად გავიგე რომ ჩვენი სპექტაკლით მთელი საქართველო უნდა შემოგვევლო რათქმაუნდა გამიხარდა. რატომაც არა! მშვენიერი იქნებოდა ჰაერის გამოცვლა და პირველი გასტროლები ჩემს სამსახიობო კარიერაში,მაგრამ ამ ჩემს არც ისე ცარიელ ტვინს, მიუხედავად თავისი არცისეცარიელობისა,ბევრი რამ გამორჩა..კარგი ხო, რა ქნას, ეპატიება, წინასწარ როგორ უნდა გაეზომა 2 თვიანი მოგზაურობის ბედნიერობანი. მოკლედ 7 თვის ბავშვი ბებიებთან გავამწესე, გუდა-ნაბადი ავიკრიფე და დავადექ გზასა ჩემსა შეუცნობელსა.
გეგმა გაწერილი იყო. უნდა შემოგვევლო გურია, სამეგრელო, აჭარა,სვანეთი, ხევი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა. რა? არ მესმის. თავი დაბლა ჩამოწიე! ჰო. ყველგან ნამყოფი ხარ? კარგი, კარგი, მაცადე, ნუ მაწყვეტინებ! ვიცი როგროც ხარ ნამყოფი, შენი ერთი ჩანთით და 20 მეგობრით, 2 წუთში დატკბით ხედებით, მერე კარვები დააგდეთ,დაიძინეთ და მეორე დღეს ჰოპ,ისევ თბილისისკენ. მშვენიერია აბა რა,ნამდვილად შემოგვლია საქართველო. კარგი… არ გაკრიტიკებ.შეიძლება მეც ეგრე მოვქცეულიყავი რომ არა ჩემი მოგზაურობის ფორმატი,რომელიც ყველა კუთხეში იქაურ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტს გულისხმობდა. 45 დღეში,საქართველოს 25 დასახლებაში მოხვედრის შემდეგ ალბათ ბოლომდე ვერ წარმოგიდგენია რამდენ საინტერესო თვალებს შევხვდებოდი..
მე აღმოვაჩინე აქამდე უნახავი ყაზბეგი ერთ პატარა პანსიონატში,სადაც ჭრელთვალა მოხევე ბავშვები ისეთი თვალებით შემოგვცქეროდნენ თავი ოლიმპოს მთის ღმერთი მეგონა. არადა მინდოდა ყველას ჩავხუტებოდი და მეთქვა – ღმერთმანი,მე ღმერთი კი არა ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ,მაგრამ აი თქვენ…თქვენ ხართ ყველაზე დიადი ღმერთები, ოჯახს მოშორებულები მთაზე შემომდგარ პანსიონატში რომ სწავლობთ და გჯერათ მომავლის.და ყოველ დილით ამ პატარა ორღობეებს,გერგეთის სამებას და ცხრათვალა მყინვარწვერს რომ უყურებთ მინდა იცოდეთ რომ ეს ბედნიერებაა.სიჩუმეში ჩაყუჩებული ბედნიერება.აქედან დარიალის ხეობაში მოვხვდი..ამ უზარმაზარი მთების ქვეშ ყველაზე მეტად ვიაზრებდი ადამიანური ყოფის უსუსურობას..საზღვარს გავხედე..არადა იგივე მთებია,იგივე მდინარე,მაგრამ ერთი ხაზი,რამდენიმე მესაზღვრე,შენი პასპორტი და ჰოპ სრულიად სხვა ქვეყანაში ხარ..და ვფიქრობდი რომ ყველაფერი მოგონილია,ადამიანების მოგონილი,დაჩეხილი და დანაწევრებული..ბოლოს კიბეებ ჩამონგრეულ კოშკზე ავძვერი სულ, სულ,მაღლა,ჰაერი დიდი ნაპასივით ჩავისუნთქე,გადავხედე ჰორიზონტს,შემდეგ თვალები მაგრად დავხუჭე და პირველად ვთქვი:რაყოფილასაქართველო ნაწილი 1
