უძირო ტბა რომ ძირიანი აღმოჩნდა !

ამბავი სამი დღისა.

ყველა ჩვენთაგანს გვაქვს აფეთქება, როცა მუხტი და ემოციები მიაღწევს ტვინის ბოლო წერტილამდე და შემდეგ ფეთქდება, სწორედ მსგავსს მდგომარეობაში ვიყავი რამოდენიმე თვის წინ, როდესაც ემოციებისგან დასაცლელად ერთერთი ყველაზე რთული მარშუტი ავირჩიე. ყოველკვირეული ტურების შემდეგ ჯგუფმა რომელიც 4 კაცისგან შედგება გადავწყვიტეთ, სეზონი უძირო ტბის ფანტასტიური ხედებით დაგვესრულებინა, მაგრამ ამ დროს არცერთს არ წარმოგვედგინა რომ ეს მხოლოდ საწყისი იყო მიღებული ემოციებისა, რომელმაც სისხლი მოგვიწამლა და ბუნების მაძებრად გვაქცია.

რაჭაში ორ სოფელს შოვსა და გლოლას შორის, ცხრა მთასა და ცხრა გორს იქეთ, მდებარეობს ქალბატონი უძირო ტბა, ქალბატონი იმიტომ რომ მისი ნახვის სანაცვლოდ ის სულს ითხოვს შენსგან. დილის 6 საათზე ჩანთებით, კარვებით, სანოვაგით დახუნძლული წავედით ფოთიდან რაჭის მიმართულებით, მთელი გზა წინ გვეშლება მთები, ხელს ვიშვერთ უმაღლესი ალპური ზონისკენ და გავიძახით “ნეტავ იქ თუ ვინმეს დაუდგამს ფეხი” არადა წარმოდგენაც არ გვაქვს რომ სწორედ ამ კლდის გადავლა გვიწევს რამოდენიმე საათში, სოფელში მანქანა ადგილობრივ ოჯახში დავტოვეთ, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა მარშუტის შესახებ, გაგვაფრთხილა რომ რთული გზაა ბევრი ტურისტი მაშველების დახმარებას საჭიროებდა და გზის გავლას 7-8 საათი დასჭირდება, რისთვისაც მზად არცერთი ჩვენგანი ვიყავით, თუმცა თამამად ავუყევით ბილიკს. პირველივე აღმართმა მაგრძნობინა რომ წინ ქანცგამწყვეტი გზა მელოდა, სწორედ ამ აღმართის ავლისას ვიგრძენი რომ ჩანთა ზედმეტად მამძიმებდა და მასში გამოსასვლელი კაბების ჩადება, და კილოობით ხილის წაღება ცუდი იდეა იყო, რამოდენიმე საათი ტყეში დადიხარ სულ აღმართია და მაშინ როდესაც გადაწურული გაქვს ყველანაირი იმედი მდელოს დანახვის ტყიდან პირდაპირ მზის გულზე აღმოჩნდები, წინ კი მედიდურად აღმართული კატიწვერა მოსჩანს, აი ის მწვერვალი ფოთის გზიდან რომ თითს ვუშვერდით, 4-5 საათი ამ მდელოებში სწორ გზაზე გიწევს სიარული, მაშინ როდესაც გგონია რომ ტბასთან მიხვედი აღმოაჩენნ რომ სულ რაღაც 500 მეტრი გაგივლია, ყველანი დავიღალეთ უკვე უიმედოდ მივზდევ ჯგუფს და რაციაში უხმოდ ჩასძახი  “გამოჩნდა ტბა”, მათი პასუხი კი ისევ უარყოფითია, მთელი გზა ვფიქრობ რომ უკან გავბრუნდები მაგრამ მახსენდება რომ მანძილი წრიულია და უკან წასვლას აზრიც არ აქვს, აღმართები კი არ წყდება, ერთმანეთს ვკარგავთ და ისევ ვპოულობთ ვცდილობთ ავასწროთ ერთმანეთს და ზევიდან დავუყვიროთ რომ ტბა დავინახეთ და ის მართლაც იქაა, მაგრამ უიმედო აღმართს მეორე უიმედო აღმართი მოყვება, საბოლოოდ დაგვაღამდა და აღმოვჩნდით ალპური ზონის წინაშე.

გადავწყვიტეთ, ღამე კატიწვერას ძირში გაგვეთენებია და დილას განახლებული ძალებით გადაგველახა კლდოვანი ზონა, კარვების გაშლა მოვასწარით და წვიმა, ქარი და თოვლი ერთბაშად დაგვესხა თავს. მთელი ღამის უამინდობის შემდეგ გამთენიისას რაც დავინახეთ ნისლით დაბურული დათოვლილი კატიწვერა იყო, ერთადერთი რაც შეგვეძლო ავშლილიყავით და აგვევლო ყველაზე დიდი აღმართი სანამ ნისლი მოგვისწრებდა. ფეხის სველ ქვაზე დაცდენის, ოთხით სიარულის უამრავი შესვენებების და ნისლის ბურუსში გახვევის შემდეგ ეს მთაც ავიარეთ, ამდენი წვალების შემდეგ კი მწვერვალის ბოლოში ბუნებამ საჩუქარი დაგვახვედრა ტბის სახით, დიახ ის იქ იყო, ათას მთაში ჩამალული, პატარა მშვიდი, ხვლიკივით ფერცვალებადი უძირო ტბა., რომელმაც დაგვავიწყა დაღლა დაგვავიწყა ჩვენი გოდება მთელი ამ გზის მანძილზე, და შეგვმატა ახალი ენერგია.

ტბასთან მისვლის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაგვეშალა ულამაზესი ხედი რაჭის კავკასიონსა და მდინარე ჭანჭახის ხეობაზე, კარგი ამინდი დაემთხვა ამიტომაც შევძელით სვანეთის მწვერვალების ხილვაც. კამკამა ტბის ზედაპირზე მის თავზე წამოყუდებული მწვერვალების მიმზიდველი სილუეტები ირეკლება , რაც განსაკუთრებით ხიბლავს და ამაღლებულ განწყობას გვიქმნის, წყალი კრიალაა და ყოველი კუთხიდან სხვადასხვა ფერის გეჩვენება, ეხები ფრსკერს და ფეხის დადგმასაც გრძნობ, აქ უკვე გიჩნდება კითხვა რატომ “უძირო ტბა” ?

რამოდენიმე საათში ვტოვებთ, ამ ტბას და ვგრძნობთ რომ ყველა აღმართს დაღმართი მოსდევს მაგრამ არც ეს დაღმართია მარტივად გასავლელი და კომფორტული, ვემზადებით დაშვებისთვის, და ენერგია მოზღვავებული 3 საათში ჩამოვდივართ სოფელ გლოლაში.

საიდანაც 2 კილომეტრის გავლა გვიწევს სოფელ შოვამდე რომ მივიდეთ მანქანასთან, ბევრი სიარულის შემდეგ მივადექით ნაცნობ ეზოს, დავინახეთ ნაცნობი მანქანა და გარეთ გამოსული მასპინძელი რომელიც ბოლთას სცემს და ჩვენს მოლოდინშია, რაჭულ სუფრაზე და ქართულს სტუმართმასპინძლობაზე არაფერს მოვყვები, არც ზევით მომიყოლია ყველაფერი რაც განვიცადეთ და ვიგრძენით, ორი მიზეზით ამას ვერ გადმოსცემ სიტყვით ისე როგორც შეეფერება და მეორე ყველა ბუნებასთან შეხების შემდეგ ემოციის გარკვეული ნაწილი შენში უნდა დაიტოვო და არ გასცე, რადგან არის ემოციები რომელიჩ შენია, შენშია შენმა თვალებმა ნახე და მხოლოდ შენ გეკუთვნის, ამიტომ მეც დავიტოვებ ჩემში ჩემებურ უძირო ტბას.

 

Tags: