აღმოაჩინე!

  • თიკომ, ჩემმა მოგზაურ_მეგობარმა კონკურსის შესახებ შემატყობინა და, აბა, შენ იციო!
  • დავფიქრდი!
  • ამ ფიქრს კარგა შორს გავყევი, რამდენი რამ მქონია გასახსენებელ_გასაზიარებელი, არადა, სულ რამდენიმე წელია, რც ჩემს გარდერობში ზურგჩანთა და სპორტული ფეხსაცმელი  გაჩნდა. ვცდილობ, არ ჩამოვრჩე ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, პირველ “გაჩხარუნებაზევე” მზადა ვარ ბარგჩალაგებული. რას ვიზამ, ჩემი სტუდენტობა 90_იანებს დაემთხვა: მოგზაურობა კი არა, “კომენდანტის საათს” თუ შინ მშვიდობით შევასწრებდი, მთავარი ეს იყო. ახლაღა ვცდილობ, შეზღუდული დრო და ფინანსები “დავაბანდო” ისეთ მარადიულ ღირებულებებში, როგორიცაა მოგზაურობა_ლაშქრობა.
  • ლეჩხუმური ფრთიანი გამოთქმის პერიფრაზის არ იყოს, “ჩემი ხნის ქვები ჯერ კიდევ დაგორავენ.”
  • ახლა, საქმეზე: ბლოგერობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ შენ, ვინც სულით მოხეტიალე მოგზაური ხარ და აღმოჩენები გხიბლავს, ყური მომაპყარ, ლეჩხუმის, კონკრეტულად ჩემი სოფლის ლაილაშის აღმოჩენაში უნდა დაგეხმარო! დაე, შურდეთ “მისალოცებს”, ვისაც მისი აღმოჩენის ბედნიერება წინ აქვს.(მათზე უთქვამს დოჩანაშვილს: “მისალოცები “კი არა, ჰაერში არიან ასაგდები ოლიმპიური ჩემპიონივით!)
  • პირველად იყო სიტყვა და ამ შემთხვევაშიც: “ლეჩხუმში რაა სანახავიო?” მართალია, კითხვის ნიშნით იყო ნათქვამი, მაგრამ მაინც გავბრაზდი, ჩემს სოფელში ერთდღიანი ტური დავგეგმე და მეგობრები წინ “გავირეკე”.
  • ლეჩხუმის შეცნობას ერთი დღე რას ეყოფა! შევეცდები, ჩემი სოფელი  გაგაცნო: იდუმალებით მოცულ ორპირის კლდეკარს რომ გაივლი და  დაყუდებულ ბერთა მღვიმეებს თვალს შეავლებ, იქვე ტრასიდან გადაუხვევ და “დაღლილ კაცის მუხლივით” დაკეცილ ციცაბო გზას აუყვები, ადგილზე მისულს საგანძური დგხვდება, რომელსაც გობზე დალაგებული მოსაკითხივით გულუხვად გაწვდის ლაილაში. თუ აღქმა შეგიძლია, მობრძანდი და შეირგე!
  • მთელს ამ მხარეში სოფლის განსაკუთრებულ პეწს ალბათ განაპირობებს ისტორიულად აქ არსებული ებრაელთა სატვისტომო. კვალიც დატოვეს და ურთიერთსიყვარულიც დათესეს. განა ბევრი   ადგილია დედამიწაზე, სადაც გვერდიგვერდ  დგას მართლმადიდებლური, გრიგორიანული ტაძრები და სინაგოგა? სადაც მეგობრულად უცხოვრიათ სამი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს? ებრაელთა სასაფლაოს უბრალო ქვებს 37-იანი წლების სისხლისღვრა ახსოვთ.
  • ებრაელი მეცენატის სახელს უკავშირდება ოქრონიშის წყაროს არსებობა, სამადლობელი ხალხმა ლექსის სახით შემოინახა. წყაროსთანაა ის ცნობილი აუზი, ასე რომ “გაპიარდა” სოც. ქსელებში და აქ თუ არ “დაჩექინებულხარ” კაცი არ გქვია ქვეყანაზე:)
  • პირველად წმ. გიორგის სახელობის ტაძარს უნდა ეწვიო, თვარაძეების ოჯახის თანხით და რუდუნებით აღდგენილს, რომელიც სულიერებით უფრო გაგაოცებს, ვიდრე შთამბეჭდავი არქიტექტურით. მისი აღსავლის კარი, თითქოს ბავშვური გულუბრყვილობით მოხატული, ჩაჩხიანების ოჯახმა საკუთარ საბძელში თივაში დამალული ფაქიზად და სიყვარულით გამოატარაბოლშევიკურ თუ კომუნისტურ ორომტრიალს და აღდგენილ ტაძარში კუთვნილ ადგილას დააბრძანა.
  • ტაძრის ეზოში რმდენიმესაუკუნოვანი საკულტო ცაცხვის ტოტები იჩრდილე, თითქოს მადლი შრიალებს და არა ფოთლები. ამ ცაცხვის ფოტოც ხშირად შეგხვდება სოც. ქსელებში, თუმცა, ზოგი “გულშემატკივარი” გვირჩევს, არ “გავაპიაროთ”, ემანდ ვინმემ მხარზე არ გაიდოს და წაიღოსო:)
  • სოფლის ცენტრისკენ გზაზე უძველესი სინაგოგა შეგხვდებათ, მასთან არის დაკავშირებული “ლაილაშის ბიბლიის” აღმოჩენა, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება (მის შესახებ “გუგლი” უკეთ მოგითხრობთ) .
  • მერე სოფლის მთავარი ქუჩა იწყება_ “ბაზარი”, მჭიდროდ ჩარიგებული დუქნების და სახელოსნოების ჩარდახებქვეშ მთელ ქუჩას მშრალად გაივლიდი თურმე თავსხმა წვიმაშიც, მთელი ჩვენი მხარის სავაჭრო ცენტრი ყოფილა და ხშირად ხალხმრავალი ბაზრობები იმართებოდა, რამდენჯერ მინატრია, ერთი იმ დროში გადამეხედა!
  • ე.წ. “სომხების” ეკლესიიდან შემორჩენილ, თუმცა საოცრდ გრაციოზულ წინა ფასადს რომ გაუვლი, გზა ბულვართან მიგიყვანს, სუნთქვის შეკვრამდე ლამაზია იქაურობა, მზრუნველი ადამიანის თაოსნობით ბულვარს მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.(ბევრი სოფელი იცი, რომელსაც თავისი ნამდვილი ბულვარი აქვს? ) დამსახურებულად შეგიძლია წამოწვე ხავერდოვან ბალახზე და დაისვენო, ანდა საგუბრის ხედებით დატკბე კონცხიდან, თან გულში მაინც გაივლო პოეტის მსგავსად: “აქედან რასაც ანთებული თვალებით ვუმზერ, /სხვისი რომ იყოს, ალბათ, შურით გავსკდები გულზე!”
  • სამწუხაროდ, ამ ეზოში ვეღარ გაჩვენებ ჩემს უძველეს სკოლის შენობას, რომელიც ერთ ავადსახსენებელ ღამეს ხანძარმა შთანთქა და მასთან ერთად ჩვენი ბავშვობა და ბედნიერი მოგონებები. სკოლა მთელი მხარისთვის განათლების ცენტრი იყო და ჩუმად გულში აკადემიის სტატუსით აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა.  ახლა აქაური მოსწავლეები, მცირერიცხოვანნი, მაგრამ ძალიან ნიჭიერნი და შემართებულნი, დროებით სხვა შენობას არიან შეხიზნული და მთავრობის კეთილ ნებას ელოდებიან. სოფლის მთავარი სიმდიდრე ეს ბავშვებია და მცირერიცხოვანი მოსახლეობა, ჯიუტად რომ ინარჩუნებს კავშირს ფესვებთან, გაესაუბრე და მოიხიბლე მათი ძარღვიანი ქართულით, “სურნელოვანი” კილოკავით, აზროვნების სიღრმით, ინტელექტუალური იუმორით, კეთილგანწყობით და სტუმარ_მასპინძლობით. ყველა ეს თვისება იგრძნო და შეაფასა აკაკი წერეთელმა თავისი ცნობილი მოგზაურობისას, როცა ლაილაშს ეწვია და აღტაცებით ლექსიც მიუძღვნა მას. (ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენე, რათა შეფასებები ობიექტურად, მაგრამ ფრთხილად გააკეთო:)
  • კინაღამ მავიწყდებოდა: უსაყვარლესი ფილმის “მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” საუკეთესო, მზიანი კადრები სწორედ ლაილაშშია გდაღებული: “ფაქიზო”, “მურადას სიკვდილი”, “ოლღა ბებია, საცერი მათხოვე!”  “ჭურში რა გინდა, მთხლე თუ არა ხარ?”…(ახლა არ მკითხოთ, გურულებზე ფილმი ლეჩხუმში რატო გადაიღესო, რას გაუგებ რეჟისორებს?)
