ტობ(ა)ლპები და ვერშემდგარი ამბავი ტიბეტისა.

  • Home
  • ბლოგები
  • ტობ(ა)ლპები და ვერშემდგარი ამბავი ტიბეტისა.

ჯერ  კიდევ  იმ  პერიოდში, როცა მთვარესავით ჭორფლიანი საბავშვო ბაღის ფანჯრიდან ვასხამდი წვნიანს, რომელიღაც პრიალა ფურცლებიან ფერად წიგნში ვნახე შთამბეჭდავი სურათები ტიბეტელი ხალხისა და თავად ტიბეტისა. მოყოლებული იმ დროიდან, ზმანებითაც იქ ყოფნა მეზმანებოდა ხოლმე,  მაგალითად,  მესიზმრა ერთხელ:

მე და ფორთოხლისფერხალათიანი ტიბეტელი ლამა მდინარის პირას ვმედიტირებდით. თვალები ერთდროულად გავახილეთ. უცებ ლამა მომიტრიალდა და გამართული ქართულითა და ტრანსცენდენტური ტონით მეკითხება: -შეგიძლია მდინარე გადაცურო?
ვუთხარი, რომ ცურვა არ ვიცოდი და ყურადღებით დავაკვირდი მის სახეს. ინდივიდუალური ნაკვთები ჰქონდა; დაბუშტული და გრძელი ცხვირი განეშას ქანდაკებას მიუგავდა. ლამა ისევ ფეხმორთხმული იჯდა და დაკვირვებით მათვალიერებდა კიდევ რაღაცის მოლოდინში. მე კი საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე. მერე მისი ხარხარი გავიგე და ვუყურებდი ამ პატარა ტიბეტელ კაცს ფორთოხლისფერ ხალათში, ოდნავ წინგადმოხრილი რომ სკდებოდა და ჩაბჟირებისგან გადმოხეთქილ ცრემლებს იწმენდდა. მან ხელით მიმანიშნა ფირუზისფერ, სუფთა და მიმზიდველ მდინარეზე, სადაც, ალბათ, ვერცხლისფერი ლიფსიტების გუნდა მელოდებოდა, და მკითხა:-მითხარი, საყვარელო, კონკრეტულად როგორ აპირებ მის გადაცურვას?

ერთხელაც, იმ მდგომარეობამდე მივედი, ჩემი ოთახის ყვითელი ფარდა მოვისხი და ასე გამოვაცხვე სურათი ფოტოშოპის დახმარებითა და შეწევნით, ეჰ

 

ეს სიზმრებში და მაშინაც, როცა არ მეძინა, ყველა მეგობრობის დღიურში, რომლის შევსებასაც მომანდობდნენ ხოლმე, კითხვაზე თუ რა იყო ჩემი ოცნება,  ვწერდი პასუხად არნახული კდემამოსილებით,- “მინდა მოვინახულო ტიბეტი”,-აი, ზუსტად ასე, სიტყვასიტყვით.

ან იყო სხვა კითხვა:

– “შენი კუმირი?”
-“დალაი ლამა.”
-” საყვარელი საჭმელი?”
-“ბრინჯი”,
-” საყვარელი სიმღერა?”
-“ტონგსკადი”
-” ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს რას გააკეთებდი?”
-“ვიქნებოდი ჰოგვორტსის დამსახურებული ჯადოქარი და წავიდოდი ტიბეტში”.

მაგრამ ეს ისტორია ტიბეტზე საერთოდ არ არის, სამწუხაროდ.

მაშ ასე!
კადრი თავიდან გავასწოროთ.
ვიწყებ ახლა.
..

..და ასე, რაღაც მომენტში დგება გარდამტეხი ცვლილებების დრო და უცებ აღმოჩნდება, რომ თუ სამას სამოცი გრადუსით შემოტრიალდები, ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდები, მაგრამ მაშინ იმიტომ არ დავტრიალებულვარ, რომ იქ დავბრუნებულიყავი, საიდანაც წამოვედი. ამიტომ, ზუსტად ას მეოთხმოცე საბედისწერო გრადუსზე თავს რომ შემოვუძახე, მერე არ მინანია და პირველი რაც დავინახე ფართოდ გახელილი თვალებით, იყო კონტრასტი.

მარიამ სამუშიას ფოტო

ასე აღმოვჩნდი კატასტროფულად სუსტი აღნაგობის ადამიანი, თავისუფალი უნივერსიტეტის საველე პრაქტიკის არჩევით ლოკაციაზე ტობავარჩხილში და უცებ ჩემი ყვითელი საწვიმრით შემოსილი, უქუდო, დაღლილი და ფეხებგალუმპული კაი შემაღლებულ ადგილას გაუნძრევლად ვდგავარ კესანესფერი ცის ფონზე და ვგრძნობ, რომ თბილისის მომაკვდინებელი ხმაურის ანტონიმად არის რაღაც, რაც სიჩუმეზე მაღალ საფეხურზე დგას და ეს არის სამყაროს ხმა, რომელიც თავის თავში ფუთფუთებს ყოველი წამის მილიარდჯერ პატარა მონაკვეთში. ვდგავარ გაუნძრევლად,  მესმის ეს ხმა,  მე ვარ ცოტათი ჩემი თავი და უფრო მეტად მთელი სამყარო.  მთები დაუჯერებლად დიდები არიან, ხეობები-ნისლიანნი, ზემოთ სივრცე-ქლიავისფერი, ხედები-სიურეალისტური.

 

ხელისგაწვდენაზე, გრძელი ველური ბალახების იქით, ყოველ საღამოს მთის წვერი დაცურავს ზემფირის ტალღებიან ზღვაში. ამ დროს საკუთარი თავისგან იცლები და ივსები, იცლები და ივსები, კიდევ და კიდევ, კიდევ და კიდევ და კიდევ და კიდევ.

 

ეს არის დასაწყისი მოგზაურობის, რომელიც მოგვიანებით სულ სხვა მხარეს გაგრძელდება .
ტობა კაი არაპროგნოზირებადი ვინმეა, ხან ვარსკვლავებით გადაჭორფლებული ცა იცის, ხან დამაბრმავებელი ნისლი და მერე თავსხმა წვიმა. ამ დროს ყველანი კარვებში ვწევართ, მე ან მარის ვეტიტინები ან არ ვლაპარაკობ და თოროხაპანის ფონზე ვთხზავ ამბებს:

მარიამ სამუშიას ფოტო

ამბავი #პირველი და #უკანასკნელი:

იქ ცხოვრობდნენ პატარა არსებები, სახელად მესეფები, რომლებსაც ნადირთა მფარველობა და ამინდის განმგებლობა ევალებოდათ. გრძელ ბალახებში დასუნსულებდნენ, საღამოობით კი ბილიკებზე მწვანე ტოტებს ყრიდნენ, რომლებსაც სარაჯ-თაფლის სუნი ასდიოდათ.
რძესავით თეთრი ტანი ჰქონდათ და ღამით წიფლის ხეებთან მღეროდნენ მთვარის საგალობელს,-ეს გრილი ნიავის ხმას ჰგავდა ძალიან.
ალიონზე წამოდგებოდნენ, თან ხავსის სურნელი მოჰქონდათ. დადიოდნენ ჯგუფურად, ჩვეუვლებრივ შვიდი ერთად.

ყოველ მეხუთე დღეს წავიდოდნენ ზღვის გადაღმა, მიუვალი ნაპირებისკენ. ზოგი, უფრო კუდიანი, ადგილზე რჩებოდა; ჩაიცვამდა ჭინჭრის ფოთლებისგან დაწნულ პერანგს, წელზე შემოირტყამდა მდინარის წყალში ამოვლებული დეკას ფესვებს, მუხლებამდე სიგრძის ოქროსფერ თმებში ჩაიბნევდა ცვილის სუროს ყვავილებს და მამალზე ამხედრებული ტაბაკონის მთისკენ გასწევდა, სადაც როკაპს, თავიანთ უფროსს, მოახსენებდა ყველა ავ საქმეს, რაც წლის განმავლობაში ჩაედინა.
ზღვიდან დაბრუნებულები კი, ქვიშის ფეხსაცმლებით ტკეპნიდნენ მთის მინდვრებს, ყურებზე ნიჟარები ჩამოეკიდათ და სხვა, კუდიან მესეფებს, რომლებიც აშკარად ჭინკების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, სულის დასამშვიდებლად უყვებოდნენ ლაზურ ზღაპრებს ცხრა წყლის გადაღმა მცხოვრებ მთვარის ასულ ნორაკიაზე, რომელიც მზის ჩასვლისას და ამოსვლისას სურნელოვანი ხის ნავიდან, ნახევარმთვარის ფორმის ცისფერი აბრეშუმის იალქანი რომ აქვს მიმაგრებული, ისვრის ვერცხლისკაუჭიან ანკესს, ავადმყოფი თევზები რომ მოარჩინოს და ისევ გაუშვას.

 


ტობას ფერები არ ელევა, მისი ტბა კამკამაა, აი, ზუსტად ამ სიტყვის ჟღერადობასავით სუფთა.


მოვა დრო და სტრატოსფეროს გავარღვევ იტალიის ალპებისკენ მიმავალი თვითმფრინავით, მერე იმის დროც მოვა, საბოლოოდ რომ დავბანაკდები დეიდასთან და ბიძასთან ერთად ქალაქ Vols-ის გორაზე შემომდგარ ქათქათა ქვის სახლში, მერე მოვა დრო და ჩიტები გადაუფრენენ მთის წვერისკენ მიმავალ სალაშქრო ბილიკებს, მე კი ამოსასუნთქად გაჩერებული გადავხედავ ჩრდილო-იტალიურ ველებს, ველებში გაჭრილ ვიწრო გზებს, რომლებიც შორიდან ძალიან გვანან კათოლიკე მონაზვნის შუაზე მკაცრად გადაყოფილ თმას, ავხედავ ცას, ცას გადაუფრენს რომელიღაც ფრთებგაშლილი დიდებული ჩიტი. იქ, სადღაც, ვიღაც მოხუცი კარლო ალპური ბალახის ძოვით ჩასუქებულ ძროხებს მწყემსავს, შუბლზე ოფლმორეული მინდორში გაწვება და თვითონაც ერთ ცალ ბალახის ღერს გაირჭობს კბილებში გასაღეჭად. თავს წამოსწევს, იდაყვს დაეყრდნობა და თავის ძროხებს დაუყვავებს რაღაცას საკმაოდ ტემპერამენტულ ენაზე.

და იმ მომენტში მივიხედები “ცხენის ჭიხვინსა და ფაფარში გახვეული კოლხეთისკენ”, მადლობას შევუთვლი ტობას, რომ დამამუღამებინა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ზოგიერთი მოლაშქრესთვის და ზოგიერთი ადამიანისთვის წესი ნომერი პირველი, შეიძლება მეორე ან მესამეც, მაგრამ არა უკანასკნელი, განსხვავებით ამბავი #პირველისგან. ტაა დააააამ.. –წინ სიარული გმირობაა! შეიძლება, მოელოდით რამე ნაკლებად ბანალურს, შეიძლება, არც მოელოდით არაფერს, ბევრი ვარიანტი არსებობს. მაგრამ ჯანდაბას ეს ამბავი. რაც უნდა ითქვას, თუ წინადადებას მოვაყოლებთ წყობას-“და მაინც” ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ასე, რომ, და მაინც, წინ სიარული გმირობაა. რამდენადაც გადატანითი, იმდენად პირდაპირი მნიშვნელობით.

მიშკა ლომიძის ფოტო

გადასარევი მომენტია თხრობის დასასრულებლად.
დასასრული.

ისე, შენ, ფორთოხლისფერხალათიანო ლამა, რას გეტყვი, იცი?
აი, თუ ბიჭი ხარ ადექი ახლა და, წამო ვაჟბატონო, წამო დაააააა ერთად გადავცუროთ მდინარე!

უფრო დასასრული.