ანაპურნას ამბები

შესავალი

ჰარმონიის თესლები მოფანტულა ზეცას
და რომელიც გაიხარებს ვარსკვლავებად ფეთქავს…
ანაპურნას მასივში სალაშქროდ პირველად 2000 წელს ჩამოვედი, მარშუტის სიგრძე 160-დან 230 კმ. ხოლო მთავარი უღელტეხილი ტროლონგ-ლა, ზღვის დონიდან 5,416 მ. მდებარეობს და ტიბეტის პლატოს ესაზღვრება.
ანაპურნას მასივი ოთხ მთავარ მწვერვალს აერთიანებს _ დაულაგირი, (8167 მ.) მაჩაპუჩრე, (6993 მ.) მანალსუ, (7455 მ.) და ტილიჩო (7134 მ.) _ ურთიერთს სილამაზეში ეჯიბრებიან, ავსებან, ენაცვლებიან, სულის მიზანს ამხელენ, სიმამაცეს ითხოვენ და გონების გულთან მეგობრობას გევედრებიან.
მოგზაურობა სპონტანურად დაიწყო, თბილისიდან სტამბულში ავტობუსით ჩავედი და თუმცა ახალი გათენებული იყო მკვდარივით დამეძინა.
დამესიზმრა, თითქოს ჩემი შეყვარებული შავი გველი იყო და ღიმილით მიახლოვდებოდა, მაგრამ სიზმარი რისი სიზმარია თუ გააცნობიერე რა ხდება. გველის შემეშინდა და მანამ გავკიოდი, სანამ საიდანღაც სინათლის სული არ გამოჩნდა, მარჯვენა ხელში სინათლისავე მახვილი გადმომცა და გველი ორად გავჭერი. მერე მასთან მივედი და ვკითხე ხო შხამიანი იყო-მეთქი, მაგრამ თავი მამასავით გააქნია შვილის უტვინობას რომ ვერაფრით შველის, მანიშნა რომ წასვლის დრო იყო და გამეღვიძა.
მაშინ რას ვიფიქრებდი რომ თურმე ბნელი და ნათელი, განცდა და ემოცია, ქალი და კაცი, ერთი არსის ორი თვისებაა ჩემში, ხოლო ‘მე’ მათი გამაერთიანებელი ‘ინდივიდუალური ცნობიერება.’ მაშინ რას ვიფიქრებდი რომ ცნობიერების სისუსტე ყოფილა არსის პოლარიზაციის მიზეზი, რომ მატერიალური სხეული რეინკარნაციაა არსებული დონის ცნობიერების, მაგრამ ამავე დროს ევოლუციის საშუალება.
მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, დაღვინდა, ბევრი სასწაულებიც მოხდა, მაგრამ აქვს კი აზრი მათ თხრობას თუ ვერავინ გაიგებს ნათქვამს, თუ სუბიექტურია სულიერი გამოცდილება. ისიც კი არ ვიცი თუ ვისთვის ვწერ ამ დღიურს, ალბად პირველ რიგში ჩემივე თავისათვის, რამეთუ ასე არსებული ცნობიერების რეფლექციას ვახდენ, უკეთესად ვგებულობ განცდილს და ადამიანის ფსიქო-ს უსასრულო პოტენციალს ვხედავ.
ბევრი რომ აღარ გავაგძელო, ნეპალში ათი დღის წინ ჩამოვედი, ხვალ კი 16 წლის წინანდელ ნალაშქრებ ბილიკებს კიდევ ერთხელ ვთხოვ დახმარებას. ვნახოთ რას მეტყვიან ჰიმალაის მწვერვალები ახალს, რითი გამინათებენ გულსა თუ გონებას.