ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებითა და სილამაზით. ფლორა-ფაუნით მდიდარ ტყეში ბევრი რამეა სანახავი: იშვიათი სახეობის მცენარეები, ჩანჩქერები, ტბები და თუ გაგიმართლა მშვიდობისმყოფელი ცხოველებიც.
ტერიტორიის მონახულება ზაფხულში გადავწყვიტეთ, მის დათვალიერებას კვირები არ ეყოფა, მაგრამ რადგანაც თავისუფალი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა, მიზანში გურგენიანის ჩანჩქერი ამოვიღეთ.
წასვლამდე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე გავეცანით მოკლე ინფორმაციას. თბილისიდან ლაგოდეხამდე 165 კილომეტრია, თუ არ ვიფრენთ დაახლოებით ორი საათი დაგვჭირდება ვიზიტორთა ცენტრამდე. აქედან კი ფეხით 8,5 კილომეტრი, 4-6 საათის სავალია.
საგარეჯოს გზით გადავწყვიტეთ წავიდეთ, შემდეგ გურჯაანის გზაზე გადავუხვიოთ და ლაგოდეხამდე ყველაწმინდას ეკლესია ვნახოთ.
წინა დღეს მოვიმარაგეთ სამწვადე, ღვინო, საჭირო ნივთები და დილას 6 საათზე გავუდექით გზას.
მიქრის ავტომობილი კახეთის გზატკეცილზე, ჩავუარეთ აეროპორტის გადასახვევს, ლუდის ქარხანას და ქალაქიც დავტოვეთ. გარშემო ტრიალი მინდვრები, დამუშავებული ყანები და პატარა ნავთობისაქაჩებია. პატარძეულში შევედით, სოფელში რამდენიმე ციხე-სიმაგრე და მონასტერია, შესასველეში კი მემორიალი, “გმირთა სავანე”, დგას.
გავდივართ სოფლებს, გლეხები უთენია წამომდგარან, ზოგი ვენახში მუშაობს, ზოგიც ნახირს ერეკება. რამდინიმე, სახლის წინ გასაყიდ კუთხეს ამზადებს და ზედ, ჩურჩხელებს და ნაირ- ნაირ ნუგბარს კიდებს.
სოფელ მანავში შევედით, მაღლა მთაზე ციხე გამოჩნდა. შემდეგ უფრო ტრიალი მინდვრები დაიწყო, ვენახები, ყანები.
ჩალაუბანთან მარცხნივ ავუხვიეთ, გურჯაანის გზაზე გავედით და ყველაწმინდას სანახავად წავედით. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ორგუმბათიანი ეკლესია, VIII-IX საუკუნეშია აგებული. ასფალტიანი გზა ეკლესიის ეზოს გალავანთან დამთავრდა, ჩამოვედით და კარიბჭიდან შევედით. შემოსასვლელში აგურიანი სახლი დგას, ეზოში ლამაზი ყვავილებია, ხოლო კედელთან შავი ყურძენი დაურგავთ. ტაძრისკენ მიმავალი გზა გვერდებზე ხეებშია ჩაფლული, ზოგან შვინდია, ახალდამწიფებული წითელი ნაყოფით.
ეკლესია აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, შუა ნავი, კედელ-კამარა-გუმბათები კი აგურით. გუმბათი გადახურულია ღარისებური კრამიტით. ტაძრის გვერდით ქვევრები და ხის სკამებია. ეკლესიაში შევდივართ, ვათვალიერებთ ყველაფერს, შემდეგ ცოტა ხანი ვისვენებთ, სურათებს ვიღებთ და ვბრუნდებით ავტომობილთან. გალავნის გარეთ ახალი, აგურიანი შენობაა, რომლიდანაც ლამაზი გადასახედია გურჯაანზე, კახეთის დაბლობზე და თუ კარგი ამინდია კავკასიონის მთებიც ჩანს.
დავიძარით ლაგოდეხისკენ. ამ გზაზეც უმეტესად ვენახები და ატმის ბაღებია გაშენებული. ერთ ადგილას თონეში ცხელი კახური პურებიც ვიყიდეთ, მწვადს მოუხდება. გადავიარეთ ალაზნის ხიდი, სოფელი აფენი, კოხტა ეზოანი სახლებით. 11 საათზე სოფელ ხიზაბავრის ბოლოს, გურგენიანის რეინჯერთა საგუშაგოსთან ვაჩერებთ ავტომობილს. დილის მიუხედავად უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია და კიდევ უფრო მოიმატებს. გურგენიანის იგივე ნინოსხევის ჩანჩქერის სანახავად წასვლამდე, საინფორმაციო ცენტრს ვეცნობით, რომელიც გვატყობინებს რომ ჩანჩქერის სიგრძე 40 მეტრია, გასავლელი მანძილი 8,5 კმ, ტყეში მრავალი სახეობის მცენარეა და შესაძლოა შველს, ირემს, კალმახს, ანდაც გარეულ ღორსაც შევხვდეთ. სამწვადეს და სასმელს მანქანაში ვტოვებთ, რომ დავბრუნდებით თუ იქნა ადგილი მდინარის ნაპირზე შევწვავთ.
ავავსეთ წყლები და გავუყევით საფეხმავლო გზას, რომელიც მალევე მდინარეს მიადგა და გადალახვა დაგვჭირდა. გზადაგზა მრავლად გვხვდებიან ტურისტები, ზოგს კარვებიც გაუშლია. ლამაზი სანახაობაა, დიდ თეთრ ლოდებზე ნინოსხევის მდინარე მოგუგუნებს, კალაპოტს გვერდებიდან მაღალი ხეები დაჰყურებენ და მწვანეშია ჩაფლული. ბილიკი ხან მდინარის პირას ტყეში მიდის, ხანაც მდინარის კალაპოტში, რამდენჯერმე წყალში გადატოპვაც დაგვჭირდა, რომელიც არც ისე დიდია და პრობლემასაც არ გვიქმნის. ზოგან პატარა ხის ხიდებიც გვხვდება, რომელთანაც ასევე კარგი ფოტოც გამოდის. ბუნება მართლაც მრავალფეროვანია.
ერთ ადგილას ტყეში შევისვენეთ, მაღლა გორაკი სუროთი და გვიმრებით იყო მოფენილი, ასეთი ლამაზი კონტრასტია მხოლოდ ნახატებში თუ გვინახავს. თანდათან მაღლა მდინარეზე წყალვარდნებმაც იმატა, ერთგან მეტრანახევრიანი პატარა ჩანჩქერიც დაგვხდა. აქ უკვე დიდი ჩანჩქერის ხმაც ისმის.
აღმართზე კოხტა ასავლელი ბილიკია, ხის ფესვები ხელოვნურად დამზადებულ კიბის საფეხურებს მოგაგონებს. გურგენიანის ჩანჩქერიც გამოჩნდა, დიდი 40 მეტრიანი ვარდნილის გარდა, ქვემოთ კიდევ ორი, ორ-ორ მეტრიანი ვარდნილებია. მთავარ ჩანჩქერთან მისასვლელად, პირდაპირ მდინარით, ქვებზე ასვლა ასე შიშველი ხელებით ძნელია, ამიტომაც მარჯვნიდან ბილიკით, მაღლიდან მოვუარეთ. აქაც ცოტა გაუჭირდა რამდენიმეს გადმოსვლა. ჩანჩქერიდან 10 მეტრშიც საკმაოდ აღწევს წყლის წვეთები, რამდენიმე შიგნით ჩაჭყუმპალავდა, ზოგიც კი მეორე კასკადზე, სადაც აუზი გაუკეთებია ჩანჩქერს, ხტებიან. ლამაზი სანახაობაა, სხვა ჯგუფის ტურისტების ნაწილი მაღლა დიდ ჩანჩქერზე ადის ბილიკებით. მთავარი ჩანჩქერი საკმაოდ მაღალი და წყალუხვია.
ვიჯერეთ გული ამ სანახაობით, ახლა უკვე საკმაოდ გვშია. წამოსვლა უფრო ადვილი გამოდგა, გზაც კარგად ვიცოდით და მისავლელ მოსავლელიც. ჩანჩქერთან კარვები იყო გაშლილი და დამსვენებლები მზეს ეფიცხებოდნენ.
ახლა უკანა გზაზე უფრო ყურადღებით ვათვალიერებთ ბუნებას, მაღლა ქორმაც გადაიფრინა, თუმცა დაპირებული შველ-ირემი არ ჩანს. 7-ის ნახევრისთვის დავბრუნდით ბაზაზე. აქაურობა სავსეა ტურისტებით, სადმე თუ მაგიდა ან კარგი დასაჯდომია მდინარესთან ყველა დაკავებულია, მიდის მწვადების წვა და ჭამა-სმა.
უკან წასვლა და ადგილის ძებნა გვიანია, კიდე უფრო დაგვიღამდება, ცოტა ქვემოთ დამცავი ნაგებობისკენ, მდინარის პირზე თეთრ ქვებზე ვიპოვნეთ ცარიელი ადგილი. სამწვადე გვირილებით მოჭედილ მინდორში დავტოვეთ, ქვიშაზე უცებ ავანთეთ ცეცხლი და მწვადიც ავაცვით, თუმცა რად გინდა ხახვი არა გვაქვს. თუ საქართველოა, მეზობელი ყველგან მეზობელია და გვერდით მჯდომ ტურისტებს ვთხოვეთ ორი თავი ხახვი, რომელთაც დიდი სიამოვნებით ოთხი გვიწილადეს. ორი მოვიხმარეთ, ორი კი მოვიტოვეთ, ხომ შეიძლება ჩვენნაირი უხახვო მეზობელი გამოჩნდეს. ასეთი კი მალევე გამოჩნდა და ორივე ხახვი მადლობაში გავუცვალეთ.
მდინარის პირზე კარგი მწვადი აშიშხინდა, ერთ დიდ ქვაზე გავშალეთ სუფრა და სრულ დაღამებამდე ვიქეიფეთ. ცოტა მძღოლი შემოგვეჩაგრა, რომელმაც ვერ დალია.
დაღამებულზე გამოვედით და თბილისშიც გემრიელად ჩამოვედით, ცოტა უკმაყოფილოები მაინც დავრჩით, შეპირებული შველ-ირემი და კალმახი ვერ ვნახეთ.