ლაგოდეხში დაბადებულ – გაზრდილი და მშობლიურ მხარეზე უზომოდ შეყვარებული ვარ. ლაგოდეხს, უნიკალური ხიბლი აქვს, ყველა ვინც ერთხელ იყო აქ, გაისეირნა ან იქეიფა ლაგოდეხის ნაკრძალში, ის აუცილებლად ბრუნდება უკან. ზაფხულობით ბევრი დამსვენებელი სტუმრობს ამ ულამაზეს მხარეს და სიამოვნებით ატარებენ დროს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მდიდარია თავისი ფლორით და ფაუნით. გამორჩეულია თავისი იშვიათობით და მრავალფეროვნებით. აქ ბინადრობს საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ბევრი ფრინველი და ცხოველი. ესენია: კავკასიური შურთხი და როჭო. მსხვილი ძიძუმწოვრებიდან საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი – კავკასიური ჯიხვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, არჩვი, დათვი და ფოცხვერი. ფლორის მრავალი სახეობაა გავრცელებული, მათ შორის არის ისეთი იშვიათი მცენარეები, რომლებიც მხოლოდ ამ ნაკრძალში გვხვდება. ასეთებია: მრგვალი წამალა, იულიას ფურისულა, ლაგოდეხის ნაღველა და მლოკოსევიჩის იორდასალამი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სწორედ ფრინველების და უნიკალური ფლორის სანახავად უნდა ესტუმროთ, ფეხით უნდა გაუყვეთ ხმაურიან და წყალვარდნილებოთ მდიდარ შრომისხევის თუ ნინოსხევის ნაპირებს, უნდა იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და აქაფებულ წყლიანი ჩანჩქერები. ლაგოდეხის მთებში ზღვის დონიდან 2850 მეტრზე „შავი კლდეების ტბა“ დაგხვდებათ, რომელიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოშობილა და კლდეებში ჩაგუბებულა. ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს.
წარმოუდგენელია აქაურობა არ გიყვარდეს. ერთხელ თუ ეზიარე ლაგოდეხის ბუნების სილამაზეს, სილაღესა და თავისუფლებას, მთელი ცხოვრება ისეთივე ძარღვებში სისხლაჩქროლებული დარჩები როგორი მდინარეებიც აქ ჩამოედინება.
ჩემი ბავშვობა ეს ნაკრძალია, აქ გავიზარდეთ მეც და ჩემი მეუღლეც. ყველა მოვლენა აქაურაბას უკავშირდება. ამ ზაფხულს კი გადავწყვიტეთ ჩვენი უფროსი შვილისთვის, 8 წლის ბიჭისთვის გაგვეზიარებინა ნაკრძლის სიყვარული და გურგენიანის ჩანჩქერზე წავედით.
გურგენიანის ჩანჩქერი ლაგოდეხის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია. არსებობს ლეგენდა, რომ ეს ჩანჩქერი იმ ადგილიდან გადმოდის, სადაც ძველად შეყვარებული წყვილი „გურგენი“ და „ანი“ ხვდებოდა ერთმანეთს.
ჩანჩქერის წყლის ვარდნის სიმალე 42 მეტრია და მდებარეობს ზღვის დონიდან 850 მეტრ სიმაღლეზე. ბილიკის სიგრძე 7,5 კილომეტრია, მთლიანობაში ფეხით სავალი ზგა 15 კილომეტრს შეადგენს. ასვლის ხანგრძლივობა 4-6 საათია და საშუალო სირთულის გზად ითვლება.
11 საათზე გავედით სახლიდან და მინიმალურად შევამცირეთ წასაღები ნივთების რაოდენობა. ერთი ხელი გამოსაცვლელი ტანსაცმელი ბავშვისთვის, ბუტერბროდები, წყალი და შოკოლადი ჩავალაგეთ. გზას გავუდექით. მანქანა ტყის შესასვლელში გავაჩერეთ. იქვე საკალმახე მეურნეობაა და პატარა საზაფხულო რესტორანია მოწყობილი. ტყის დასაწყისს “საფუტკრე” ჰქვია და უამრავი ფუტკარი ირევა. ეს ხელს არ უშლის იქაურებს და ჩამოსულებს დასვენებაში, რომლებიც საღამოობით იქ იკრიბებიან.
დავადექით ბილიკს, გადავედით ხევზე გადებულ ხიდზე, რომელიც ტოტებისგან იყო შეკრული და ტყეს შევერიეთ. თავიდან ტყის სწორი ბილიკით ვიარეთ, მაგრამ გზადაგზა იცვლებოდა, ხან დიდ ლოდებზე გადავდიოდით, ხან ფერდობზე ვიწრო ბილიკს მივუყვებოდით. გზის გაგნება ადვილია, რადგან ხეებზე და ლოდებზე ნიშნულებია დატოვებული. მდინარის გადალახვა რამდენჯერმე მოგვიწია. ხან დიდი წაქცეული ხის დახმარებით გადავლახეთ, ხან სპეციალურად მოწყობილ ხიდებზე ვაბიჯებდით, ხან კი პირდაპირ ლოდიდან ლოდზე ხტომა-ხტომით მივიწევდით წინ.
ჩქარი, ბობოქარი „ნინოს ხევი“ ხშირად იცვლის კალაპოტს, ძირს უთხრის ასწლოვან ხეებს და ტყის ფერდობებს. ბევრი ჩახერგილი ხე შეგვხვდა, ბევრგან იყო ჩამორეცხილი ფერდობი. ირგვლივ ისეთი სილამაზეა, დროს ვერ ვამჩნევდით ისე გადიოდა.
სამივე მოტივაციით სავსე ვიყავით, ერთმანეთისთვის გვინდოდა დაგვემტკიცებინა რომ შგვეძლო, ამიტომ ერთ ტემპში, სიმღერ-სიმღერით მივდიოდით. სამივემ დიდი სიამოვნება მივიღეთ, ყოველი ახალი დაბრკოლების გადალახვა გვანიჭებდა სიხარულს, ყოველი გადახტომა ქვიდან ქვაზე იყო სასიამოვნო, აბობღება-ჩამობობღება გვახარებდა. გზად ორჯერ შევისვენეთ და ახალი ძალებით შევუდექით სავალს. ჩვენს წინ და უკან სხვა ჯგუფებიც მოდიოდნენ, გზადაგზაც გვხდებოდა, დასასვენებლად გაჩერებული ხალხი, ზოგი კალმახზე თევზაობდა, ზოგი გასაგრილებლად ცივ ხევში ბანაობდა. უცნაურობებსაც ბევრს წავაწყდით, ვნახეთ შეუფერებელი ფეხსაცმლით და ტანსაცმლით წამოსული ქალბატონი, მეორე ქალბატონს შავი თხელი პარკით პამიდორი მოჰქონდა. ნახევარზე მეტი გზა რომ გავიარეთ ორი კაცი შეგვხვდა, რომლებიც ამბობდნენ რომ დაიკარგნენ და ჯიპიესით ადგილმდებარეობის დადგენას აპირებდნენ. იქ რა თქმა უნდა მობილური ტელეფონები დამაკავშირებელ ტალღებს ვერ იჭერენ. ჩვენ მათ დავეხმარეთ და გზა ერთად გავაგრძელეთ. ოთხი საათი სიარულის შემდეგ ერთ დიდ ავზს მივადექით. აქაფებული წყალი ლოდებს შორის იყო მოქცეული და ორ მეტრზე მეტი სიღრმის ტყალსატევს წარმოადგენდა. ულამაზესი ადგილია, კლდესა და დიდ ლოდს შორის გამომავალი წყალი, რომელიც მეორე უფრო დიდ ლოდს ეჯახებოდა, გარშემო ხეები და ხის ძირებთან გაზრდილი სურის მხვიარა ძირები საოცარ ანსამბლს ქმნიდა. ვიდექით და ვუყურედით. იქ წყალი ისეთი ცივია, დიდი ხნით ხევში გაჩერება შეუძლებელია. ამის შემდეგ კიდევ გადავიარეთ უზარმაზარ ლოდებზე და ჩანჩქერიც დავინახეთ. მის დანახვაზე პირველი რაც ვიგრძენი იყო სიხარული რომ ამოვედი, მერე სიამაყე, რომ ეს საოცარი ბუნების მოვლება ჩემს მშობლიურ მხარეშია. ძალიან ლამაზია, სიტყვებით რომ ვერ აღწერ ისეთი მშვენიერია. ჩანჩქერის ერთ გვერდზე ორ სართულად გაყოფილი ფერდობია, სადაც ხეები ხარობს და სასიამოვნო დასასვენებელი ადგილია. მეორე გვერდით კი ციცაბო ფერდობია, რომელიც მთლიანად გვიმრებითაა დაფარული. გვიმრების ტყეში თუ გზას გაიკვლევ და ზევით ახვალ, ჩანჩქერს ზემოდან მოექცევი, იქ კი საბანაკე ადგილები დაგხვდებათ. ჩანჩქერთან დიდ ლოდზე თუ დადგებით პირდაპირ მის თავზე მოექცევით და გადმოხედავთ, როგორ ვარდება აქაფებული წყალი. იქ გარშემო ყველგან წყლის წვეთები იფრქვევა და ქვები ხავსლოდებულია. გვიმრების ფერდობთან კი მთის ნაჟური წყარო მორაკრაკებს.
ბოლო დროს ძალია ბევრი ხალხი სტუმრობს ამ ადგილს, ახლაც ბევრი მნახველი იყო, მათ შორის უცხოელებიც.
ჩვენ დავისვენეთ, ბუტერბროდები მივირთვით, ფოტოები გადავიღეთ და უკან დავბრუნდით. ჩამოსვლას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ასვლას. გზადაგზაც ბევრი რამ ვნახეთ ისეთი, რაც ასვლის დროს ვერ შევამჩნიეთ. ერთი ასეთი იყო დიდი ხე წაქცეული, რომელსაც ნახევარი ფესვები ისევ მიწაში ქჰონდა და სიცოცხლეს განაგრძობდა, ზედვე კი სხვა პარატა ხეები ჰქონდა ამოსული, რომელიც მისგან საზრდოობდნენ. ესაა ველური ბუნების საოცრება. ეს უნდა ნახოთ!
დაუნდობელ მდინარეს ბევრი ხე ჰქონდა მოთხრილი, რომელიც წყალზე იყო გადაწოლილი, უყურებ ამ ხეებს და ხვდები როგორ შეიძლება ბუნება იყოს, ერთდროულად დაუნდობელი და შთამბეჭდავი. ეს უნდა ნახო რომ იგრძნო!
ერთ საოცარ ქალბატონს გადავაწყდით უკან გზაზე. საოცარი იმიტომ რომ 74 წლის იყო და პირველად მიდიოდა ჩანჩქერის დასალაშქრად. ჩემი თავი გამოვცადე ამ ასაკშიო. შვილები და შვილიშვილები წინ მიუძღოდნენ, შვილთაშვილი კი გვერდით მიყვებოდა და საჭიროების დროს ეხმარებოდა. მხნეობა, გამძლეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვეთ, თვალიც გავაყოლეთ როგორ გადადიოდა ლოდიდან ლოდზე სიცოცხლით და ახალგაზრდული ჟინით სავსე მოხუცი ქალბატონი.
მშვიდობიანად და ზღვა შთაბეჭდილებებით სავსე დავბუნდით. მიხარია, რომ ბუნების სიყვარული, რომელიც ჩემს შვილს სისხლში ჰქონდა, ახლა უკვე გულშიც და გონებაშიც აქვს. ალბათ ისიც ისევე აიყვანს თავის შვილებს იქ, როგორც ჩვენ წავიყვანეთ და აჩვენებს როგორი ბუნების შვილები ვართ. მჯერა მათაც ჩაუნერგავს ამ სიყვარულს.
მიხარია და ვამაყობ!