  • ასეთი დამღლელი დღე ლოგიკურ ფინალს ითხოვს: ლეჩხუმური სუფრა ჩემს მწვანე ეზოში_ თონის პურები, ხაჭაპურები და ლობიანები, “ჭადიანი”, სხვაგან რომ ვერსად შეხვდები, შებოლილი “ვიჩინა” (ასე ეძახიან და რა ვქნა), კიტრები და მწვანილიიიი…. ყველაფერი იმ წესით მომზადებული, როგორც  აკეთებდა დედა, ბებია, იმის ბებია და კიდევ იმის ბებია…. რაც მთავარია, ღვინო, ცოლიკაური, ყველა რომ ვერ დააყენებს, ისეთი და, არც ყველას რომ არ დაელევნება! (სწორედ ჩემს ოჯახში  გადაიღო ერთ_ერთმა ტელეკომპანიამ  მოკრძალებული, მაგრამ თბილი სიუჟეტი ლეჩხუმურ კულინარიაზე, შეგიძლიათ დაგუგლოთ!)
  • ტექსტის “ლიმიტი” მეწურება, სათქმელი ვერ ამოვწურე! გიდის ამპლუაში ყოფნა დამეხმარა, “გარედან”, უცხო თვალით შემეხედა იმ გარემოსთვის, სადაც მიცხოვრია და მივხვდი, რა სიმდიდრის პატრონი ვარ. იგივეს ვგრძნობდი მესტიაში, თუშეთში, ხევსურეთში, ტობავარჩხილზე, პალიასტომზე, მთიან აჭარაში…. შიგადაშიგ საზღვარგარეთაც “გავმძვრალვარ”, მაგრამ ყალბი და ჭარბი პატრიოტიზმის გარეშე ვამბობ: არაფერი უკეთესი! საკითხის ასე დასმაც შეცდომად მიმაჩნია. ამდენი გიამბე და ეს სულ ერთი პატარა მხარის პატარა სოფლის ამბებია, ასეთი კი საქართველოში_ აუუუუ!_რამდენია. მათ მონახულებას ერთი სიცოცხლე არ ეყოფა, თუნდაც მარტო მიხვიდე და “დაასტუკო” (ახალქართულად ამას მგონი “დაჩექინებას” ეძახიან:)  “პოსტ ფაქტუმ” მაინც ხომ უნდა დაინტერესდე და გაეცნო, სად დადიხარ, რისი პატრონი ყოფილხარ? გზად ნაგავიც უნდა აკრიფო, გზიდან ეკალ_ბარდი მოაშორო, ნაკადულს კალაპოტი გაუწმინდო და შინ დაბრუნდე ცოტათი მაინც უკეთესი, ვიდრე წასვლისას იყავი.  სამშობლო ხომ მისი ღირსებების გამო კი არ გვიყვარს, არამედ ნაკლის მიუხედვად! ეს “ნაკლიც” იმის ბრალი ხომ არ არის, პატრონის ფუნქცია რომ დავკარგეთ და “ტურისტებად” დავდივართ საკუთარ ქვეყანაში, სადაც ვითხოვთ, ვიღაც სხვამ მოგვიწესრიგოს “ინფრასტრუქტურა”.
  • მაპატიე ეს დიდაქტიკა, ეს არ იყო ჩემი მიზანი, მინდა ჩემს პატარა ძმიშვილებს და მათ მეგობრებს ასეთი მოგზაურობა “ვასწავლო”, მინდა ბევრი იმოგზაურონ, მაგრამ უკან დაბრუნდნენ საკუთარი სამშობლოს, მხარის და სოფლის პატრონის პასუხისმგებლობით. მჯერა, რომ ასეთ სოფელს მარტო დიდი წარსული კი არა, დიდი მომავალიც ექნება.