სამი საათი ავტობუსის მოსვლამდე.. თექვსმეტი საათი გზაში..და მე ახლა უფრო ახლოს ვარ ჩემი ყველაზე დიდი ოცნების ასრულებასთან…
ოცნება, რომელიც ერთდროულად ახდენილიცაა და შინაგანად კვლავ ელოდება ახდენას !
ამ ქალაქს თავისებური თავბრუდამხვევი ემოცია მოაქვს, შოკოლადსა და ქოქოსში ამოვლებული ვაშლების,ვაფლების,კრეპ ნუტელას,მაფინებისა და ქაფქეიქების მადისაღმძვრელი გემო დაჰყვება,შანელისა და დიორის სურნელი აქვს , რომელიც გათავისუფლებთ შეზღუდვებისაგან და ამძაფრებს გრძნობებს! დახვეწილი მოდის,სტუმართმოყვარეობისა და თავაზიანი ღიმილის ქალაქია პარიზი.
სინათლის,მუსიკისა და ფერების მთელი სამყაროა. აქ დრო თითქოს ჩრდება და გარშემო ყველაფერი იყინება და შენც ამ დიდებულ სამყაროში გითრევს.
პარიზს მელოდია დაჰყვება თან , ფრანგული შანსონი. ეს არის ადგილი რომელიც ერთი ნახვით გიყვარდება.
ვცდილობ ღრმად ჩავისუნთქო პარიზული ჰაერი, ფილტვები ბოლომდე შევავსო ჟანგბადით სუნთქვა რომ არ შემეკრას!გვიან ღამე იყო თუ ადრეული დილა ვერ გავარკვიე,ეიფორიაში ვარ! ჩუმად ბურუსში გახვეული ახალშობილი ბავშვივით გაფაციცებით ვათვალიერებ გარემოს და ხმებს ! ვცდილობ გამოვერკვე და ამასობაში ჩემ თვალწინ დედოფალივით თავდაჯერებულად დგას პარიზის სიამაყე და მასთან შესახვედრად მიხმობს !
ეიფელის კოშკი თითქოს დამალობანას მეთამაშება… გასაოცარია – ჩემ გვერდით ხან მარცხენა მხარეს გაჩნდება, ხან მარჯვნივ და ხანაც წინიდან მეციმციმება. მოჩვენებასავით ყოვლი მხრიდან ჩანს. უცნაური შეგრძნებაა- ვუახლოვდები და თითქოს ვშორდები !
ყველაფერი ფილმივითაა.. ქუჩები..მდიდრული მაღაზიები..ბუტიკები..მოდა.. განათებები.. კაფეები.. არქიტექტურა..აივნები..ქუჩის რიტმი…ხმაური..საზოგადოება..და თითქოს შენც ამ ფილმის მთავარი გმირი ხარ.. ელოდები შუაღამის პარიზში ძველებური მანქანა როდის გაგიჩერებს სასტუმროსთან და პარიზული ცხოვრების სამყაროში გამოგზაურებს.
ხშირად მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი ოცნების ქალაქი. ხელჩაკიდებული ვისეირნებდი ჩემს ცხოვრების სიყვარულთან ერთად შანზ-ელიზეზე, ტრიუმფალურ თაღქვეშ სიყვარულის ფიცს მივცემდით ერთმანეთს, ხელოვნების ხიდზე ჩვენი სიყვარულის ნიშნად ჩაკეტილი ბოქლომის გასაღებს ვისროდით წყალში.. ეიფელის კოშკზე ვივახშმებდით და დილამდე ფეხით ვისეირნებდით პარიზის ქუჩებში..
ქალაქში,რომელსაც უფრო მეტი სახელი აქვს ვიდრე ქალაქის დასახელება, ეძახიან სიყვარულის , სინათლის, ფუფუნების ქალაქს..ჩემთვის კი მხოლოდ პ ა რ ი ზ ი ყველაფრის მთქმელია !
ჩასვლის წამიდან მკაცრად გადავწყვიტე,რომ ტრანსპორტით არ მესარგებლა,ეს იყო შანსი შევხებოდი პარიზის თითოეულ დეტალს,მისი სიახლოვე მეგრძნო და მენახა ის ისეთი როგორიც არის!
იქ სადაც ელისეის მინდვრები მაღლდება დიდი მოედანია, მოედნის შუაგულში აღმართულია უმშვენიერესი ტრიუმფალური თაღი.
მივუახლოვდი თუ არა, მხოლოდ კი არ ვიგრძენი, საკუთარი ყურით გავიგონე ჩემი გულის ბაგა-ბუგის ხმა… მგონი ფერიც დავკარგე… არვიცი გრძნობები ამერია,ყველაფერი ერთდროულად კინოკადრივით დატრიალდა გონებაში.. გამახსენდა რემარკი.. 1938 წლის პარიზი.. რავიკი..ჟოანი..კალვადოსი..
ტკივილი..სევდა..ირონია..დუმილი..უჰაერო სივრცე.. განუზომელი სიყვარული..
ფიქრებაშლილი და დაბნეული არც კი ვიცი როგორ აღმოვჩნდი ტრიუმფალური თაღის უმაღლეს წერტილში,არ მახსოვს როგორ ავიარე კიბის ხვეულები მხოლოდ მაშინ გამოვიღვიძე სხივებივით განფენილი პარიზის მთავარი ავენუები რომ დავინახე.
ჩემ თვალწინ ათასფრად აბჭყვიალდა პარიზი ! მინდოდა წამი შემეჩერებინა,სამუდამოდ დამემახსოვრებინა გონებაში ეს მშვენიერება..გულში ვიმეორებდი ფოტო,ფოტო უნდა გადავიღო რომ სამუდამოდ დამრჩეს ეს წამი მაგრამ ვიცოდი რომ უნდა მეჩქარა წინ ჩემი ბავშვობის ოცნება მელოდა !
ნოტრ დამი – გოთიკური სტილის კლასიკა ! სისადავის ზეიმი ! ორმანეტებითა და ჩუქურთმებით შექმნილი დაუჯერებელი ქმნილება რომელიც წარმოუდგენელია ნახო და შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება არ მოახდინოს.
დამუნჯებული ვათვალიერებდი ტაძარს და ვტკბებოდი მისი თითოეული მოხაზულობის სიდიადით- ქვა თითქოს დიდ და შთამბეჭდავ ისტორიას მოგითხრობს.. სიყვარულის პარიზულ ამბავს..
შემდეგი გაჩერება გრანდ ოპერასთან ქუჩის მუსიკოსი საოცარ მელოდიას ასრულებს. ოპერის უკან, ქუჩაზე კი პარიზული ცხოვრება ჩქეფს- დახვეწილი მოდითა და შოპინგით.
პარიზი ისეთი ქალაქია,დაღლა რომ არ იცის. ერთი ჩასუნთქვით უნდა ჩაეშვა მისი ცხოვრების მორევში ისე თითქოს ზღვისფსკერამდე ცდილობდე ჩაღწევას, პარიზში ხომ დრო არასდროს გყოფნის. დღეები,საათები,წუთები,წამები ხელიდან გრცლება და პარიზული რიტმის ქარბუქში იფანტება.
მოსაღამოვდა,დიდი პარიზული ჩირაღდანიც გაანათეს.გინახავთ მოწითალოიისფერმოვარდისფროდ აკიაფებული ღრუბლები? სწორედ ისეთი სიზმრის ბოლოს რომ გამოჩნდება ხოლმე. ამ ფერთა გამას დიდებულად შერწყმია ლითონის კონსტუქცია, ეს იმდენად შენია რომ გეჩვენება თითქოს სადღაც ოდესღაც კიდევ გინახავს ,,მადმუაზელი” ! შენთან ისე ახლოს არის ეს განუზომელი სილამაზე რომ შეგიძლია ხელოთაც კი შეეხო! შეიგრძნო და შეიყვარო!
ყურში გამუდმებით ,, Sous Le Ciel De Paris” ჩამესმის და მინდა ვიყვირო ვიყვირო და ყველას გავაგებინო, როგორ მიყვარს ეს ქალაქი! მიყვარს თავდავიწყებით ! ასე გიჟივით ! მიყვარს ღამით ხმაურიანი,მხიარული,ბოჰემური ქუჩები, მე ის სიჩუმეც მიყვარს სისხამ დილით რომ სჩვევია პარიზს. როგორ შეიძლება არ მიყვარდეს ქალაქი რომელიც სულ ფერადია,სუსხიან ზამთარშიც კი ფერადია.
გერმანელი პოეტი ჰაინრიხ ჰაინეს მსგავსად მეც მგონია რომ ,,როცა ღმერთი ზეცაში მოწყენილია,ის ფანჯრებს აღებს და პარიზის ბულვარებს უყურებს.”
მე კი ყოველთვის წარმოვიდგენ,ჩემ თავს ჩემი ოცნმების ქალაქში – შევხვდებით პარიზო !