შემდეგ გაინტერესებს რა იყო?პირდაპირ ფრონტის ხაზზე ამოვყავი თავი,შიდა ქართლში ქართველების საგუშაგოს ჩავუარე და გზადაგზა აგვისტოს ომის ისტორიები მოვისმინე.დაცარიელებულ სახლები,კედლებზე ნატყვიარები,ჩამონგრეულ ფანჯრები. გსმენია რამე „შინდისის ბრძოლაზე“?არა?არაუშავს,არაუშავს..შენ არ ინერვიულო,მეც არაფერი ვიცოდი,სანამ პირდაპირ მემორიალთან არ ამოვყავი თავი.და უცებ აქამდე სრულიად უცხო ლიანდაგი და ჩამონგრეული შენობა ჩემს თვალში სულ სხვანაირად გაცოცხლდა.ვისმენდი ისტორიას როგორ იბრძოდა აქ 12 ქართველი ჯარისკაცი.ვუყურებდი მათ ნატყვიარებ ჩაფხუტებს,ჯვრებს,ფეხსაცმელებს და ჩემს თვალწინ რაღაც საზარელი სცენები ცოცხლდებოდა.წარმოგიდგენია როგორ ეჭირათ ეს ჯვრები?როგორ სწამდათ სიკვდილზე გამარჯვების?როგორ ოცნებობდნენ მომავალზე 21-22 წლის ბიჭები?არა!არ წარმოგიდგენია…მე ვტიროდი.ხო ვტიროდი.დიდი ამბავი ეხლა,ხომ გითხარი ფრთაფარფატა გოგო ვართქო.კარგი.მოვრჩეთ..ბოლოს სპექტაკლი ეკლესიის ეზოში,პატარა ხის შენობაში ვითამაშეთ.მერე ამ შენობის აივანზე ავედით.იქიდან ცხინვალს გადავხედე,მის თავზე აფრიალებულ უცხო დროშას მივაშტერდი,ჰაერი ისევ ღრმა ნაპასად ჩავისუნთქე,თვალებიდან ცრემლები გადმოვღვარე და მეორედ ვთქვი:რაყოფილასაქართველო ნაწილი2
წვიმა,გზა სულ ნისლიანია..ძალიან ცივა.სამცხე-ჯავახეთისკენ მივდივართ ძვირფასო..ხედავ გზაზე ტბებს?რაღაც უცნაურ ველებს? როგორი დანგრეული სახლებია არა?გინახავს რომელიმე კუთხეში ასეთი სახლები?არა,არც მე…რაღაც უცნაურია.აქ პირველად ვარ.უუუუ, შეხედე ფარავნის ტბა რა ლამაზი ყოფილა.როგორი სიცარიელეა და რაღაც უცნაური სევდა.აქ ქართველები ძალიან ცოტანი რომ არიან იცოდი?დიახ,დიახ,ზოგ სოფელში საერთოდაც არ უშვებენ..ეხლა მაგალითად აქ რომ გავჩერდეთ მგონი არც ისე კარგი დღე დაგვადგება. ახალქალაქი…აი გამოჩნდა შუქნიშნებიც,ბაზრობა,საქმიანად მოსიარულე ხალხი, საარჩევნო პლაკატები…მოიცა მოიცა, ქართულ წარწერას სადმე ხედავ?ჰმმმ..სად ვართ? ვერაფერი გამიგია…კულტურის სახლში შევდივარ,მხოლოდ სომხური ენა მესმის,ტელევიზორში სომხური სატელევიზიო შოუა ჩართული,კედლებზე უცხო ადამიანების პორტრეტებია,არც შოთა ჩანს,არც ილია,არც ვაჟა,არც აკაკი,კედელზე 2002 წლის კალენდარი კიდია,ფანჯრის რაფაზე ძველებური ტელეფონი დევს,ამხელა საბჭოთა მონსტ შენობას მხოლოდ ერთი „პლიტა“ ათბობს..რა გითხრა..მეშინია..ძალიან უცხოდ ვგრძნობ თავს.დარბინიანის ქუჩა.. აქ რა ხდება? პატარა ეკლესია… ვაჰ.. მე მგონი საერთოდ არაფერი ვიცოდი.. აქ ტურინის სუდარის ზუსტი ასლი რომ ინახება შენ გაგიგია?შევდივართ…გაოგნებული ვარ ჯერ ეკვდერის მოხატულობით მერე თვითონ სუდარით..და ვისმენ ისევ ახალქალაქურ ისტორიებს წარსულზე,აწყმოზე,მომავალზე, განვლილ ბრძოლებზე.რომელი ერთი მოვყვე.
ღამეა..ახალქალაქის ერთ პატარა საყვარელ ოჯახში ვარ..სკოლის მასწავლებელი ქალი გემრიელი ვახშმით გვხვდება..და იწყება ისევ საინტერესო ახალქალაქური ისტორიები შვილებზე,ადამიანებზე,საქართველოზე,იმედზე..ქურთუკი შემოვიცვი, ეზოში გავედი, ვიწრო ქუჩას დაჟინებით მივაშტერდი,ჰაერი უზომოდ დიდ ნაპასად ჩავისუნთქე და ისე ვთქვი:რაყოფილასაქართველო ნაწილი3
ოდესმე ნერვები მოგშლია მეგრელები ასე რატომ ამაყობენ სამეგრელოთიო?კი?ხოდა ეხლა შენი ნერვების მოშლა უკან წაიღე..იცი რა ხდება იქ?მოდი ერთი შევიჭყიტოთ..ჯერ სახლებს შეხედე,როგორი მოვლილი ეზოებია,როგორი კოპწია აივნები..აღმოსავლეთში მგონი ვერსად ნახავ ასე გაპიწკინებულ სოფლებს და ქალაქებს.ზუგდიდი..რა მაგარი ყოფილა,ლამაზი და აი ნამდვილად ქალაქური ქალაქი..ერთ ზუგდიდურ კოპწია სახლში ვხვდები..კოხტა მასპინძლები ძალიან გულთბილად გვხვდებიან..ოთახის კუთხეში ბაბუა ზის,ხვალ დილით თურმე აფხაზეთში მიდის..ჰმმ..ისტორიები პირდაპირ აფხაზეთიდან.. შეუმჩნევლად ვტირი..მაგიდიდან ერთი ცალი წაბლი ავიღე,აფხაზეთიდან ჩამოუტანიათ.. „სალფეტკში“ ნაზად ვახვევ და ჯიბეში ვიდებ..სამახსოვროდ აფხაზეთისგან…დადიანების სასახლე, სურვილების ხეივანი, დიდგვაროვანთა გაცოცხლებული ისტორიები, დატოვებული პორტრეტები,მტვერდადებული წიგნები..მარტვილი..ულამაზესი კანიონები, დადიანების საზაფხულო სასახლე,ღვინის არაჩვეულებრივი მარანი..შემდეგ საზღვარი, აფხაზეთის მთები და ვერგადაჭრილი სისხლიანი ხაზი…ვდგავარ ამ ხაზთან,აფხაზეთის ცას ვუყურებ,იქიდან მომავალ ჰაერის ნაკადს დიდი ნაპასივით ვისუნთქავ და კიდევ ერთხელ ვამბობ:რაყოფილასაქართველო ნაწილი 4
ვიწევი,ჰაერში ვიწევი..უფრო და უფრო მაღლა,მთებს უკვე ზევიდან დავყურებ..ცოტა ხანში მგონი უწონადი გავხდები..ჰმმ…ისეთი ვიწრო გზაა და ქვევით იმხელა ხევები..მგონი ცოტა მეშინია მაგრამ არ ვიმჩნევ..ყველამ კი არ იცის რომ ფრთაფარფატა ვარ…მესტიისკენ მივემართებით ძვირფასო..შემოდგომის ფერები როგორ უხდება ამ მთებს..მდინარე, ზედ გადებული ხიდები,პატარა ორღობეები,ყველა სახლზე ღილივით მიკერებული კოშკები..ცივა …თავი ცისფერთვალება კეთილი ქალის სახლში ამოვყავი..თბილ ფეჩთან ვსხედვართ და ამითაც ბედნიერები ვართ. მან კი აღარ იცის რა გადმოიღოს კარადიდან..მეორე დღეს ფანჯრიდან რომ გავიხედე და გარეთ თოვლი დავინახე გიჟივით გამოვარდი შიშველი ფეხებით აივანზე..ვუყურებდი ნისლიან კოშკებს,ჰაერში ჩაყუჩებულ სიმშვიდეს და ძალიან ძალიან ჩუმად ვამბობდი:რაყოფილასაქართველო ნაწილი 5
