დღე I, II და III
ფრენა ბაჰრეინის გავლით დაიწყო. სამეფო ყოფილა ბაჰრეინი. მდიდარი. არაბთა. აეროპორტი ნაზავი ყველანაირი ჯურის ჩაცმულობის ადამიანის, ინდურის, არაბულის, ევროპულის, ჩაცმულის, გახდილის… ისე მიყურებენ და ისე ვუყურებთ ერთმანეთს ყველანი, ზოოპარკში დამწყვდეულ ცხოველებს ვგავართ. ოღონდ ყველას მაყურებელი გვგონია თავი.
დელის აეროპორტში ფილტვები გამეხსნა, ბაჰრეინში გამოვლილი დაძაბულობის მერე. ფერები, ქანდაკებები, ჰაერი, რომლსაც განდი სუნთქავდა… ნეტავი ისე არ მოხდეს, სანამ გავიაზრებ რომ ჩემი ბავშვობის ოცნების მიწაზე ვარ (რომელზეც წარმოსახვაში გავერთხი და ვკოცნი უსაშველოდ), მთელი მოგზაურობის დრო გამეპაროს.
გამთენიაა. ადგილობრივები უხვად გვთავაზობენ ტაქსებს, ტუკ-ტუკებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს. ტური არ დაგვიგეგმავს (ორნი ვართ), ყველაფერი ახალია და უცხო. ერთ-ერთ მძღოლს ფასზე ვუთანხმდებით, მანქანში ფეხს ვყოფთ თუ არა იმ წუთიდან ნამასტე! ინდური მაფიის ნაწილნი ვართ!
მძღოლმა ადგილობრივ ტურისტულ ორგანიზაციაში მიგვიყვანა. იმან უიო, ეს სასტუმროებიო ისეთ ადგილზეაო, წაიშინა თავზე ხელები, გზა არ მიდისო (ცენტრალური ქუჩები დავჯავშნე არადა ბუქინგის მეშვეობით), ასეო, ისეო. საბოლოოდ ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის თანახმადაც შეგვიცვალა ყველა სასტუმრო დელში, ჯაიპურსა და აგრაში, სამივე ქალაქისთვის გამოგვიყო მძღოლი სამოძრაოდ და ასევე ჯაიპური-აგრასა და აგრა-ვარანასის მიმართულებით ღამის მატარებელზე საძილე ადგილების კლასის ბილეთებს შეგვპირდა (ცეცხლი აინთო, თავგადასავალი დაიწყო!).
პირველ სასტუმროში გაქონილ ფანჯარაზე ფარდა იყო ზედ დაწებებული, ბუზები დაფრინავდნენ და ძველ დროში უთოდ თეთრი თეთრეული ამჟამად რუხი ნაცრისფერი იყო. ბარგი არ დაგვიწყვია, მძღოლს ოფისში მიყვანა მოვთხოვეთ. მოგვიბოდიშეს. შემდეგი სასტუმროები იყო ერთმანეთზე უკეთესი!
რედ ფორტი, ქიუთაბ მინარი, ლოტუსის ტაძარი, განდის მუზეუმი და განდის სხეულის დაწვის ადგილი ვნახეთ, ლორდის ბაღში ვისეირნეთ და დილი ჰაათის ქუჩაზეც ავიარ-ჩავიარეთ. არ გვაინტერესებს შენობები. უცხო და ჯერ არ გავლილ ქუჩებზე დავდივართ. ერთი რამ გვაოცებს. ადგილობრივები გვიყურებენ გაოცებით, ფოტოების გადაღებას ან გვთხოვენ ან სულაც აქეთ-იქიდან გვეპარებიან და ჩუმად გვიღებენ. რა ხდება?!
ჩვენი მძღოლი, კარანი კარგი კაცია. ტიპიური ადგილობრივი. ხორცს არ ჭამს სრულიად. და ჰო, კიდევ, ჩვენთვის უინტერესო მაღაზიებში დავყავართ და რესტორნებსაც თავადვე არჩევს სასადილოდ. თავგადასავალს დავნებდით. მთელი ინდოეთი მაფიაა!
დღე IV, V
ცოცხლად რომ მოკვდე ამისათვის დელიდან ჯაიპურში მიმავალ გზაზე სადმე უნდა შეჩერდე, ადგილობრივ ბავშვებს, რომელიც ყელზე ხელწაწვდილი გთხოვენ დახმარებას თვალებში უნდა ჩახედო! სარკესავით პრიალა! ბროლივით შავ! ტბასავით უძირო თვალებში! და უნდა შეგრცხვეს! შეგრცხვეს ყველაფრის რაც გაცვია. გიყიდია. გიჭამია. გისუნთქია. უდარდელად. ლუარსაბივით. უნდა შეგრცხვეს ყველა იმ მშობლის, დედის, მამის მაგივრად, რომლებმაც სექსი აირჩიეს როგორც გასართობი საშუალება და შედეგად ახლა სადღაც დედამიწაზე დატატნტალებს ასობით ათასი ბავშვი ფეხშიშველი! ტანშიშველი! მშიერი და ყელზე ხელწაწვდილი!
ჰავა მაჰალი არის საოცრება. ჯანტარ მანტარის ობსერვატორია საინტერესო. შედრებით პატარა ქალაქია და კომპლექსური. ყველაფერი ერთადა. შოპინგი არის ხელოვნება. ფასი ზოგადია. ის, რაც ენაზე მოადგებათ. თუ გადაიხდით სულელები ხართ. თუ შეევაჭრებით და საკუთარ ფასზე დაიყოლიებთ, დაგაფასებენ (ამაში კი გამოგვადგა ჩვენი მძღოლი, დაგვარიგა). საჩუქრებით გავივსეთ ჩანთები. ფერებით. ინდოეთის სურნელით…
ჯაიპურში ყოფნა მაიმუნების ტაძრის გამოც ღირდა, სადაც სულ ჩახუტებული უნდა ატარო საკუთარი ეკიპირება. რა იცი, რა წამოუვლის თავში რომელიმე მაიმუნს. პირდაპირ ცხვირ-წინ დახტუნავენ და შესაძლოა გაიტაცონ თქვენი კამერა. დაეწევით თუ?!
ქუჩებში სპილოები და აქლემები დატანტალებენ.
დღე VI, VII
ჯაიპური – აგრასაკენ მიმავალ გზაზე არის ერთ- ერთი უნიკალური ნაგებობა, ჩანდ ბაორი, რომელსაც პირადად ჩიტების სასახლე შევარქვი. ღირდა გადახვევად!
ჰო, და კიდევ. „ინდია ნოუ რულს“ მითხრა კარანმა და საჭესთან დამსვა სამართვად. მერე სულ პროფესიონალი მეძახა, რადგან თვითონ არაფერს იყენებენ მანქანის რესურსებიდან. გვერდითა სარკეებიც კი შემოკეცილი აქვთ, ყოველი შემთხვევისთვის არავინ რო არ გაჰკრას და ისე დადიან. გზაჯვარედინზე ერთმანეთს უყურებენ მძღოლები თვალებში. თუ შემხვედრს ყოყმანობას შეატყობ გაასრწებ. თუ შენზე ჯიუტია გაივლის! არცერთი საგზაო შემთხვევა არ მინახავს!
აგრა ფორტი და ინდოეთის ისტორიაში ერთადერთი მაჰალი, ტაჯ-მაჰალი (მაჰალი, ერთადერთი სასახლე, როემლშიც არავის უცხოვრია) ვნახე.
არაფერი მინახავს ამაზე გასაოცარი და არაფერი მსმენია ამაზე სევდიანი, გეძღვნებოდეს უკვდავება სიკვდილის შემდეგ!
კარანმა სადგურზე მიგვიყვანა, შეთანხმებული ბილეთები მოგვცა და დაგვტოვა. საკმაოდ მსხვილ თანხაზე, რომელიც ვაჩუქეთ გვითხრა რომ ეცოტავა. გული დაგვწყდა.
ფოტოებს ჩვენთან ყველგან და ისევ იღებენ!
დღე VII, IX
კაჯურაჰო „კამასუტრას მექააო“ გამაფრთხილა სანდომიანმა ადამიანმა და ისე აგიხდეთ ყველაფერი. „სტალაქტიდები“ ყრია შუაგულ მინდვრებში!
13 წლის ინდოელი ბიჭი აგვეკიდა (ჩემი დეიდაშვილის კბილა), ენების პრაქტიკას გავივლიო. წავიყვანეთ. სახლში მიგვიწვია, დღიურში ქართული სიტყვების ჩაწერა მთხოვა (პირველი ქართველი ვიყავი ვისაც შეხვდა). ლათინური ასოებით ჩავუწერე, დედა, მამა, სიყვარული, საქართველო…
სულ ვფიქრობ, როგორ გამოდიან ასეთი სახლებიდან ეს ინდოელი გოგოები ასეთი ლამაზები და მოწესრიგებულები? ინდოეთი ცალკე გამოცანაა.
ჩვენმა პატარა მეგობარმა წიგნი მიყიდეთო გვთხოვა. ვუყიდეთ. დღემდე ვამოწმებთ ინტერნეტით, რომ ნამდვილად სწავლობს!
ჰო და კიდევ, ტურისტების ჯგუფს გამოველაპარაკეთ, რომლებიც რაღა თქმა უნდა ქუჩაში კი არა, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას შეგვხვდნენ. გვითხრა, რომ ინდოეთში წამოსვლა სულ უნდოდათ, ეშინოდათ. ასაკშიღა გაერისკათ და ისიც 40 კაციანი ეგიდით. გვგონია, რომ ინდოეთი შენობები არ არის, ხალხია!
ჩვენმა 13 წლის მეგობარმა გვითხრა, რომ არავინ დადის იმ ქუჩებში სახეტიალოდ (მითუმეტეს ახალგაზრდა), რომელშიც ჩვენ თავად მას შევხვდით. ამასთან, მე და ჩემი მეგობარი ზედმეტად თეთრები და ქერები ვართ. ტელევიზორები და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები იშვიათობაა. ფოტოების საიდუმლო ამოხსნილია!
კარანის დატოვებული უკანასკნელი ბილეთი კაჯურაჰო-ვარანასის ნაცვლად ჯანსი-ვარანასი აღმოჩნდა (5 სთ კაჯურაჰოდან და 3000 რუპია). პოლიციაში მივედით (ყველა საჭირო დოკუმნეტით). გადარეკეს, გადმორეკეს. მეორე დღეს სასტუმროსთან ტაქსი, კომპანიის წარმომადგენელი და პოლიცია ერთდროულად გველოდებოდა!
კაჯურაჰოში რომ დავბრუნდები, ჩვენი პატარა მეგობარი დიდი ადამიანი დაგვხვდება!
დღე X, XII, XII
თუ თქვენს ჩემსავით წლებს გამოცდილების მიხედვით ითვლით, იცოდეთ რომ, დედამიწაზე არის ადგილი, სადაც ყველაზე უფრო სწრაფად დაბერდებით. ვარანასში შემისრულდა არსებობის 100 წელიწადი!
ვნახე როგორ ზელდა მიწაზე თავით გართხმული ქალი ორივე ხელით ნაკელს და მთელს ინდოეთში ბაია პატარაიების წვიმა ვინატრე!
ქუჩაში რომ ისაქმებდა ისეთი ხალხიც ვნახე!
ვნახე ადამიანების გვამები მორევში გაჩხერილი როგორ იწვოდა ( წვავდნენ ყველას, გარდა ბავშვების, ორსულების, მომლოცველების, ინკლუზუირისა და სამეფო კობრას მიერ ნაკბნით გარდაცვლილი ადამიანებისა, რადგან ისინი უკვე ითვლებოდნენ განწმენდილად).
ვნახე ცოცხალი ადამიანი მიწაზე იწვა და ირგვლივ საკუთარი შარდის გუბე ედგა. რამდენიმე წამს ვაკვირდებოდი თუ სუნთქვანდა. გაინძრა! ისიც ვნახე ამ ადამიანის ირგვლივ ასობით სხვა ადამიანი როგორ მოძრაობდა, პოზირებდა, ფოტოებს იღებდა და ვერცერთი მათგანი მიწაზე მწოლიარე ადამიანს საკუთარ შარდის გუბეში ვერ ხედავდა.
მდინარე განდში მიცვალებულებს, ცოცხლად მყოფებს, სარეცხს და ძროხებს ერთდროულად რომ ბანდნენ კიდევ ეგ ვნახე.
ვნახე რომ ინდოეთში ყველაფერს ყიდიან და ყველაფერი იყიდება.
განდი ვერსად ვნახე!