ჯერ ისევ ღამე იყო. თენდებოდა. სასტუმრო დავტოვეთ და ბორდოს ცარიელ ქუჩებს შევერიეთ. დილის ნესტიანი სუსხი სუსხავდა ყველაფერს და ცას ნელნელა იისფერი ეპარებოდა აღმოსავლეთის ნაპირებში. ვგრძნობდით, რომ განსაკუთრებულად ლამაზი და საინტერესო დილა თენდებოდა. იმიტომ კი არა, რომ ბრწყინვალე ამინდს უჩანდა პირი, არა, უბრალოდ ვხვდებოდით, რომ ძალიან ახლოს ვიყავით დიდი ხნის წინ დასახულ, ერთ-ერთ პატარა და ლამაზ მიზანთან.
ბორდოში უკვე რამდენიმე დღეა რაც ვცხოვრობ. ბელგიაში ღვინის გამოფენაზე ვარ მიწვეული და ერთი კვირით ადრე წავედი. ბარემ ბორდოსაც ვნახავ და იქედან გადავფრინდები ბელგიაში მეთქი. ასეც მოვიქეცი.
ბორდოში მარი ცხოვრობს. სტუდენტია. საქართველოში ერთად ვსწავლობდით ღვინოს. შემდეგ მარიმ გრანტი აიღო და სწავლა საფრანგეთში გააგრძელა.
მოკლედ, ქალაქში რამდენიმე დღიანი ბოდიალის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ოკეანეს შევხვედროდით, შევხებოდით, გვენახა. გავშალეთ ჩვენ-ჩვენი ციფრული რუქები და ყველაზე ახლო მდებარე საინტერესო, ლამაზ ადგილებს დავუწყეთ ძებნა. მალევე ვიპოვეთ და შევთანხმდით
დუნ დუ პილა __ Dune du pilat ეს არის ატლანტიკის ოკეანის აუზში, კანტაბრიანის ზღვის სანაპიროზე, უჩვეულოდ წარმოქმნილი უზარმაზარი (ევროპაში ყველაზე მაღალი) ქვიშის დიუნი, უდაბნოს მარცვალი. ერთ მხარეს აკრავს მასიური წიწვოვანი ტყე და მეორე მხარეს, ოკეანე, უსაშველოდ ვრცელი სილურჯე. დიუნის საერთო ფართობი რამდენია არ ვიცი, მაგრამ იმხელაა, რომ ბოლო არ უჩანს და სადამდეც ჩანს, წერტილებად აჩნია ადამიანები.
დავქოქეთ ბლაბლაქარი და შევუთანხმდით გამოცდილ მძღოლს. დილით დაახლოებით მივედით დანიშნულების ადგილზე, რადგანაც გარეუბანი იყო და ზუსტად ვერ დავადგინეთ. თან ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ვისაც ვკითხეთ, თითქმის ყველამ სხვადასხვანაირად გვიპასუხა. ერთმა გვითხრა, ეგ ადგილი აქ საერთოდ არაა, სხვაგან ხართო. ვნერვიულობთ, მაგრამ ამ გამოკითხვის საერთო ანალიზით ვხვდებით, რომ მთლად დაკარგულები არა ვართ. სიმ კარტები არ გვაქვს (რაღაც მიზეზების გამო), თორემ ვკითხავდით მძღოლს.
ვისაც დავინახავთ ყველას ვეკითხებით მაინც და სულ ბოლო ადამიანი, ვისაც ვკითხეთ, აღმოჩნდა ასევე უცხოელი სტუდენტი გოგო, რომელიც იგივე მანქანას ელოდებოდა და იგივე ადგილის სანახავად მიდიოდა. მოკლედ, როგორც იქნა დავმშვიდდით და ამოვისუნთქეთ.
ვიმგზავრეთ მშვიდად. მივედით უვნებლად. გავიხადეთ ფეხსაცმელები და შიშველი ფეხებით გადავეშვით ნესტიან ქვიშაში. კიდევ კარგი ის გოგო დაგვემგზავრა. უკანა გზაზეც ვიღაც მობლაბლაქარო ტიპი გაჩითა, რომელმაც მგზავრობისას ისეთი პატივი გვცა, ცხოვრებაში რომ არ დამავიწყდება. მოწამლა ჰაერი და რა მოწამლა. რა ყოფილა ეს ფრანგული „არომატი“. გავრბოდი ფანჯრიდან. თან მე ვიჯექი წინ და მთელი ძალით მეძალებოდა. რას დავეძებდი, განიავდა როგორც იქნა და საღამოს სახლშიც მშვიდობიანად დავბრუნდით. ამას თუ მშვიდობა ქვია.
ამ გოგომ კიდევ უფრო გაგვიღვივა სან-სებასტიანის ნახვის სურვილი. იქ თუ არ ყოფილხართ, ყველაფერი გადადეთ და წადით, ნახეთ, სამ საათში იქ ხართ ბორდოდანო. კარგიო, შევპირდით და წავედით კიდეც. ისედაც ვგეგმავდით, მარის ერთერთი კურსელი აღმოჩნდა ამ ქალაქიდან. კვირის ბოლოს ხშირად დავდივარ ჩემ ქალაქში და როცა გინდა მესტუმრეო, დაუპატიჟია.
ისევ ბლაბლაქარი. ისევ სანდო მძღოლი. მანქანა პეჟო. მძღოლის სახელი __ მურიელ. ახალგაზრდა გოგოა და ქუჩებში ისე მანევრირებს მანქანით, რომ ჩვენ რამდენჯერმე ლამის ტაში შემოვკარით და თვალებგადიდებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს შეუმჩნევლად.
გზაში დაგვათენდა. მანქანა გავაჩერეთ და დილის მზის თბილი სხივები შევისუნთქეთ ხელისგულებით. ფინჯანი ყავა, წყვილი კრუასანი, შოკოლადის ნატეხი და კიდევ უფრო გალამაზდა დილა.
მივდიოდით, მივქროდით და დროც, ჩვენთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სან-სებასტიანს ვუახლოვდებოდით და სიამოვნებისგან ვცმუკავდით. გავიდა სულ ცოტა ხანი და რადიო სიხშირე ესპანეთზე გადაერთო. წამოვიდა ესპანური ჰანგები და ოჰოჰოოოო, ოლა ესპანია, ერმანო მიო, ბუენოს დიას, ბონიტა სენიორიტა, მუჩას გრაციას… მოკლედ რაც შემეძლო დავიხარჯე ესპანურად.
ჩავედით. მურიელი გვეუბნება ეგეც თქვენი სან სებასტიანიო. ისე, თუ მალე აპირებთ დაბრუნებას, შეგვიძლია შევთანხმდეთ და ერთად დავბრუნდეთ ბორდოშიო. როგორც აღმოჩნდა, ისიც ბასკეთის სანახავად იყო წამოსული და მეორე დღეს აპირებდა დაბრუნებას, როგორც ჩვენ. რა თქმა უნდა ძალიან გაგვიხარდა. შევთანხმდით შეხვედრის დროზე, ადგილზე და დავემშვიდობეთ. ვდგავართ შუა ქალაქში და არსად ვჩქარობთ. ირგვლივ ვიყურებით, ვათვალიერებთ. სასიამოვნოა რეალობის გააზრება.
რამდენიმე წუთში ვიშიშვლე სმარტფონი და ჩემი ინტერნეტდამოუკიდებელი რუქის დახმარებით, შევეცადე ორიენტაციაში გარკვევას. ქალაქის ცენტრისაგან ცოტა მოშორებით, ცხოვრობს ეს გოგო. სიმ კარტები აქაც არ გვაქვს. მოკლედ კითხვა-კითხვით და ტელეფონის დახმარებით, როგორც იქნა, მივაგენით.
ავედით. წავიხემსეთ. ბარგი დავტოვეთ და გამოვედით ქუჩაში. გამოყოლაზე უარი ვუთხარით, ჩვენ გემოზე ვერ ვიქნებოდით. 12-13 საათი იქნებოდა და მთელი ქალაქის ნახვა გვინდოდა მოგვესწრო. ამიტომაც იქვე ველოგაქირავების სერვისს მივაკითხეთ და ორი კვიცივით ველოსიპედი ვიქირავეთ საღამომდე.
სად მივდივართ? რა თქმა უნდა ოკეანისკენ! საითაა ოკეანე? რა ვიცი, ვიკითხოთ. ვაჩერებთ ბიჭს. დუიუსფიქინგლიშ? ვეკითხები. უხერხულად იგრიხება. ოქეი, ოუშენ დირექშენ? ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო, მთავარია გამოიცნოს სიტყვა ოკეანე. მიყურებს. ვერ ხვდება. ვუმეორებ. ისევ მიყურებს, თან წარბებს აცმაცუნებს და იმანჭება. იმდენნაირად გავუმეორე ეს ფრაზა, ოკეანე მგონი ქართულადაც ვუთხარი და გაუბრწყინდა თვალები. მგონი მივხვდი და მოვიშორებ როგორც იქნაო, იფიქრა. ოკენდო? მეკითხება და მივხვდი რომ ოკენდო არის ეს ჯადოსნური სიტყვა. სი, სი, ოკენდო, ოკენდო და ხელით შეკითხვის ჟესტს ვაკეთებ ჰაერში. იმანაც თავის უკან გადასერა სივრცე მარჯვენა ხელით და ყველაფერი გასაგები იყო. მუჩას გრაციას არ ვამადლიდი არავის.
მივედით. დღემდე მახსოვს ეს განცდა. იქაც ხომ იგივე ზღვა იყო, დუნდუპილაზე, მაგრამ სანაპირო იყო რაღაცნაირი, არაოკეანისებური. აი აქ კი… აქ ნამდვილი ოკეანე იყო მთელი თავისი დიდებულებით. გაშლილი, ვრცელი, კამკამა, არცისე დიდი მაგრამ მაინც დიდი, მასიური ტალღებით, ბიჭები გარბი-გამორბიან სერფინგის დაფებით, სანაპირო სავსეა ხალხით და ირუჯებიან, წყალში შეჭრილია რამდენიმე ბორცვი-კუნძული, საველოსიპედე ბილიკებზე დაქრიან ველოსიპედებით… თავბრუ მეხვევა. ცოტა ხანი ვიყავით ასე, ვაკვირდებოდით ყველაფერს და სულ რამდენიმე წუთში მარის გაშლი თმა ოკეანის მლაშე ქარს ეჭირა გამჭვირვალე, უფერო ხელებით. ველოსიპედებით მივქროდით ოკეანის გასწვრივ.
გეგმა დავსახეთ, რომ სანამ დღის შუქი იყო, გვევლო ველოსიპედებით, შემდეგ ველოები მიგვეყვანა, სანაპიროზე ჩამოვსულიყავით და ფოტოები გადაგვეღო. ასეც მოვიქეცით. მთელი საღამო სანაპიროზე გავატარეთ. ძალიან ლამაზი და თვალწარმტაცი იყო მზის ჩასვლა. ერთი მხრიდან ჩამავალი მზის შუქი იყო, მეორე მხრიდამ მზის ანარეკლი, რომელიც შენობების ფანჯრებიდან მოდიოდა, ასევე წყალიც ირეკლავდა შუქს და ერთი სიტყვით, ძალიან კარგი განათება იყო ფოტოგრაფიისთვის.
საღამოს მოვინდომეთ რამე ესპანური ტრადიციული კერძი გვეჭამა და მიმტანს ვეკითხებით: რა გაქვთ რაიმე ტრადიციული ესპანური? __ ჩვენ გვაქვს ტრადიციული ბასკური კერძები! გვპასუხობს მიმტანი ბიჭი. ყველაფერი გასაგები იყო, ყველაფერი თავის ადგილზე იყო. ცოტ-ცოტა თითქმის ყველაფერი ავიღეთ და გემრიელად გეახელით. ცოტაც ვიბოდიალეთ ფეხით და გათიშვის დროც დაგვიდგა.
მეორე დღეს სულ ფეხით ვიბოდიალეთ. სულ სხვა მხრიდან მოვუარეთ ქალაქს და ძველ უბანში მოვხვდით. უალამაზესი არქიტექტურითა და მყუდრო ქუჩებით. ლამაზი, ფერადი ნავსადგური. ტურისტებით სავსე უბანი. ესპანური ხამონი, ზეთისხილი, ცოტა ღვინო…
ორი საათით ადრე მივედით დანიშნულების ადგილზე, სადაც მურიელს უნდა შევხვედროდით. კაფეში შევედით და ჩამოვსხედით. საკმაო დრო მოგვიწია იქ გაჩერება და ბარმენის გამოველაპარაკეთ. რომ გაიგო საქართველოდან ვიყავით, მოყვა და მოყვა ბასკურ-ქართული ფესვებისა და მსგავსების ამბები. ძალიან ვგავართო. ერთი ქართველი გოგო მუშაობდა ადრე ჩვენთანო. ისე, ჩვენც შევამჩნიეთ. მარიმ რამდენჯერმე მითხრა, თავი საქართველოში მგონიაო. მართლაც. იერსახე, მანერები, ტემპერამენტი, ჩაცმულობა… გაცილებით თბილები, უშუალოები და უბრალოები იყვნენ, ვიდრე საფრანგეთში, ბორდოში.
მერე მალე მოვიდა დათქმული დროც, ჩვენი მურიელიც და რამდენიმე საათში ბორდის ნესტიანმა სუსხმაც შემოყო საცეცები მანქანის ღია ფანჯრებიდან.
ტურიზმის განვითარების ცენტრი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციებსა და ადამიანებს და მიაწოდოს მათ ტურიზმის შესახებ სიახლეები.