ზღვის მდუმარე სანაპირო,ნესტიან ჰაერი..პატარა,ძალიან მოწესრიგებული სახლები.ისეთი აქამდე არასდროს რომ არ მინახავს..თბილი ჩაი..ღამის ფოთის სეირნობანი.მზით განათებული გურია,მანდარინები,სიცხე,ძალიან მხიარული მამაოს პატარა სახლი და მის ეზოში აღმოჩენილი სიკვდილს გადარჩენილი შვლის ნუკრი..მანდარინები პირდაპირ ხიდან მოვწყვიტე პირველად ჩემს ცხოვრებაში და ჯიბეში ჩავიყარე..ესეც სახსოვრად გურიისგან.. თითქოს ყველა კუთხიდან მხიარული თვალები მიყურებენ და მზეა,ჩახჩახა მზე..ჩემს მოკლემკლავიან მაისურს დავხედე,გამახსენდა რამდენიმე დღის წინ სვანეთში ნანახი თოვლი და კიდევ ერთხელ ვთქვი:რაყოფილასაქართველო ნაწილი 6
ჩამოვედი თბილისში და თან ჩამოვიტანე მთელი საქართველო,სხვადასხვა ფერის თვალები აციმციმდნენ ჩემს ტვინში..ჩემს აივანზე გავედი და ვფიქრობდი,მაინტერესებდა ახლა რას აკეთებდნენ ჩემი მორცხვი ახალქალაქელები,ჩემი ჭრელთვალა მოხევეები,რა ხდებოდა სამეგრელოს კოპწია სახლებში,ნეტა მენძელში ღომი ხომ არ გააფუჭეს?ის მეცხვარე რას შვება ნეტავ მესტიაში ჩემს ეზოში რომ თამაშობდა,ან გურული შვლის ნუკრი როგორ არის?და აი აქ, ჩემს აივანზე მივხვდი რომ სამყარო მხოლოდ ჩემი აივნიდან დანახული სტადიონი არ არის, და იმასაც მივხვდი რომ აქამდე ასე მეგონა..საქართველო მარტო დოლიძიდან პუშკინის ქუჩამდე გავლილი მანძილი არაა,არც მარტო ჩემი მეზობელი ლაურა არ არის საქართველო.. საქართველო არის ხიდან მოწყვეტილი მანდარინი,სვანურ კოშკზე დადებული თოვლი,აფხაზეთიდან წამოღებული წაბლი,მთაზე შემომდგარი მშვიდი პანსიონატი და შემოდგომის სიყვითლეში ჩამალული ძველი ნანგრევები.საქართველო ისტორიაა გმირების,უბრალო ადამიანების,დამტვერილი შენობების..თვალები გაახილე,ფართოდ გაახილე და იგრძენი მთელი საქართველოს პულსაცია..
აბა მეგობარო,დროა ჩემი მხრებიდან მიწაზე ჩამოხტე და მაპატიო თუ ძალიან დაგღლა ჩემმა მოგზაურობა…შენ საპატიო მეგობრის სიგელს გადმოგცემ ამ მოგზაურობაში თავის ღირსეულად დაჭერისთვის…ერთი..ორი..სამი..ჰოპპ..ჩამოვხტით..ახლა გაიარე ამ მიწაზე და იმის იმედს დავიტოვებ რომ ჩვენი მოგზაურობის მერე 1 პროცენტით უფრო მეტი გაიგე და 2 პროცენტით უფრო მეტად შეგიყვარდა ის..კიდევ შევხვდებით..სიყვარულით ე.ა.