მე არ ვარ მოგზაური

ეს არ არის ისტორია ერთი მოგზაურობის შესახებ და არც მე ვარ მოგზაური.

მატარებელი მძიმედ და უხმოდ მისრიალებდა ლიანდაგებზე, საღამო იყო და ფანჯარაში ჩამავალი მზისგან გავარდისფერებული ღრუბლელი ირეკლებოდა. ვცდილობდი, რაც შეიძლება მკაფიოდ დამემახსოვრებინა ხედი ფანჯრიდან. მოგზაურობისას ყოველთვის მინდება განსაკუთრებული ხედების დამახსოვრება, თუმცა მეხსიერება სანდო რამე არაა, მაგრამ, რაც ნაღდად მიმყვება ხოლმე, ემოციური კავშირია, ადგილთან, გარემოსთან და ადამინებთან. მატარებელში უცნაურ ხალხსაც შეხვდებით. ხარბად ვიღებდი სურათებს ფანჯრიდან, როდესაც ვიღაც ტიპი მომიახლოვდა, რატომღაც დაინტერესდა რას ვაკეთბდი. მეთქი მარტივად მოვიცილებ თავიდანთქო, ვაჩვენე ფოტო და გაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ლაპარაკი გამიბა. საინტერესო ვინმე აღმოჩნდა. თურმე პერიოდულად მატარებლის ბილეთს ყიდულობდა და იმავე დღეს მატარებლითვე უკან ბრუნდებოდა. პატარა მოგზაურობას ვუწყობ ჩემს თავსო, მოგზაური ვხდები ხანდახანო, მომახსენა. იმ წამს, კი უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ მეც დავფიქრდი მეცადა.

ყველაზე საინტერესო მოგზაურობისას, ალბათ მანძილია, ჰო, და კიდევ გზა, აუცილებლად. რამდენი ადამიანი დადგომია გზას, მაშინ როდესაც გაურკვევლობაში ყოფილა, მაშინ როცა, რაღაც აწუხებდათ ან არ მოსწონდათ, ვერ იღებდნენ ცხოვრებას ისეთად, როგორიც იყო, მაშინ, როდესაც არ სჯეროდათ ისეთი ცხოვრების, როგორისაც ყველას. ზოგი დეპრესიაშია და გზას ადგება, ზოგი რაღაცას ეძებს, რას არ იცის, მაგრამ გზას ადგება მაინც, ზოგიც უბრალოდ თავგადასავლებს ეძებს და, დიახ, ისიც გზას ადგება. გზა ყველაფრიდან გამოსავალია. ერთი სიტყვით, გზაზე ყველა პოულობს თავის ადგილს ან რაღაცას მაინც, მგონია, იმაზე მეტს და დიდს ვიდრე ეძებდა. ჰოდა, რაც შეეხება მანძილს, საკუთარი თავის გაცნობის საუკეთესო საშუალებაა, რა თქმა უნდა, ეს მე მოვიგონე. თუ გინდათ, დამეთანხმეთ.  მანძილი ბევრ რამეს ცვლის. მგონი მოგზაურობის მთელი ხიბლიც ამაშია. რაღაცნაირად გაიძულებს სხვანარად ფიქრს, გადაფასებას და შეიძლება პრინციპების ცვლასაც. საინტერესოა ისიც, რომ დიდი მანძილის დაფარვისას, შეიძლება რაზეც ფიქრობდი, რომ მოგენატრებოდა, საერთოდ დაგავიწყდეს, ან პირიქით. თუ არგუმენტებს ელოდებით, რატომ გვექცევა მანძილი ასე, მაშინ წადით სადმე შორს. ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ყველას თავისი წილი მანძილი ექნება გადასალახი, შეიძლება პატარა, შეიძლება დიდი, მაგრამ სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს, თუ რაღაც ცვლილება არ მოგიტანა. ჰოდა, ნუ დაადგები გზას თუ ცვლილებები არ გიყვარს.

 

ბავშობაში, ჩემს სახლთან ახლოს სატვირთოების გაჩერების პუნქტი იყო. გვიან ღამით, სანამ ძილმოერეული მივესვენებოდი, სატვირთო მანქანების დიდი რიგი მიეწყობოდა ხოლმე და თითქმის კორპუსამდე სოცობს ქმნიდა. სიმართლე გითხრათ არ ვიცი როდის იშლებოდნენ, დილით არ მხვდებოდა არც ერთი. ძალიან უცნაურია,    გვიან ღამით, როცა  არავინ არ არის გარეთ, შორიდან მომავალი ხმაც რა ახლოდ გეჩვენება. ტრაილერების მძღოლები გადმოდიოდნენ და საუბრობდნენ გაუჩერებლად, მეგონა გვერძე ოთახში დიდი ბაასი და გარჩევები მიდიოდა. ძალიან მიკვირდა ხოლმე, რა ქონდათ ამდენი სალაპარაკო. ხშირადაც, ღამის სიზმრებიდან გამოღვიძებულს, მათი ლაპარაკის მოსმენაშიც გამითენებია. მახსოვს მაშინ, ვფიქრობდი, რამდენს დადიოდნენ, სულ გზაზე იყვენენ, სულ მოგზაურობაში, ალბათ რამდენი რამ აქვთ ნანახითქო. თუმცა, ძილის იდეა უფრო მხიბლავდა მაშინ. მახსოვს, როგორ მიყვარდა თვითმფრინავების გადაფრენის მოსმენა, ვუსმენდი ხოლმე, სანამ ბოლომდე არ მიილეოდა ხმა, ამასობაში მეძინებოდა კიდეც.

 

 

 

      იშვიათად ვხვდები ხოლმე მოგზაურებს, ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ მაშინვე გაარჩევ მოგზაურს სხვა ადამიანებისგან. მე არ ვარ მოგზაური, დიდი ალბათობით არც შენ, მაგრამ, ხანდახან ყველა ხდება მოგზაური, უნდა გახდეს, თუნდაც მცირე დროით. შეიძლება ბევრი იმოგზაურო, მაგრამ მოგზაურად ვერც ერთხელ გადაიქცე.  მოგზაურები არ ეძებენ კონკრეტულ ლოკაციებს, არ აინტერესებთ ღირსშესანიშნავი ადგილები,  მოგზაურები ალბათ გაყვებიან გზას, სადამდეც წაიყვანს, ალბათ, შარაგზებზეც გადაუხვევენ, ან თვითონვე გათელავენ, გაკვალავენ ხოლმე ახალ გზებს და დარწმუნებული იყავი, რომ ყველაზე მეტს ნახავენ, ყველა ტურისტზე მეტს, შეიძლება არც ლამაზს, არც მდიდარი ფერებით ან გამორჩეული ნაგებობებით, არც არქიტექტურულ შედევრებს, უკან ღირსშესანიშნავი ნარატივით, არაფერს მსგავს, უბრალოდ უფრო მეტს იგრძნობენ ხოლმე, შენ კი მის საუბარში შეამჩნევ ყველაფერს. ეს განსხვავებაა ტურისტსა და მოგზაურს შორის. მოგზაური ახალ შეგრძნებებს, ხედვებს აგროვებს, გამალებით, დიდი ვნებით და დაუოკებელი სურვილით. მე მინახავს არაქართველი მოგზაურები, ტობავარჩხილიდან თავიანთზე დიდ, ნაგვით სავსე პარკს რომ მოათრევდნენ, დარწმუნებული ვარ, სხვაგანაც იგივენაირად მოიქცეოდნენ. ვინმე სხვა მოგზაური კი, ჩამოუვლის პარიზის ვიწრო, ძველ ქუჩებს, მოხუცი კონდიტერის კრუასანს დააგემოვნებს, რომელთანაც იშვიათად თუ იყრის ხალხი თავს შემდეგ, სადმე გარეუბანში დაიდებ ბინას, ძველ, მიგდებულ სახლში, ყოველდღე მზის ჩასვლას დააკვირდება და ფრანგულ ესტრადასაც მოუსმენს, მერე რა, თუ სიმღერის ტექსტიდან ერთი სიტყვაც არ ესმის. ერთხელ გზაზე ყოფნისას ვფიქრობდი ამაზე.

