2018 წლის 21 იანვარს მსოფლიო ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ აღნიშნავს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია მთელ მსოფლიოში ორმოცდაექვს ქვეყანაში იანვრის მესამე კვირას ,,თოვლი მსოფლიო დღე“ იზეიმება. ეს დღესასწაული ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. აღსანიშნავია, რომ ,,თოვლის მსოფლიო დღე“ ეროვნულ დღესასწაულად დადგინდა ისეთ ცნობილ ქვეყნებში, როგორებიცაა: ავსტრია, კანადა, საფრანგეთი, ისლანდია, ნორვეგია, პოლონეთი და შვედეთი.
საქართველოშიც ეს დღესასწაული უკვე მეშვიდე წელია აღინიშნება. წელს ბავშვები საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძის უღელტეხილზე ,,თოვლის მსოფლიო დღეს“ იზეიმებენ.
21 იანვარს 11:00 სთ.-ზე გუდაურში (გონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე) ,,თოვლის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით საქართველოს სათხილამურო ფედერაცია ბავშვთა გასართობ ღონისძიებას გამართავს.
4-დან 14 წლამდე ბავშვთა შორის გასართობი შეჯიბრება ჩატარდება. ბავშვები ერთმანეთს მხიარულ და მეგობრულ ატმოსფეროში შეეჯიბრებიან. ტრასაზე საშეჯიბრო კარების ნაცვლად, საბავშვო ბანერები (თაღები) იქნება განლაგებული. ბავშვებს კი სპეციალურად ,,თოვლის მსოფლიო დღის“ აღსანიშნავი სასტარტო ნომრები ეცმევათ, საჩუქრებად კი მიიღებენ მაისურებს ლოგოთი – ,,თოვლის მსოფლიო დღე“.
ამ ღონისძიების მონაწილე ბავშვებსა და მათს ოჯახის წევრებს დაუვიწყარი დღე ელით.
ყველას გელით საქართველოს თოვლიანი მთები.