ჩიტები დაჭერობანას თამაშობენ

– სადმე მინდა წასვლა! – ვუთხარი და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.

– სად?

– სადმე საინტერესო ადგილას, სამოგზაუროდ…

– წადი მერე!

– ახლა ვერ, არ შემიძლია.

– მე ყოველ კვირას ვმოგზაურობ, – მითხრა მშვიდად და ჩაი მოსვა.

-შენ? – გამიკვირდა ჩემი საუკეთესო მეგობარი ბებიისაგან, – ბოლოს ერთად ვიყავით და ისიც 10 წლის წინ?

გაეცინა.

-იცი რა, ჩემო საყვარელო, ადამიანები სულ ვეძებთ საოცარ ადგილებს. გვგონია ახალი ადგილი დაკარგულ წონასწორობას გვაპოვნინებს, ვეძებთ თავგადასავლებს, შთაბეჭდილებებს და წლების შემდეგ ვხვდებით, რომ მთავარი მოგზაურობა ჯერ არ დაწყებული გზაა. და კიდევ იცი რა?

-რა?

– კარგად იცნობ შენს ქალაქს, ქუჩას, თუნდაც ამ სახლს… ბოლოს როდის იბოდიალე, როდის გახვედი სასეირნოდ და არა საქმეზე? როდის შეეცადე სხვა თვალით შეგეხედა აქაურობისთვის?

***

არ ვუპასუხე.

-აი, მე კი … მე კი სულ ვმოგზაურობ, ვსეირნობ ყოველ კვირა დღეს და ახალ შთაბეჭდილებებს ვაგროვებ, მინდა ნაცნობი სახის უცნობი მხარე დავინახო, აი, ამ  სახლში, – თქვა და ფანჯარაში გაიხედა, – საუკუნის წინ სავაჭრო ცენტრი უნდა გაეხსნათ, ხედავ როგორი შენობაა, ევროპელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს და ფლორენციელმა მხატვრებმა მოხატეს. მშრალ ხიდს რომ გადავდივართ და სახლი დგას, იქ იცი ადრე რა იყო?

– სასტუმრო.

– კი, სასტუმრო „ლონდონი“ – ეს იყო ერთ-ერი გამორჩეული ადგილი იმდროინდელ თბილისში. გამორჩეული არქიტექტურით, კედლებზე  იტალიელი მხატვრების ნახატების ასლებით, საოცარი კიბის უჯრედით და მზის შუქით. რამდენი რამე ნახეს ამ სახლებმა … იცი რომ, კნუტ ჰამსუნი ორჯერ იყო მანდ გაჩერებული, ყველა მოგზაური მანდ ჩერდებოდა. ამ სასტუმროზე ბევრს წერდნენ. სასტუმროს ერთი მხარე  კიდევ ერთ სოცარ ადგილს, მადათოვს უყურებდა. დაახლოებით დედა ენის ბაღის ადგილას პატარა კუნძული იყო – მადათოვი, ამ ქალაქის ყველაზე საოცარი ნაწილი. „ეს იყო და არის ქალაქი, რომელიც არაფერს ჰგავს“ – აზია ევროპაში და ევროპა აზიაში.

***

 

 

 

-შენი ქალაქი?

-მე სხვა ქალაქში დავიბადე, მაგრამ ამ ქალაქმა მიმიღო და შემიყვარა. დიდხანს ვერ ვტოვებ აქაურობას. ისე, მართლია, ბევრი უნდა იარო, რომ შენი ადგილი იპოვო. ამიტომაც, სულ იმოგზაურე, დაინახე, შეიყვარე, აღმოაჩინე, დააფასე…

-გენატრება?

-იქ სიზმრებში ვმოგზაურობ …

***

სამზარეულოში ჩემი ექვსი წლის შვილი შემოვარდა, ხელი მომკიდა და ფანჯარასთან მიმიყვანა.

-დე, დე, ნახე ჩიტები სამოგზაუროდ მიდიან.

– რა ლამაზია, – ცას გავხედე.

– ნახე რა ლამაზია, დე … თბილ ქვეყნებში მიფრინავენ და თან დაჭერობანას თამაშობენ. ხომ დაბრუნდებიან?

-კი, პეტრე, აუცილებლად. მოგზაურობის მთავარი ხიბლიც, ხომ დაბრუნებაა. მივდივართ იმიტომ, რომ ისევ აქ მოვიდეთ.

***

– იცი რა?- ვთქვი და ჩემს საუკეთესო მეგობარს მოვუბრუნდი.

-მე აუცილებად წავალ შენს ქალაქში და შენს ქუჩაზეც ვისეირნებ.

-მარტში.

– რა?

-აუცილებად მარტში წადი. ეს თვე მოგზაურობას უხდება და თანაც ჩიტები იქაც თამაშობენ დაჭერობანას!

გვიანი შემოდგომა ილეოდა.

Tags: