ალაზნისთავის ქრონიკები – ანუ კავშირი, რომელიც შედგა!

  • Home
  • ბლოგები
  • ალაზნისთავის ქრონიკები – ანუ კავშირი, რომელიც შედგა!

 

ჩვენ ყველას გვჯეროდა, რომ გარდატეხის ასაკი დიდი ხნის წინ მოვილიეთ და თავაწეულებმა შევაბიჯეთ უნივერსიტეტის შენობაში. გვწამდა, რომ ზრდასრულთა სამყაროში უკვე გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი. ჩვენ ვთვლიდით, რომ ჩამოყალიბებული, წუნით თუ წუნის გარეშე მაინც სრულქმნილი პიროვნებები შევიქენით, თუმცა ჩვენზე უფრო ჭკვიან ადამიანს უთქვამს, რომ „მოგზაურობა, როგორც უდიდესი და სერიოზული მეცნიერება, გვეხმარება, კვლავ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი“. ჩვენც ჩვენდა უნებურად თავიდან აღმოვცენდით და შევძელით ერთმანეთი თუ საკუთარი ქვეცნობიერი ზეცნობიერითურთ ხელახლა აღმოგვეჩინა.

ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ახალგაზრდებს იშვიათად ეძლევათ საშუალება იმოგზაურონ, თუნდაც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე. ზოგიერთი ამას ფულადი რესურსების დეფიციტს მიაწერს, ზოგსაც კი შეშინებული მშობლები არ რთავენ ნებას „აბდაუბდად მოედონ“ უმშვენიერესი ქვეყნის ულამაზეს მხარეებს. ასეა თუ ისე, ჩვენში ლაშქრობის კულტურა ახლად დაბადებული და ცინცხალია. მსგავს პირობებში ნებისმიერი მშობლისთვის რთულად წარმოსადგენია უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც საკუთარ სილაბუსში შეიტანს საგანს სახელწოდებით „საველე პრაქტიკა“, რომლის მიხედვითაც სტუდენტი ვალდებულია 10-11 დღის განმავლობაში მოწყდეს მშობლიურ კერას და გაემგზავროს სალაშქროდ.

ყველაფერი მეტწილად გაუაზრებლად მოხდა. ვფიქრობდი რამდენად შეეგუებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები ჩემთან ყოველგვარი კომუნიკაციის გაწყვეტას ან თავადვე რამდენად აღმომაჩნდებოდა გამბედაობა მომერგო 15 კილოგრამიანი ჩანთა და 16 კილომეტრი ფეხით მეტარებინა ისეთი სიმძიმე, რომელიც მანამდე არც ჩემს ხელებს ეტვირთათ და მითუმეტეს არც ქალაქურ, მქრქალ და მოშვებულ მხრებს. ეს ყველაფერი მეტად საინტერესოდ და გამომწვევად გამოიყურებოდა.

სამზადისი არც ისე მარტივი პროცესი გამოდგა. უამრავი ფული და ნერვები დაიხარჯა სასურველი ნივთების, მედიკამენტებისა და სასუსნავების მოძიება, შესყიდვაში. ყველაზე მძიმედ ალბათ მაინც ის გამახსენდება, რომ საძილე ტომრის, საწვიმარისა და პლედის გამო ჩემი კუთვნილი ზურგჩანთა იმდენად გადაივსო და დამძიმდა, რომ არათუ თბილი ტანსაცმლის, არამედ ტკბილეულის ადგილიც კი აღარ დარჩა და შეფუთულად დალაგებული საკნატუნო გემრიელობები მომიწია, რომ შეფუთულადვე მისაღები ოთახის მაგიდაზე დამეტოვებინა. წასვლის მომენტამდე ყველაფერს გაუაზრებლად ვაკეთებდი. მაშინ, როდესაც საბოლოოდ მოვიმწყვდიე ჩანთა წელზე, დავემშვიდობე ოჯახის წევრებს და გავაფრთხილე, რომ ჩემთან კონტაქტი ვეღარ ექნებოდათ, მივხვდი, რომ იმ მოგზაურობისაკენ დავადექი გზას, საიდანაც ადამიანები ისეთებად აღარ ბრუნდებიან, როგორებიც წასვლამდე იყვნენ.

კამპუსში ოფიციალურად ორი-სამი საათისკენ იკრიბებოდნენ. დარიგდა თავსახვევები და მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას, სადაც ეწერა, რომ  სრულ პასუხისმგებლობას; საკუთარ საქციელზე, ჯანმრთელობაზე ან ნებისმიერ მომავალ პრობლემაზე თავადვე ვიღებდით. ამ ყველაფერს შიშის, ადრენალინისა და ბედნიერების გემო ერთდროულად  დაჰკრავდა. ჩვენ კი თავბრუდამხვევი საველე პრაქტიკა ამ ფურცელზე ხელის მოწერის მომენტიდანვე შეგვიძლია, რომ დაწყებულად მივიჩნიოთ.

დილის ხუთის ნახევარზე აეროპორტის გზას გავუყევით და დავიჯერეთ, რომ ამ მომენტიდან სხვა ცხოვრებაში, სხვა წიგნში და სხვა სამყაროში ვაგრძელებდით არსებობას. კონკრეტულ ლოკაციამდე ჩასულები დილის რვა საათისთვის შეძახილებმა გამოგვაფხიზლა. დიახ! ტვირთი თუ ჩანთები, ყველაფერი საბარგულზე გადავზიდეთ, მკაცრი თუში მამაკაცები კი შორიდან, აპრეხილი ცხვირის უპეებიდან გვადევნებდნენ თვალს და თითქოს პირველი კონტაქტიც შედგა.

გზა საკმაოდ რთული და დამღლელი იყო. წინ წამოსკუპებული პაატა მეყველე ანუ პიროვნება, რომელიც უშუალოდ ალაზნისთავზე უნდა დაგვხვედროდა და მისი თანამეთუშთუშე მძღოლი ზვიადიც იმ დროისთვის სრულიად სხვა და უცხო სამყაროს წარმოადგენდნენ ჩვენთვის. მე და ჩემი მეგობრები სწორედ რომ მათთან ერთად აღმოვჩნდით ამ საოცრად ჩახლართულ და საშიშ თუშურ ბილიკებზე. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხედავდით აღმართულ ჯვარს ან ქვას წარწერით აქ გარდაიცვალა ლუდოვიკო ტრალივალის ძე,  ანდაც თარეშა ალუდაური.. მახსოვს გზად მთელი ჩვენი მეხსიერების ბარათი ამოვწურეთ და ვიმღერეთ ყველა ის სიმღერა, რაც კი ოდესმე სადმე გვსმენია ან შეგვყვარებია. მახსოვს სოფელი, სადაც საბოლოოდ შევისვენეთ კოკლათამდე, დავლიეთ ყავა, მივირთვით პეჩენიები და უკანასკნელი სატელეფონო კავშირი დავამყარეთ ოჯახის წევრებთან. პირადად მე სულ ორ პიროვნებასთან ვცადე დაკავშირება. ერთმა არ მიპასუხა, მამას კი დინჯი, აუღელვებელი ტონით გადავულოცე სიტყვები – ნუ ინერვიულებთ, მე კარგად ვიქნები და კონტაქტიც შეწყდა. დაზაფრული სახეები, რომლებმაც არ იცოდნენ თავს რაში ან სად ყოფდნენ იმ მანქანაში მსხდომი ადამიანების სრული უმრავლესობა გაგვაერთიანა.

კოკლათა იყო ზამბარა, რომელიც იმ ღამით ხევისბერმა კარგად დაქაჩა. რაც მეტი იყო ხევისბერის ზეწოლა მით უფრო დიდი გასროლა გველოდა წინ, ალაზნისთავზე. შუადღის ექვსი საათი იქნებოდა რომ სამ სახლში დასაძინებლად ადგილს იატაკზეც კი ვეღავ იპოვიდა კაცი. ამ ძილბურანში ვიყავით უბედურების ზარმა უდროო დროს რომ ჩამოჰკრა. ორი ახმახი მეთუშთუშე დახრილი, მძიმე მზერით შემოდის და ხაზგასმული ტონით ამბობს – „ხევისბერი თავისთან სამ ვაჟს და სამ ქალს იხმობს!“. ტანში გამცრა, თუმცა ჟრუანტელს ნამდვილად არ დაუვლია, უნდა მემოქმედა! თვალებში ალბათ ეშმაკები ამითამაშდნენ და თავი ფილმის რეალურ პერსონაჟად წარმომედგინა. პირველი წამოვხტი გასაქცევად და თავგადასავლის სულში ჩასახუტებლად. რაღა დაგიმალოთ და „ხევისბერმა“ მთელი ჩემი იმედები თავზე ჩამომაფერთხა. მე მის ადგილას; ახოვან, განათლებულ, შეუვალ პიროვნებას ველოდი, სანაცვლოდ კი ერთი ჩია, უსახური, ალკოჰოლიკი შემრჩა, რომელიც სულს ძლივსღა ღაფავდა. მათი თქმითა და ბრძანებით თუშეთში მოსულ სტუმრებს ჭიქის აწევა და ცეცხლის დანთება ევალებოდათ, რადგან ავსულ თებჟორიკებს კოცონის დანთებისა და ჭიქა ღვინის დალევის გარეშე დატოვებული სტუმრების დადევნება და შეწუხება სცოდნიათო. ჩვენც იძულებით რამდენიმე ჭიქა შევსვით, გზა დავილოცეთ და დასაძინებლად გავემართეთ.

ალაზნისთავზე პირველი კავკასიური ნაგაზის ლეკვები შემომეგებნენ. დაღლილი გზის მიწურულს მათთან თამაში სითბოს შეგრძნებას მიღვივებდა. მალევე მდელოზე კარავი დავეცით და შევუდექით ველურსა და უდაბურ ყოფას. მესამე-მეოთხე დღეს მწყემსებმა ცხენზე ჯირითი გვასწავლეს. ცხენი სწრაფად და აუღელვებლად მიქროდა მაშინ, როდესაც მე საკუთარი გულისცემას ვგრძნობდი. მეხუთე დღემდე ამინდი ყველას სიხარულით გვწყალობდა, ჩვენც ცივსა და გემრიელ მდინარეში საკუთარ საკვებს ვათავსებდით და ამით მათ ვარგისიანობას ვუფრთხილდებოდით. თუმცა მეხუთე დღეს, ღამით საშინლად გაწვიმდა. კარვების ნაწილი წყლით დაიფარა. ჩვენ თამაშში გართულნი ვიყავით, როდესაც თანაჯგუფელმა საკვების შესამოწმებლად წასვლა გადაწყვიტა. სამწუხაროდ საკვები ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ჩვენც წიწიბურისა და „ანაკომის“ იმედად დავრჩით. ბოლო ორი დღე დაობებულ პურსა და სუნელებს ისე გემრიელად შევექცეოდით, თითქოსდა ახლახანს მომზადებული დელიკატესი ყოფილიყო. თუმცა ასე ხდება, როდესაც გიჭირს შეგიძლია რომ გაუძლო.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე ვიმყოფებოდით. ასე ხდება, როდესაც კავკასიური გველგესლა შენი კარვის ქვეშ, შენს საძილე ტომარასთან მოიკალათებს ან აქეთობისას ცხენზე შემომჯდარს უნაგირი ხევის მხარეს მოგიცურდება თან საცალფეხო, ღორღიან ბილიკზე, იქნებ მაშინაც როდესაც შენი მეგობრის ცხენს ძაღლი უკბენს, რის შემგდომაც ცხენი ტლინკებს აყრის და სადაცაა შენს თვალწინ შენი ჯგუფელი ხევისკენ მოისროლოს. ასე ხდება, როდესაც მდინარე წაგიღებს და ქვებზე ფეხი დაგიცდება, როდესაც საკვებზე მეტი ბროწეულის ღვინო და სკოჩი გაქვს.

თუშურ ღამეებს ციდან ჩამოვარდნილი ოცნებები ვითვალეთ. ვიპოვეთ და დავკარგეთ საკუთარი თავი, რათა კვლავ ხელახლა აღმოგვეჩინა და ისევ ისე ძლიერად ჩაგვეკრა გულში. მოგზაურობისას ადამიანები მიკერებულ სახეებს ვკარგავთ, რომელიც ქალაქში მძიმე ღრუბლების ფონზე რთულად აღქმადია.

უკანა გზაზე, როდესაც პირველად მოვხვდით კავშირგაბმულობის მოქმედ ზონაში, დედას დავურეკე, რომელმაც დაბნეულობისგან ვერ მიცნო, შემდგომ კი სიხარულით სავსე ცრემლებად დაიღვარა. ამბობდა – მეგონა ვეღარასდროს გავიგონებდი შენს ხმასო. პირველად ცხოვრებაში დედამ არც ჩემი ასავალ-დასავალი იცოდა და არც მოგზაურობისგან შეცვლილი ჩემი სულიერი თუ ფიზიკური იერსახე.

.. სიჩქარის მატებასთან ერთად თუშური სევდა, მთები და ბილიკები ერთდროულად უკან მოვიტოვეთ. გაუცხოვებული მიმიკებით შევეგებეთ დედაქალაქს და გავითავისეთ, რომ ამით ჩვენი ალაზნისთავისეული კავშირი უთუოდ გასრულდა.

Tags: