ჯავახეთიდან დანახული საქართველო

მარშუტკებში გავნაწილდით და შეფიქრიანებულები გავუდექით ჩვენთვის უცნობ გზას და ალბათ არავინ იცოდა როგორი თავგადასავალით დასრულდებოდა ჯერ კიდევ არდაწყებული პროექტი. განათლების სამინისტროს პროექტში ვიყავი ჩართული და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაში ქართულ საზოგადოებსთან ჩემი წვლილი უნდა შემეტანა. ჯავახეთი, კერძოდ ნინოწმინდის სოფელი კათნატუ მერგო წილად. ადგილზე ჩასულებს გამცილებლები დაგვხვდა, ვინც დაგვაბინავედბა. პატარა ტანის, დამტვრეული ქართულით მოლაპარაკე ჩემს სახელს გაიძახოდა და მივხვდი, რომ მე მომაკითხეს, მომესალმა და მიმანიშნა ტაქსისკენ რომ წავსულიყავით. გამოვემშვიდობე პროექტელ მეგობრებს და დავადექი ნინოწმინდა-კათნატუს გზას, უკვე ამ უცხო ადამიანთან ერთად. გზადაგზა თან ვაკვიდრებოდი გარემოს თან რაღაცეებს ვეკითხებოდი, მინდოდა მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო, იმაზე თუ რა მელოდა აქ. ზღვის დონიდან ორიათას მეტრზე მდებარეობს სოფელი კათნატუ, იქ სადაც ხეები თითქმის არ ხარობს, გამუდმებით ნიავი ქრის, მკაცრი ზამთარი და ბუქი იცის, ერთადერთი კულტურული ცენტრი არის სოფლის შუაგულში მდგარი პატარა სკოლა. 300-მდე მოსახლეც არაა ამ პატარა ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში. სამაგიეროდ მდიდარია ულამაზესი ხედებით, გარშემო მომიჯნავე მთებით, ჩემთვის უცნობი ტრადიციებით და სტუმართმოყვარე  ხალხით.

გარდა გარემოს ვიზუალური ეფექტისა, საინტერესო იყო მათი ჩვენგან განსხვავებული ტრადიციები, სუფრის კულტურა, შრომისმოყვარე მოსახლეობა, ფასეულობები, ცნობისმოყვარე ბავშვები და სერთოდ ყველა და ყველაფერი რაც მეტად საინტერესოს და ემოციურს ხდიდი ჩემს იუმორნარევ, ცოტაც უჩვეულო და ცოტაც უცნაურ თავაგადასავალს ჯავახეთში.

როცა სხვა კულტურის მატარებელ საზოგადოებაში ხვდები ბუნებრივი მომენტია „კულტურილი შოკი“, რომელიც მათი ტრადიციებიდან გამომდინარე, ბლომად მივიღე. თუნდაც პურის გამოცხობის ტექნოლოგია, მაგრამ უნდა ვაღიარო სომხური ლავაში ნამდვილად გემრიელია, მით უფრო, რომ მოვახერხე ამეთვისებინა და მე თვითონ გამომეცხო:

 

მეტად უცნაური იყო წივის გამოყენება გასათბობად. სოფელში როგორც კი შედიხართ მაშინვე იგრძნობთ განსხვავებულ სუნს, რომელიც გასახმობად დალაგებულ წივას აქვს და საოცარია, რომ ამ განსხვავებულ სუნსაც კი მალე ეჩვევი. მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობით და კარტოფილის მოყვანით ირჩენს თავს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანად განსხვავებული იყო ქორწილი, თავისი მაყრიონით, პატარძლის გამოსყიდვით, საჩუქრებით, კანფეტების ჰაერში ფრიალით, ეზოში მრავალგზის ცეკვით და ათასი ნიუანსით, რომელიც მათთვის ჩვეულებრივი და ჩემი კამერისთვის მეტად საინტერესო და უჩვეულო იყო.

 

ძალზე სახალისო გამოდგა ჟესტებით საუბარი ადგილობრივ მოსახლებასა და ბავშვებთან, ეს მაშინ როცა მე ვერ ვპოულობდი სიტყვებს სომხურად, ან თვითოვ ვერ ამბობდნენ ქართულად სათქმელს, ან კიდევ როდესაც შუამავალი ენა ვერ გვეხმარებოდა. წრეზე, ერთ-ერთ მონაწილეს უნდოდა ეთქვა სიტყვა „ხარი“, მაგრამ არ იცოდა ეს როგორ უნდა ეთქვა ქართულად და შემდეგი ახსნა მოუძებნა – ის „ძროხის ქმარიაო“ J. ეს ორიგინალური და გონებამახვილური ახსნა  იმდენად მომეწონა, ვიფიქრე საიტერესო ადგილას მოვხვდი მეთქი და მე ნამდვილად არ შევცდი.

ყველაზე დიდი ემოცია გარშემო აღმართული მთების დალაშქვრა იყო. რომ ადიხარ ძალიან იღლები, დიდ ენერგიას ხარჯავ და როგორც კი ახვალ და გადმოიხედავ იქიდან მაშინვე გავიწყდება რა გაჭირვებით ამოხვედი, ლამისაა გგონია, რომ ცას მისწვდები ისე ახლოს გეჩვენება ღრუბლები და საოცრად ამაყი ხდები რომ შეძელი აქ ამოსვლა.

და მაინც ჯავახეთიდან სხვა საქართველო ჩანდა  და მე მივხვდი მთავარს, რომ მას დიდი გული აქვს და მასში ვეტევით ყველა განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და ბევრი სხვათა და სხვათა.