ბუნების ხმებით ჩემთვის მუსიკა დაიწერა გალაქტიკაში. ასე ხდება დროდადრო ჩემს არსებობაში. ისევ აირეკლა ექოდ მაჯისცემა შეშლილმა ათინათმა, ვარსკვლავებმა კი გადმომიტრიალეს ბედისწერა… მე ვმოგზაურობ! ვხედავ იმაზე მეტს, ვიდრე თვალები ამჩნევენ…
დროდადრო ნამგალაა ჩემი მთვარე,დროდადრო სავსე…ახლა ხელახლა დაღარავენ წუთებს ამოკაწრული ნაფეხურები…
უყურე! დედამიწის რომელიმე კუნჭულში ვხტუნაობ ჭინკასავით და ჰორიზონტებიდან იჭყიტებიან მთების სიხარულები… მე ვმოგზაურობ! ჩრდილების სამყაროდან ლიანდაგების გავლით. ტყეების სიზმრებს ვდარაჯობ ალუჩისფერი ზურგჩანთით ნაძვებისა და გირჩების გულის სიღრმეებში…
შეხედე! წამის წინ მანიაკალური შეგრძნებები გამოცვივდნენ ხეობებიდან, სუნთქვა შეეკრათ ყოვლისშემძლეებს. ასეთ დროს საკუთარ თავში ვგრძნობ ხოლმე ყოვლისშემძლეების ფათურს… აფათურებენ და აფათურებენ… ხოდა შინაგანში მეწვეთება ემოციების კორიანტელი: შიში, სურვილი, აღტაცება, მოუთმენლობა… სადღაც სიღრმეში თავხედი აზრი მებადება, რომ წამები მიმზადებენ თავგადასავლს… რომ ბილიკები სადღაც სიმწვანეში მალე გადაეჯაჭვებიან ერთმანეთს… რომ ვეღარ შევამჩნევ მიწაზე ნაკვალევს და შევუდგები ხეტიალს უმისამართოდ.
როცა მე ვფეთქავ მთაში, როცა არაფერი მესმის გარდა მისი გულისცემისა და როცა ვერაფერს ვგრძნობ, უბრალოდ ვერ ვგრძნობ, მაშინ ვხვდები,რომ გადაეხლართა… და ღრმულით ღრმულში, დარდით დარდში ერთმანეთს ჩაუჯდა ოდესღაც გაგლეჯილი ყოველივე…
ამას ვფიქრობ და დრო თავად ხვდება, რომ აზრს კარგავს… წამები ჟამთასვლას წყვეტენ და თავადაც ეშვებიან მედიტაციაში. რას გააწყობენ?! რას შეცვლიან?! რას შეგვაგნებინებენ გზააბნეულ მოგზაურს და უზარმაზარ მთებს?!
ცოცხალი დედამიწის არსობრივი ხმები და პატარა ადამიანი გალაქტიკაში – აი, ასეთია ჩემი მოგზაურობა ჩემთვის დაწერილი მუსიკის ყურისგდებით… მელოდიები ენაცვლებიან ერთმანეთს, მე კი მივიკვლევ გზებს ნაბიჯ-ნაბიჯ აბდაუბდა სიმწვანეებს შორის.
აქ შეხვედრილი ყველა ადამიანი ბედნიერებაა, აქ ზურგჩანთიანები ყველაზე მეტყველი თვალებით გადაადგილდებიან, აქ მანძილებია შემცირებული მე და სხვას შორის, უფრო მეტიც, აქ მე და სხვა თითქმის განუყოფელია და სხვა მხოლოდ იმდენად არის სხვა, რამდენადაც ჩემზე მოჯაჭვული არ დაიარება და საუთარ ბილიკებზე დააბიჯებს.
ისე კი სხვადასხვანაირები მოგზაურობენ ტყისფერ სამყაროებში – თავისუფლები, ლაღები,
ჩემი წარმოსახვისგან განსხვავებულები, მსგავსები, მაგრამ მაინც თავისებურები თავიანთი საჭიროებითა და სიყვარულებით…
ყველას სხვადასხვა ხმა ესმის მთაში… ყველა სხვადასხვა სულს დაეხეტება და მათ ანარეკლს ხედავს განთიადისას…
აქაური ხმები ვიღაცისთვის წვრილი ძალაყინია ყოველდღიურობის დასაქუცმაცებლად, მეორე – აუმღვრევ სიმშვიდეს ხედავს აქ, სხვა – ყველა მიმართულებით დარბის და საკუთარ თავში ხელახლა ბადებს სამყაროს… კანკალებს… აღფრთოვანდება…
რომელიმე უბრალოდ სიკვდილთან შეიძლება ცელქობდეს… მომდევნო – ეძებდეს იმას, რაც დაკარგა – ჟოლოსფერი შოშია და მარჯნის ნეკერჩხალი ქარში… – ჭკუიდან იშლებოდეს…
მთაში წანწალებენ მოგზაურები, დღე-ღამის ორივე მხარეს სიხარულით ელოდებიან! თვალი ეპარებათ ვარსკვლავებისკენ! ახალ ჰორიზონტებს ხედავენ! ქვეცნობიერს მიყვებიან! შინაგანი ხმის კარნახი კი შეშლიობამდე მიდის…
ერთფეროვანი უაზრობა პირველი ბიძგი ხდება დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, შორეულზე… თვალშეუდგამზე… ნამდვილზე… მაშინ როცა ადამიანურ დედამიწებზე ზოგჯერ ქარიშხლები აფრიალებენ ფერფლისფერ ბადეს…. იქიდან ხანდახან ნამგალას ხედავენ მთავრეს, ხანდახან სავსეს…
ჩვენთან კი დროების იქით, მწვანე სამყაროებში ზევით ჭექა ქუხს,ქვევით მო – გზა – ურები ველურობენ… ყველაფრის მიღმა კი ალბათ კიდევ სხვა მუსიკა ითხზვება, კიდევ უფრო არსობრივი ხმებით… ვინ იცის, იქნებ, უფრო წარმოუდგენელი ჩანაფიქრებით…)