მე ვიმოგზაურე პარიზში !

„ჩამოვჯექი“

…  ველოდები, როდის შემცირდება ჩემ წინ მგზავრთა რაოდენობა და ჩავაბარებ ბარგს, გავივლი რეგისტრაციას და მეორე სართულზე ავალ, მოლოდინის ზონაში.

ეს დროც დადგა…

ამასობაში, ერთი საათი გავიდა. ახლა ღამის 2 საათია და ჩემი ფრენა ორმოცდახუთ წუთში მელის, თვითმფინავი ადგილზეა და მთელი ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მეტრის დაშორებით მის ვიზუალს მხოლოდ ერთი მხრიდან ვაკვირდები, აეროპორტის ფანჯრები მეტის საშუალებას არ მაძლევს. მოლოდინის რეჟიმში ყოფნა არც ისე დამღლელი აღმოჩნდა, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ნერვული სისტემა გაორმაგებულად გამოყოფდა ადრენალინს და მე მოსაწყენად არ მეცალა.

ჩასხდომა გამოცხადდა !

პირველი შევედი თვითმფინავში და მალევე ვიპოვე ჩემი ადგილი, დავჯექი, გავიკეთე უსაფრთხოების ღვედი გამცილებლის მითითებით (ულამაზესი, შავკანიანი სტიუარდესა ბრძანდებოდა, ჩემს ცნობისმოყვარე გონებას  არც მისი გამორჩეული ვიზუალი დარჩენია  უყურადღებოდ) და გამიმართლა –  ფანჯარასთან აღმოვჩნდი, დავიწყე „სელფების“ გადაღება და „ჩექინი“ ( Wi-Fi არის !).

„ჩამეძინა“

თვითმფრნავი დაეშვა „შარლ დე გოლის“ აეროპორტში. მე ამ ადგილიდანვე ყველაფერს დიდი ინტერესით ვაკვირდები,  –  ამათი აეროპორტი უფრო დიდია და უფრო მოდურიც (ჩემთვის), მაგრამ ეს ხომ პარიზია ?! – გავიარე საიმიგრაციო სამსახურის შემოწმება, ავიღე ბარგი და გამოვედი. გავაჩერე ტაქსი და პირდაპირ სასტუმროში გავემგზავრე. პარიზის ტაქსის მძღოლი საყვარელი, მოხუცი მამაკაცია, შემატყო, რომ ტურისტი ვარ და თბილად მომესალმა (ინგლისური იცის). მე და ფრანსუა პაპამ გავაბით საუბარი და მოვუყევი, საიდან ვარ, რას ვსაქმიანობ და რატომ ვარ პარიზში. სხვათა შორის, ფრანსუა პაპამ მითხრა, რომ იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც მქონდა პარიზის მოსანახულებლად, მეგზურობას გამიწევდა და მეც დავთანხმდი, მან კი სიტყვა შეასრულა.

სასტუმროში დავბინავდი და მაშინვე გამოვედი, დრო რომ არ დამეკარგა. სასტუმრო საოჯახო ტიპისაა და ვიფიქრე, გვერდით რომ ფრანგული კაფეა, იქ ჩამოვჯდები, ფრანგულსავე კრუასანს შევუკვეთავ და თან ცოტას დავისვენებ-მეთქი.

ფრანგულმა წახემსებამ წარმატებით ჩაიარა და გავემართე საოცნებო ეიფელის სანახავად.

  • რამხელა ყოფილა ?! კოშკი იმაზე გაცილებით დიდი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა ჩემს ფანტაზიაში.

ერთი კვირის განმავლობაში მე ვნახე ეიფელი, ლუვრის მუზეუმი, ლუქსემბრუგის ბაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ტრიუმფალური თაღი, მულენ რუჟი, ბურბონის სასახლე, კონსერჟერია, შაიოს სასახლე. გავისეირნე მდინარე სენას ნაპირას, შატლეს მოედანზე. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის განმავლობაში ვიყავი ჩემთვის საყვარელი ბრენდის „შანელის“ მაღაზიებში და უამრავი რამ შევიძინე.  ყველაფერი მომეწონა აქ ! ტყუილად არ უწოდებენ პარიზს „სინათლის, სიყვარულის ქალაქს„ ,  მოდის დედაქალაქს“.  აქ ყველა სხვანაირია, საოცარი არქიტექტურა, ნამდვილი ნეოკლასიკური სულით,  ქუჩები გემოვნებით  მოწყობილი, რესტორნებში უგემრიელესი კერძები, მუზეუმები და გალეერები შედევრებით. ღამის კლუბები ევროპული ენერგიით და სითამამით. ხალხი თავისუფალი, ასევე, კოხტად ჩაცმული, მშვიდი და ელეგანტური მოძრაობებით. მოკლედ, ერთკვირიანი ვოიაჟი პარიზის ქუჩებში წარუშლელად აღიბეჭდა ჩემს გონებასა და გულში.

ჰო და რაღაც სხვანაირმა და განსაკუთრებულმა სიმშვიდემ დაისადგურა ჩემში. ალბათ, ამ საოცარი მოგზაურობის შემდეგ თავს უნდა ვაბეზრებდე ჩემს მეგობრებს იმაზე ლაპარკით, როგორ ვიჯექი ფრანგულ კაფეში და ნამდვილ ფრანგულ კრუასანს მივირთმევდი, ან როგორი დიდი აღტაცებით ვირგებდი შანელის „პატარა შავ კაბას“, მაგრამ არა, მე ეს სიამოვნება ჩემს გულსა და გონებაში გამოვკეტე. ალბათ, იმიტომ,  რომ ათი წუთის წინ

„გამეღვიძა“

… და თვალები ზუსტად იმ დაკოსნერვებულ ქილაზე გამიშტერდა, რომელიც რამდენიმე თვის წინ დიდი გულმოდგინებით დავდგი ჩემი საწოლის გვერდით, ორუჯრიან, პატარა კარადაზე. ისევ იმდენი „თეთრიანი“ ეყარა ქილაში, ისევ ძლივს იფარებოდა ფსკერი…

მაგრამ მე „უკვე“ ვიყავი პარიზში….

 

Tags: