“მაინც იქ დავბრუნდი, საიდანაც ის წამოვიდა.”

  • Home
  • ბლოგები
  • “მაინც იქ დავბრუნდი, საიდანაც ის წამოვიდა.”

ჩემი მეგობრის ოცნებაა, რიოში წავიდეს. ხშირად ამბობს ხოლმე, მარტო მანდ დავისვენებ ისე, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მეყოს იქ დაგროვილი ენერგიაო.

გაგიკვირდებათ და მეც, ამ ზაფხულამდე, ვიჯექი და მთელი მონდომებით, რაც კი ჩემში არსებობდა, Google-ში ვეძებდი ისეთ ადგილებს, რომელბსაც ჩემი გაბედნიერება და იმდენი ენერგიის მოცემა შეეძლოთ, რომელიც მთელი დაღლილი ცხოვრება გამყვებოდა. როგორც იქნა მივედი იმ ვერდიქტამდე, რომ ნიუ–იორკში უნდა მემოგზაურა!

* * *

ამ ზაფხულს საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ სულაც არ მინდოდა არც რომი, არც პარიზი ან ნიუ–იორკი, არც რიო იმისთვის, რომ ჩემს მოგზაურობას „მოგზაურობა“ დარქმეოდა…

ამ ზაფხულს მე მთაში ვიყავი, ხევსურეთში, ხის პატარა სახლში როშკის გზაზე და მე ვიმოგზაურე!

როგორც ზღაპრებს იწყებენ ხოლმე, ისე მინდოდა, ამ ამბის თხრობა დამეწყო, მაგრამ „იყო და არა იყო რა“ ბავშვრობიდან ძალიან ბანალურად მეჩვენებოდა, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყურის გავლით ჩემს გონებაში მოხვედრილი ზღაპრების 99% ,სწორედ ,ამ ფრაზით იწყებოდა.

მოკლედ, ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ავიკარი გუდა და ნაბადი, არადა,უბრალოდ, ჩემი ზურგჩანთა და წავედი. იდეა ერთი მქონდა, სადმე უნდა წავსულიყავი. ისე, ჩემთვის… ავდექი და ხევსურეთის გზას დავადექი. ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მითხრა ერთხელ, თუ გინდა,გაიგო, როგორია, როცა დილით გაღვიძება არ გეზარება, როშკაში უნდა წახვიდეო. მაშინ როშკამდე ვერ ავედი. როცა ზაფხულის წვიმისგან ატალახებულ აღმართს მივუყვებოდი, რომელიც როშკისკენ მიდიოდა, გზად ერთი პატარა სახლი დავინახე, საკვამურითა და პატარა ბაღით. შევნიშნე, რომ საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, სავარაუდოდ, უკვე მინელებული ცეცხლის… ავდექი და წავედი!ჰო, იმ სახლში უნდა მივსულიყავი. მოუთმენლად შევაღე კარი და იმედიანი თვალები იმწამსვე ჩამიქრა, შიგნით არავინ დამხვდა, მე კი მინიმუმ საყვარელ პაპა–ბებოს ველოდი პატარა,ხუჭუჭა შვილიშვილთან ერთად. სახლი მეტწილად ხის იყო, მყუდრო და ,აშკარად, ძველი… ვიფიქრე, რომ სახლის ბინადარი(ან ბინადრები) გასულები იყვნენ და მალე დაბრუნდებოდნენ, ამიტომაც გადავწყვიტე, დავლოდებოდი… ხელი არაფრისთვის მიხლია, უზრდელობად რომ არ ჩაეთვალათ (თავს ისედაც ცუდად ვგრძნობდი, დაუპატიჟებლად რომ შევვარდი სახლში.დიახ, „შევვარდი“ ძალიან სწორი სიტყვაა ჩემი ქმედებისთვის.). ხის სკამზე დავჯექი და კარს დაჟინებით დავუწყე ყურება. ადვილი მისახვედრია, რომ ასე დიდიხანს ვერ გავჩერდებოდი და ცოტახნის გასვლის შემდეგ სახლს თვალებით დავუწყე თვალიერება, როცა ჩემს წინ ,მაგიდაზე ფურცელი შევნიშნე „კლაკნილი ხაზებით“. ფურცლის თავში შედარებით დიდი ასოებით დაწერილი სიტყვა დავინახე : „წაიკითხე!“. ჰოდა, მეც დავიწყე…

 

„ ამ მხარეში ყველამ იცის, რომ ამ ხის სახლში 76 წლის ჭირვეული ჯარჯი პაპა ცხოვრობს, რომელსაც არ უყვარს ხალხმრავლობა და ქალაქი. სწორედ ამიტომ წამოვედი ქალაქიდან ოცდაათი წლის წინ,როცა ჩემი ცოლი გარდაიცვალა. ასე შემოვრჩი ამ მთის ფერდობზე და აქედან წასვლა არც ადრე მომსვლია აზრად და არც ახლა არ მინდა. შენ ახლა ზიხარ და კითხულობ წერილს, რომელსაც 2011 წლის 15 აგვისტოს ვწერ და ფიქრობ, რომ … ანდა, მე საიდან უნდა ვიცოდე, ახლა რას ფიქრობ?! გზად ბევრი ახალგაზრდა გოგო–ბიჭი დამინახავს და ვიცი, შენც ერთ–ერთი მათგანი ხარ, რომელიც როშკისკენ მიდიოდა და გზად შემოაღამდა… თავს უხერხულად ნუ იგრძნობ, ხის მაღალ კარადაში რამდენიმე პლედი დევს, თუ ერთით ვერ გათბი დანარჩენების აღებაც ნუ მოგერიდება.

დილით ადრე ადექი თუ გინდა, რომ გამიგო, რატომ აღარ დავბრუნებულვარ იქ, საიდანაც შენ მოხვედი.“

რამდენი წუთი ვიჯექი გაუნძრევლად არ მახსოვს, მაგრამ რომ გამოვფხიზლდი, გარეთ აღარაფერი ჩანდა. ფანარი ავანთე და ხის კარადა გამოვაღე, საიდანაც ორი პლედი გამოვიღე.ფანჯრის ქვემოთ, პატარა ტახტზე დავწექი, თვალები მაგრად დავხუჭე, იქნებ, დამეძინოს–მეთქი, მაგრამ როგორ უნდა დამძინებოდა?! დამეძინა…

დილით ადრე გამეღვიძა(საბედნიეროდ). ავდექი, პლედები აკურატულად დავკეცე და თავის ადგილს დავუბრუნე, ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავედი. რაც კარს იქით დამხდა, იმის აღწერა კი როგორც არ უნდა ვცადო, მაინც ვერ აღვწერ.

 

მე არ ვყოფილვარ არც პარიზში, არც რიოში და არც მსოფლიოს სხვა წერტილში.

ამ ზაფხულს მე მთაში ვიყავი, ხევსურეთში, ხის პატარა სახლში როშკის გზაზე და მე ვიმოგზაურე! ვიმოგზაურე და გავუგე! გავუგე და მაინც იქ დავბრუნდი, საიდანაც ის წამოვიდა.