თბილისიდან სტამბოლში. სტამბოლიდან რომში. რომიდან ტიბურტინაზე. ტიბურტინადან სიენაში. ახალ სახლში. ახალ ქალაქში. ახალ ფერებში. ახალ ხალხში. ახალ სახეებში. ოთახი ჩემს ჭკუაზე რომ მოვაწყვე, გარეთ გავედი ტოსკანური ცხოვრების ნაწილი რომ გავმხდარიყავი. სიენა ტოსკანის ერთ-ერთი სილამაზეა. მუქი და ცივი, ლამაზი და მდიდარია.
ერთი თვე ყოველდღე უნივერსიტეტში დავდიოდი. საუზმიდან სადილამდე ლექციებზე ვიჯექი. სადილიდან საუზმემდე კი სიენას ქვის კედლებში დავსეირნობდი. სიენაში ბევრი მნიშვნელოვანი მონუმენტია, მაგრამ განსაკუთრებული მაინც აქაური ქუჩებია. თითქოს ყველა ყველას ჰგავს და მაინც ყველა განსაკუთრებულია. იმისათვის რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდე ქვის კედლებში უნდა შეძვრე. კამოლიას კარში ყველა შესვლაზე გულში რაღაცები მეჩხვლიტებოდა. თითქოს ჩვეულებრივიდან არაჩვეულებრივ სამყაროში შევდიოდი. ასეთ კონტრასტს ყველგან ვერ ნახავთ.
კამოლიას ქუჩას დავუყვებოდი ხოლმე, ხუთ-ექვსი წუთის მერე მონტანინის ქუჩა რომ ანაცვლებს. გზად სალიმბენისა და ტოლომეის ულამაზესი მოედნებია. მერე ყველა ჩემი სეირნობა მთავარ მოედანზე მთავრდებოდა. მე თუ მკითხავთ, Piazza del campo იტალიის ყველაზე ლამაზი მოედანია. ქალაქის შუა წერტილშია მოქცეული და ისტორიული ცენტრის ყველა მნიშვნელოვანი ქუჩა მას უკავშირდება. ისეთი ლამაზია, სიტყვები რომ არ გეყოფა. მოსტაფილოსფრო-მოყავისფრო აგურებზე ჩამოჯდომა და დღისა თუ საღამოს აქ გატარება ერთი დიდი სიამოვნებაა. მოედანს ირგვლივ სხვადასხვა შენობები აკრავს. მოედნის ერთ ნახევარი რესტორნების დიდ ჯაჭვს უკავია. აქაურობა სულ სავსე და ფუსფუსაა. Piazza del Campo ქალაქის ის ნაწილია, სადაც ყველაზე გემრიელად სუნთქავ და ყველაზე თავისუფლად ცოცხლობ. თუ გინდათ რომ აქაურობა ერთი ნახვით შეგიყვარდეთ, მოედანზე რინალდინის ქუჩიდან შედით.
მოედნიდან რამდენიმე წუთს სავალზე სრული სრულყოფილება – სიენას მთავარი ტაძარია. აქაურობა პირველად ფილმში ‘წერილები ჯულიეტას’ ვნახე. სოფი და ჩარლი დუომოს უკან კაფეში რომ სხედან და ნაყინს ათხუპნიან ერთმანეთს სახეზე. მერე მეც წავედი და მეც დავჯექი ამ ბარში. ეს ყველაფერი რომეოსა და ნაყინების გარეშე, მაგრამ ეგ არაფერი, ყავა ნამდვილად გემრიელი ჰქონდათ.
სიენაში ჩასულებმა არ უნდა დაარღვიოთ ტურისტული რუტინა და დუომოსთან ბილეთების რიგში უნდა ჩადგეთ. დუომო გარედან ჯადოსნურია, მაგრამ შიგნით უფრო ჯადოსნური აღმოჩნდა. დონატელო, ბერნინი, მიქელანჯელო, დუჩო… მგონი ძალიან ამტანი უნდა იყო ეს ყველაფერი რამდენიმე საათში რომ ჩაატიო. ამის გამოა, რომ იტალიაში მოგზაურობა ძნელი და სტრესულია. არ აქვს მნიშენლობა დღის რომელ მონაკვეთში მოხვდებით დუომოსთან, ხალხი სულ ჭიანჭველასავით ეხვევა გარს. თითქოს შიგნით დიდხანს ყოფნას ვერ უძლებენ და ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გამოპარულანო.