ხედი სატვირთო მანქანიდან/ორმაგი ექსპოზიცია

დაუსრულებელი მგზავრობით გაბეზრებულმა  სატვირთოს მძღოლმა, ჯანდაბას შევუჩერებ ამას, ამხელა ჩანთააკიდებული, ქალაქისკენ მიდის ალბათო. გამიჩერა და ავედი, თუმცა შევცდი. მანქანაში კიდევ ერთი მოგზაური ეჯდა. კიდევ ერთი კი არა, მე არ ვიყავი მოგზაური, ის იყო. მე უბრალო ტიპი ვიყავი, რომელსაც ქალაქამდე უნდოდა ჩაღწევა. ზუსტად ორმოცი წუთი ვიმგზავრეთ ერთად, თუმცა საკამარისი იყო ეს დრო იმისთვის, რომ გამეგო რა უტრიალებდა თავში. ქართველი არ იყო, გარეგობაზეც ეტყობოდა, კიდე ეტყობოდა, მზეზე ბევრი ევლო, გახუნებულ თმას

სვანეთი, 2016

მძიმედ მიმავალი სატვირთოს ფანჯრიდან შემომავალი ქარი უჩეჩავდა. ძალიან მტვრიანი ფეხები განზე ქონდა გაწყობილი, ცოტა მავიწროვებდა კიდეც, მაგრამ არ შემიმჩნევია, ასე ისვენებდა ალბათ. ისეთი აღტაცებით და ვნებით საუბრობდა თავის თავგადასავლებზე, არც ერთი ადგილის სახელი არ ახსოვდა, თუმცა არც მაინტერესებდა. იმ ტიპმა იმაზე ბევრად მეტი ნახა, ვიდრე ყვებოდა, იმაზე ბევრად მეტი იგრძნო ვიდრე გადმოსცემდა. ძალიან მალე ჩამოვიდა მანქანიდან, თითქოს ორი წუთი ისაუბრა და დაგვტოვაო. დავრჩი მარტო მე და სატვირთოს მძღოლი, მეც დაღლილი ვიყავი და საუბრის თავიც არ მქონდა, თუმცა მძღოლი მართლა ენაკვიმატი ვინმე იყო, იმ მოგზაურს ვერ ელაპარაკებოდა და ჩემთან აიდგა ენა, ათასი ისტორია მომიყვა, მეც ყურადღებით ვუსმენდი, უზომოდ ბევრი ვიცინე. რაღაც განსაკუთრებულად გულწრფელები არიან ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, რამდენიმე ისტორია კარგად შეალამაზა და შეიძლება შეცვალა კიდეც, თუმცა გულწრფელად ცდილობდა ჩემს გახალისებას. ახლა ვხვდები, რაზე საუბრობდნენ, ჩემს ბავშვობაში ის სატვირთოს მძღოლები ღამ-ღამობით. საათობით დამუნჯებული საჭესთან ჯდომა, თან თუ არ გაუმართლა და ვინმე მოგზაურმა თუ არ აუქნია ხელი. ბევრჯერ შეუძახებია თავისი თავისთვის, ალბათ, რომ ყურადღება არ მოედუნებინა და გაეგრძელებინა გზა. ეს სატვირთოს მძღოლები თავის წილს ასე მოგზაურობდნენ, გზაზე სხვა მოხეტიალეებსაც ხვდებოდნენ და ხშირადაც უჩერებდნენ. ის ტიპიც, მატარებლით მგზავრობა, რომ უყვარდა, თავის წილს ამგვარად მოგზაურობდა.

 

ვაგრძელებდით სვლას. უკვე ფანჯრიდან დაბერილ დამძიმებულ ჰაერშიც იგრძნობოდა, რომ ქალაქს ვუახლოვდებოდით. ჩამავალი მზე თვალს მჭრიდა, მძღოლიც უჩვეულოდ მორჩა საუბარს და მგზავრობით დაღლილს ჩამთვლიმა, ისევ იმ მოგზაურ ტიპზე ვფიქრობდი, რას გაუგებ ასეთ ხალხს,  არანაირი მიზნით, დანიშნულების ადგილით, ისინი უბრალოდ მოგზაურობენ მოგზაურობისთვის!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სვანეთი, 2016

Tags: