ლურჯი ქალაქი

შეჯახებიხართ თქვენს ოცნებას პირისპირ?  ოცნებას, რომელზეც ხშირად ფიქრსაც კი ვერ ბედავდით, რადგან ძალიან შორი და მიუღწეველი გეგონათ? მე კი!

ჩემი ოცნება ლურჯი ფერის იყო და არა მხოლოდ იმიტომ რომ მართლაც ლურჯი იყო; ზოგადად ხომ ყველაფერს თავისი ფერი აქვს. ამ ფერებსაც კი ყველა თავისებურად აღიქვამს, ხშირად ჭრელ ფერებშიც ვხედავთ,მაგრამ მე მაინც ლურჯზე მინდა რომ გესაუბროთ. და მაინც რა არის ლურჯი? ზღვა? ცა? საყვარელი ადამიანის თვალები? ლურჯი შეიძლება ყველაფერი იყოს, რისი ლურჯად აღქმაც შეგვიძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ლურჯ ქალაქზე მოგიყვეთ, რომელიც სადღაც მაროკოს შუაგულშია ჩამალული და ჩეფჩაუენი ჰქვია.

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე. ამას პირველად მაშინ მივხვდი, როცა გზიდან მთაზე მიფენილი ლურჯი სახლები დავინახე. გული მოულოდნელად ამიჩქარდა, თვალებიც იმ ლურჯ წერტილზე მიმეყინა; კიდევ კარგი ხელებმა თავისით იპოვეს ტელეფონი და ის ფოტო გადაიღეს, დღემდე ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ კადრად რომ რჩება. გზა მოკლდებოდა და მღელვარება მატულობდა. სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა ოცნებასთან შესახვედრად.

ფეხი დავდგი ლურჯ ქალაქში ისე მყარად, ალბათ დღემდე შერჩა ჩემი ანაბეჭდი. ჩემი ოცნების ქალაქი გორაკზე იყო, პატარა სახლებით და მაღაზიებით გაჭედილი. ყველა გზა ერთმანეთს უკავშირდებოდა და დაუსრულებელი, დახლართული ქსელივით იფანტებოდა ქალაქში. პატარა ჩიხები და ვიწრო გასასვლელები ისე იყო მიმალული ლურჯ ფერებში, რომ თავი ზღაპრულ ლაბირინთში გეგონებოდა. ერთგვარ თამაშს გავდა, თამაშს თავის დაღწევაზე,რომელიც სასიამოვნო და აზარტული დაკარგვისას უფრო ხდება. ჩვენც სულ ვიკარგებოდით. ვიკარგებოდით ლურჯ ფერებში, რომელსაც ხანდახან სიჭრელეც ერეოდა და აი სწორად მაშინ ვინტერესდებოდი ყველაზე მეტად – ნეტა ჩვენ, ამ ქალაქში ძალით დაკარგულები, რა ფერის ვიყავით?

  

ლურჯ ლაბირინთში ხეტიალისას ხან ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილას ვხვდებოდით, ხან კი ისეთ სიცარიელეში რომ მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა და ისეთი სიმშვიდის გრძნობა გვეუფლებოდა რომ ხმასაც კი ვერ ვიღებდით. მერე ერთ-ერთი ასეთი საიდუმლონარევი სიჩუმის დროს მოულოდნელად მოლას ხმა გაისმა; დრო გაიყინა; რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა ლურჯ ქალაქში; ლაბირინთობანას თამაში შევწყვიტეთ და ჩუმად, ფეხაკრეფით გავყევით ხმას რომელიც ყველა მხრიდან ისმოდა და სადღაც ქალაქის სიღრმეში იკარგებოდა. ქუჩებიც უფრო იდუმალი და მიმზიდველი გახდა; ლურჯი ფერიც უფრო ჯადოსნური.

მაშინ დავფიქრდი პირველად – და მაინც რატომ ლურჯი? როგორც მერე გავარკვიე, თურმე არსებობს ორი ძირითადი ვერსია: ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ლურჯი ფერი ებრაელების ტრადიციაა, რომლებიც ლურჯ ფერს ცასთან, ცას კი სამოთხესთან აიგივებდნენ. ლურჯადაც ამიტომ ღებავდნენ ყველაფერს – ღმერთთან ახლოს რომ ყოფილიყვნენ. მეორე ვერსიის მიხედვით ლურჯი ფერი მწერებისგან თავდასაცავადაა საუკეთესო. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ეს ფერი ეხმარებათ ზაფხულის ცხელ დღეებში თავი გრილად იგრძნონ.

გამომდინარე იქიდან რომ არცერთი ვერსია დადასტურებული არაა, თავისუფლად შეგიძლიათ იმისი გჯეროდეთ რისი დაჯერებაც გინდათ; მაგრამ ერთ რამეში მეც უნდა დამიჯეროთ – ამას უფრო კარგად მაშინ იზამთ, როცა ლურჯ ქუჩებში დაიკარგებით. ბევრი ისეირნეთ და ხშირად დაიკარგეთ, რადგან არამგონია სადმე დაკარგვა ასეთი სასიამოვნო იყოს. ქუჩებში ყველა კარი ლურჯია, ზოგი მაღალია, ზოგი დაბალია,ზოგი იმდენად პატარაა რომ იმასაც ვერ ხვდები კარის მიღმა რა შეიძლება იყოს. თითქოს ყველას თავისი ისტორია აქვს, რომელსაც შენ იგონებ. რეალურად არავინ იცის ამ ლამაზი ლურჯი კარის მიღმა რა იმალება. იქნებ იქით სულ სხვა ცხოვრებაა?!  იქნებ ის ცხოვრება ლურჯი ზღაპრისგან სრულიად განსხვავდება? იქნებ მეორე მხარე სულ სხვა ფერისაა? და ხალხი? როგორი ხალხია? ბედნიერები არიან? როგორ ცხოვრობენ? რა უხარიათ?  იმდენი კითხვა გიჩნდება, რომ რთულია ყველას პასუხი გასცე და ამიტომ ისღა დაგრჩენია შენი ზღაპარი მოიგონო.მეც სწორად ასე ვიქცეოდი, ვსეირნობდი და ვიკარგებოდი ჩემივე შექმნილ ზღაპარში, ფოტოს ვუღებდი ყველა ლურჯ კარს, რომლის მიღმაც ჩემთვის პირადად ფერადი სამყარო იშლებოდა. ყოველი კარის მიღმა ჩემ ზღაპარში ბედნიერი ოჯახები ცხოვროდნენ. ვხედავდი მხოლოდ იმას, რისი დანახვაც მინდოდა, ვიღებდი იმ ემოციას რისი მიღებაც მინდოდა და დედამიწაზე საკუთარ გამოგონილ, ლურჯად შეღებილ, ლაბირინთივით დახლართულ, საიდუმლოებებით სავსე, მაგრამ მაინც ნამდვილ ზღაპარში ვცხოვრობდი.