სიენა სტუდენტური ქალაქია. სიცილიიდან ჩამოსული ჩემი სახლის მეგობრები უცხოელების უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ალბერტომ ჩინურის სწავლა გადაწყვიტა, ჯუზეპემ კი ესპანურისა და გერმანულის. მე და ალბერტოს საერთო აივანი გვქონდა და საღამოობით ხშირად გავაბამდით ხოლმე გულახდილ საუბრებს. მახსოვს როგორ ენთებოდა თვალები, როცა მოგზაურობაზე და ევროპაზე ვიწყებდი ლაპარაკს. ერთხელ ისიც კი მითხრა, პირველი ადამიანი ხარ ვინც გამააზრებინა, რა არის ევროპა და რა კარგია მე რომ აქაური ვარო. გამოცდები რომ ჩააბარეს, ბარგი ჩაალაგეს და სიცილიისკენ მიმავალ ავტობუსში ჩასხდნენ, 17 საათი გზაში უნდა ვიყოთო. ერთ თვეში სიცილიური სიცხითა და პროდუქტებით დახუნძლულები დაბრუნდებოდნენ დარჩენილი გამოცდების ჩასაბარებლად. ისინი კი დაბრუნდებოდნენ, მაგრამ მე იქ აღარ ვიქნებოდი, ვეღარც აივანზე გავაბამდით ლაქლაქს და ვეღარც სამზარეულოში ვიფუსფუდებდით მაკარონის მოხარშვის ლოდინში.
სიენას ერთი დიდი უცნაურობა ჭირს: ადგილობრივების ნაკლებობას განიცდის. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი მომავლის ძიებაში სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები არიან. მეც სიენას დროებით ბინადარი გავხდი და ვეცადე მთლიანად შემესრუტა ქალაქის ენერგია. ამასობაში ვალერია გავიცანი. ვალერია იმ ცოტა ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ულაპარაკოდ გიგებს. სამსახურიდან მოლასლასე, დაღლილი და დაქანცული მწერდა ხოლმე, სახლში მივალ, დავისვენებ და მერე შენი ვარო. ვახშმად და სადილად მეპატიჟებოდა. ღვინოებით დახუნძლული ავიდოდი ხოლმე და ულიმიტო საუბრები დანახვისთანავე იწყებოდა. ვალერია კალაბრიიდანაა. სიენაში სამსახურის გამო ჩამოვიდა. უზომოდ კეთილი და გულწრფელია. ვახშმად კალაბრიულ გემრიელობებს მოამზადებდა ხოლმე. მე მაქსიმუმ სალათი დამეჭრა. როცა სამზარეულოში იტალიელია ვიცი, რომ ფეხი არ უნდა შევდგა.
ვალერიამ მეგობრები გამაცნო. მეგობრებმა ბევრი რჩევა მომცეს. ჯორჯამ მიმასწვალა სიენას საუკეთესო სანაყინე ‘La Vecchia Latteria’ სან პიეტროს ქუჩაზე. ნაყინი მართლა გემრიელი იყო, უფრო მეტად კი ის აგემრიელებდა, რომ ჯერ ტურინიდან ჩამოსულ სარასთან და მერე რომიდან ჩამოსულ სალოსთან ერთად ვჭამე.
ხო, სარა ტურინიდან ჩამოვიდა. ერთი წლის შემდეგ კიდევ შევხვდით ერთმანეთს. მაშინვე პანტანეტოს ქუჩაზე გავქანდით აპერიტივისთვის. სახლში დაბრუნებულებმა იმდენი ვილაპარაკეთ, უკვე ბოდვაში გადაგვდიოდა ძილმორეულებს. დილით ლექციებზე რომ მივდიოდი, სარა სიენას ქუჩებში მიიკარგებოდა ხოლმე. ლექციები რომ დამთარდებოდა, ის უკვე სამზარეულოში წინსაფარმოხვეული პასტას ამზადებდა ორისთვის. სახლში შესულს მხოლოდ ხელი უნდა დამებანა და მაგიდასთან დავმჯდარიყავი. იდეები არასოდეს ელეოდა. მერე ცოტას რომ დავისვებენდით, გემრიელად მოკალათდებოდა ჩემს გიგანტურ საწოლზე და ახალი სიტყვების სწავლაში მეხმარებოდა. საღამოობით ერთად დავსეირნობდით. დილით თუ ადრე ავწევდი თავს ერთად ვსაუზმობდით. მარტო დარჩენილი სიენას მოედნებზე ჩამოჯდებოდა და შენობების ფასადებს იხატავდა. არასოდეს იწყენდა. ტურინში წავლისას ცოტახნით დავემშვიდობე. ამჯერად მალე შევხვდებოდით ერთმანეთს, წინ იტალიური საზღვაო არდადეგები გველოდა.
სარა წავიდა და სალო ჩამოვიდა. რომის გადაღლილი ქაოსიდან სიენას მომადუნებელ სიმშვიდეში გადმოეშვა. უნივერსიტეტიდან დაბრუნებული ერთად რომ ვისადილებდით, სიენას ტურისტულ მარშრუტს გავუყვებოდით და ფოტოების კორიანტელს დავაყენებდით ხოლმე მობილურებსა და აპარატში. ასეთი მოგზაურობების დროს ყველაზე კარგი მეგობრებთან ერთად ყოფნაა, როცა შეგიძლია ემოციები სხვებს გაუზიარო, გაუჩერებლად იტიტინო და იხალისო. სალომ სიენაში ბევრ რამეს მიაგნო. მერე ჩემოდნის რახარუხით ავტობუსის გაჩერებას ძლივს მივაგენით. სალოსაც ცოტახნით დავემშვიდობე. ერთმანეთს რომში შევხდებოდით.
სიენაში სტუმრები ამოვწურე, მაგრამ საქმე არ გამომლევია. მე და ვალერიამ საუკეთესო პიცერიაც შევარჩიეთ. პომოდორინოში სიცილიელ x და ნეაპოლელ xx-თან ერთად აღმოვჩნდით. პიცა გემრიელი იყო, ხედი არაჩვეულებრივი, ამინდი სასწაული, მაგრამ x+xx-ის კომპანიონობა ზედმეტად დამღლელი.
სიენაში ყოფნის ბოლო დღეებს გამოცდები და გამოსამშვიდობებელი ვახშმები დაემთხვა. დრო ისე მალე გავიდა, ბარგის ჩალაგებისას გული მეკუმშებოდა. წასვლამდე ყველას სათითაოდ დავემშვიდობე. წინა საღამოს პანტანეტოს ქუჩაზე, ზაფხულის ვარსკვალებიანი ცისა და სანთლის შუქზე წითელი ღვინო ვწრუპეთ მე და სამხრეთელმა მარკომ. მარკოს რომ დავემშვიდობე, ბოლოჯერ დავუარე სიენას ქუჩებს გამოსამშვიდობებლად. ამასობაში ლუკამ მომწერა, აქეთ თუ ხარ ბართან ვდგავარ და მოდიო.
ლუკა თვეებით ადრე გავიცანი და გადავწყვიტეთ, რომ სიენაში ყავას დავლევდით ერთად. მთელი თვე ვერ მოვახერხეთ. ახლა კი დრო თითქმის აღარ გვქონდა. იმ საღამოს არ დამემშიდობა. ხვალ დაპირებული ყავა უნდა დავლიოთო. დილით მომწერა კაფე იმპეროში გელოდებიო. ლოდინით მე ველოდე იტალიური პუნქტუალობის გამო. მერე ბევრი ვილაპარაკეთ. მე ავსტრიაში და პორტუგალიაში მივდიოდი, ლუკა კი – დანიაში, მაგრამ პორტუგალიაზეც უციმციმებდა თვალები. როგორ მიყვარს ასეთი ხალხი და როგორ მწყდება გული მათგან შორს რომ მივდივარ ხოლმე.
სანამ ბოლოში გავალ რამდენიმე კარგ ადგილსაც მიგასწავლით. ტოსკანური გემრიელი ყველის, ძეხვეულის, საწებლებისა და პურის დასაგემოვნებლად უკარგესი ადგილია Antica Pizzicheria. აქაურობას არც მაგიდები და არც სკამები აქვს, მაგრამ არც ეგაა პრობლემა. ჭიქა ღვინითა და ტოსკანური სასმუსნაოებით Via della città-ს 95 ნომერში დგომას და მეგობრებთან ერთად ბუტბუტს ვერაფერი მოგაბეზრებთ.
ყველაზე კარგი პასტიჩერიაა Nannini, ყავის დასალევად კი Torrefazione Fiorella-ს გირჩევთ. სიენა არაა კარგი ქალაქი შოპინგისთვის. არც გართობით გამოირჩევა. ბევრჯერ მიკითხავს იქაურებისთვის როგორ არ იწყენდნენ ამ მძიმე კედლებში ცხოვრებით. მაგრამ იმდენად ლამაზი და განსაკუთრებულია, რომ დამიჯერეთ, სულ რომ ერთი საათი გაატაროთ აქ, თავის კუთვნილ ნაკვალევს აუცილებლად დაგიტოვებთ გულში.
და რაც მთავარია, ეს ყავისფერი ქალაქი სილამაზის ერთ-ერთი საზომია იტალიაში.